„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციის პროცესს ეხმიანება

17-05-2022 22:36:57 ევროპა

„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი, პარტია „ეროვნული კორპუსის“ ლიდერი ანდრეი ბილეცკი აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ დამცველებთან კავშირზე იმყოფება და ითხოვს, პოლკის ევაკუაციის მსვლელობის კომენტირება არ მოხდეს.

მისი თქმით, 2-3 დღეში თავად გარნიზონი განაცხადებს ოპერაციის მიმდინარეობაზე.

„ბიჭები 82 დღე წარმოუდგენელ პირობებში იბრძოდნენ. 70-ზე მეტი დღის განმავლობაში აკავებდნენ მტერს სრულ ალყაში მყოფები და მტრის უდიდესი უპირატესობის, საშინელი საავიაციო, სახომალდე, არტილერიისა და სხვა დაბომბვების პირობებში. მათ ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც უნდა შევიდეს სამხედრო სახელმძღვანელოებში. ახლა მთავარი ამოცანაა, „ფოლადის ადამიანების“ გადარჩენა, ისინი ჯერ კიდევ დასჭირდებიან, რა თქმა უნდა, უკრაინას. ახლა მთავარია: საკუთარი ვარაუდებით მებრძოლთა გადარჩენას არ ვავნოთ. ამიტომ, უდიდესი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც აზრის გაზიარება სურს, თუ რა ხდება "აზოვსტალში", ან მათთან, ვისაც რაღაც „საიდუმლოებები“ აქვს და სურს, მთელ მსოფლიოს გაუზიაროს - თქვენთვის დაიტოვეთ. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში თავად გარნიზონი დაადასტურებს, როგორ მიმდინარეობდა ყველაფერი“ , - წერს ბილეცკი „ტელეგრამ –არხზე“.

Reuters–ის ცნობით, მარიუპოლის "აზოვსტალის" ტერიტორია სულ მცირე, შვიდმა ავტობუსმა დატოვა რუსული ძალების კონტროლის ქვეშ. ავტობუსში იმყოფებდნენ უკრაინელი დამცველები.

გამოცემის ინფორმაციით, ავტობუსებში მჯდომ ზოგიერთ უკრაინელ სამხედროს დაზიანების ვიზუალური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

Reuters-ის ჟურნალისტებს არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად სად გადაჰყავდა უკრაინელი დამცველები.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მარიუპოლის დამცველებს სარდლობამ დაავალა, გადაერჩინათ გარნიზონის პირადი შემადგენლობის სიცოხლე.

ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსული ძალების მიერ ბლოკირებული მარიუპოლიდან 53 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კიდევ 211 მებრძოლი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით დონეცკში, იელენოვკაში გადაიყვანეს, შემდგომში კი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ "ქალაქ მარიუპოლის დამცველებს სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ".

მისი თქმით, 20 ათასამდე რუსი დამპყრობლის ჯგუფის შეკავების და ზაპოროჟიეში არ გაშვების, დონეცკის რეგიონში შემდგომი გაშვების, მათ შორის კიევიდან ძალების გაყვანის ჩათვლით ბრძანება შესრულებულია და ამიტომ, "მათ ახლა ახალი ბრძანება აქვთ - სიცოცხლის გადასარჩენად ისინი უკრაინას სჭირდება. ეს არის მთავარი".

"დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის მოლაპარაკებები წითელი ჯვრის დახმარებით. შედეგად, ეს არის მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებულების ევაკუაცია ჩვენი გეგმაა მათი სიცოცხლის გადარჩენა და შემდეგ თავისუფლება".- განაცხადა მინისტრმა.

17 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა „აზოვის“ პოლკის „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარების და რუსეთში მისი მოქმედების აკრძალვის თაობაზე.

რუსული მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლო სარჩელს 26 მაისს დახურულ რეჟიში განიხილავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები