საოკუპაციო ძალებმა ზარდიანთკარის მახლობლად დე ფაქტო საზღვრის გავლება განაახლეს

18-05-2022 16:00:30 კონფლიქტები

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარი მახლობლად დე ფაქტო საზღვრის გავლება განაახლეს.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "სოფელ ხელჩუას შემოგარენში მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 700-მეტრიან მონაკვეთზე“.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული ხსენებული სოფელი ზარდიანთკარს ესაზღვრება.

ე.წ. სასაზღვრო სამსახური ამ უკანონო სამუშაოების მიზნად „ადგილობრივ მცხოვრებთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სახელმწიფო საზღვართან კანონსაწინააღმდეგო მისწრაფებების ლოკალიზებას“ ასახელებს.

„ამ ასპექტების გათვალისწინებით დესტრუქციულად მიგვაჩნია ცალკეულ პირთა ქმედებები, საკუთარი კონტრაბანდული და სხვა უკანონო ქმედებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც აფერხებს რესპუბლიკის სასაზღვრო ორგანოების საქმიანობას“, - ნათქვამია ე.წ. უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში. კონკრეტულად ვინ ეწევა „დესტრუქციულ ქმედებებს“, მითითებული არ არის.

ხელჩუასა და ზარდიანთკარს შორის „ბორდერიზაციას“ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მისი ინფორმაციით, უკანონო სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები 2022 წლის თებერვალ-მარტში დე ფაქტო საზღვრის მოწყობის სამუშაოებს ატარებდნენ გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელთან: კირბალთან, მეჯვრისხევსა და ჯარიაშენთან. კირბალის მონაკვეთზე საოკუპაციო გამყოფი ხაზი სოფლის სასაფლაომდე ჩამოსწიეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები