Accentnews.ge
„აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ“ – რაზე ისაუბრეს აბაშიძემ და კარასინმა

„აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ“ – რაზე ისაუბრეს აბაშიძემ და კარასინმა

19/05/2022 09:36:29 ინტერვიუ

რუსული საინფორმაციო სააგენტო tass-ის ცნობით, საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა “ქართველ კოლეგებთან სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თემაზე რეფერენდუმის საკითხი მოკლედ განიხილა”.

“ეს ერთ-ერთი ის თემაა, რომელიც ჩვენს ქართველ პარტნიორებს აღელვებს, ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს”, – განუცხადა კარასინმა რუსულ სააგენტო tass-ს. თუმცა, რომელ პარტნიორებს გულისხმობდა კარასინი, ვისთანაც “რეფერენდუმის” თემა განიხილა, არ დაუზუსტებია.

გარდა ჟენევის ფორმატისა, ერთადერთი ცნობილი არხი, რომლის ფარგლებშიც ქართულ მხარეს რუსულთან აქვს კომუნიკაცია, პრაღის ფორმატია. ამ ფორმატის ფარგლებში შეხვედრა ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში უნდა შემდგარიყო, თუმცა გადაიდო, არამიზანშეწონილად მიიჩნია რა დრო ქართულმა მხარემ. მას შემდეგ მსგავსი კომუნიკაციის შესახებ საჯაროდ ცნობილი არ გამხდარა. შესაბამისად, „აქცენტი“ საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა და კარასინის მიერ ხსენებულ თემასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.

ზურაბ აბაშიძე: შედგა ჩვენი სატელეფონო საუბარი. მან გააკეთა მოკლე კომენტარი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და ეს უყურადღებოდ არ რჩება მათი მხრიდან. მან ასევე თქვა, რომ „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული. მოგეხსენებათ, რომ ანალოგიური კომენტარი რამდენიმე დღის წინ კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც გააკეთა. რაც შეეხება პრაღის ფორმატში მორიგ შეხვედრას, ეს დღის წესრიგში არ დგას: ჩვენ ვთვლით, რომ ახლა ამის დრო არ არის. საავიაციო რეისების აღდგენის საკითხები არ განხილულა. მოკლედ განვიხილეთ ყაზბეგი–ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილი ვითარება. რუსეთის მხარეს მიმდინარე სამუშაოების გამო, ისინი ვერ ატარებენ სატვირთო ავტომობილების საჭირო რაოდენობას, რის გამოც საქართველოს ტერიტორიაზე თავი მოიყარეს, მათ შორის – სომხეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან რუსეთის მიმართულებით მიმავალმა სატვირთო ავტომობილებმა. კარასინმა აღგვითქვა, რომ შეძლებისდაგვარად მიიღებენ ზომებს ამ ვითარების დასარეგულირებლად. აი, ეს იყო ჩვენი საუბრის შინაარსი.

როდის შედგა ეს კომუნიკაცია?

გუშინ [18 მაისს – რედ].

როგორც ბრძანეთ, კარასინმა თქვა, ჩვენს პოზიციას ითვალისწინებენ „რეფერენდუმთან“ მიმართებით...

– ნუ, როგორც გითხარით, იციან ჩვენი დამოკიდებულების შესახებ.

ოკუპაციასთან მიმართებით ჩვენი დამოკიდებულების შესახებაც არიან ინფორმირებულნი და ამას რაღატო არ ითვალისწინებენ?

– არაერთხელ მილაპარაკია ამის შესახებ მასთან. აბსოლუტურად სრულყოფილად არიან ინფორმირებულნი. ჩვენი შეხვედრების დროს ყოველთვის ვსაუბრობდი ამ თემაზე.

– ბრძანეთ, შეხვედრა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნიაო. შეგიძლიათ, განმარტოთ ეს პოზიცია და როგორ იქნა გადაწყვეტილება მიღებული – პერსონალურად, მთავრობასთან კომუნიკაციით?..

– ეს ქართული მხარის პოზიციაა. რა თქმა უნდა, უკრაინის მოვლენებთან არის დაკავშირებული.

– ვრცელდება გარკვეული ინფორმაციები და ხშირად გამოითქმის შიშები, საქართვლო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ–ერთ გზად არ იქცეს. კომუნიკაციის დროს ამ თემაზე იყო საუბარი?

– მსგავსი თემა არასდროს განხილულა. ჩვენ ძალიან მკაცრად ვუდგებით ამ საკითხს. ეს კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მეგობრებმა. ამდენად, ეს თემა აბსოლუტურად ნათელია.

– შემთხვევით ვისარგებლებ და იგივე კარასინის (და არა მხოლოდ) კონტექსტში გკითხავთ. პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, მათგან „პოზიტიური“ შეფასებები გვესმის: იყო კარასინის მადლობა; თუ მანამდე აშშ–ის მარიონეტებად მოგვიხსენიებდნენ, ახლა თურმე სუვერენული პოლიტიკა გვაქვს და ა.შ. როგორ ფიქრობთ, რით დავიმსახურეთ?

– არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ.

თქვენ რა შთაბეჭდილება გექმნებათ...

– არ ვიცი, მათ უნდა ჰკითხოთ.

ამასწინათ მარია ზახაროვამ (მას არ განვიხილავ როგორც პერსონას, წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არც თუ დაბალი თანამდებობის პირს) განაცხადა, საქართველოს და რუსეთს აქვთ საერთო გამოწვევები, საერთო ინტერესები და ჩვენი ურთიერთობები უნდა განვითარდესო. თქვენ როგორ აღიქვამთ ამ გზავნილს?

– არ მახსოვს მსგავსი გზავნილი. მე რა კომენტარი უნდა ვაკეთო მარია ზახაროვას განცხადებებზე?

– საინტერესოა თქვენი აღქმა. შეუძლებელია, პოზიცია არ გქონდეთ როგორც გამოცდილ დიპლომატს, რეგიონის და უშუალოდ რუსეთის პოლიტიკის მცოდნეს... მაინტერესებს, როგორ აღვიქვამთ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არც თუ დაბალი რანგის წარმომადგენელი, სპიკერი ამბობს, რომ თურმე საქართველოს დ რუსეთს აქვთ საერთო გამოწვევები, ინტერესები და რომ ურთიერთობები უნდა განვითარდეს?

– ეს მათი პოზიციაა. ჩვენი პოზიცია კი ასეთია: რუსეთთან ჩვენ დიპლომატიური, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებიც კი არ გვაქვს. ანუ ამაზე დაბლა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები არ არსებობს. ვერ დამისახელებთ თქვენ სხვა ქვეყანას, რომელსაც ამაზე დაბალი ურთიერთობები ჰქონდეს.

ეს მოცემულობაა და ცნობილია ჩვენთვის...

– დიახ. ეს მოცემულობაა. უკრაინასაც კი, ვიდრე თებერვალში საომარი მოქმედებები არ დაიწყებოდა, დიპლომატიური ურთიერთობები არ ჰქონდა გაწყვეტილი [რუსეთთან – რედ]. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი არხი [კომუნიკაციის – რედ]: ყველაზე მნიშვნელოვანი – ჟენევის ფორმატი, სადაც ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებს. ეს ის თემებია, რომლებთან დაკავშირებითაც შეიძლება, ითქვას, რომ რაღაც საერთო ინტერესი არის განსახილველად. და არსებობს კიდევ პრაღის ფორმატი, სადაც ასევე განვიხილავ ორმხრივი ინტერესების საკითხებს. ეს გახლავს სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო თემები. ეს არის მოცემულობა. მეტი რა გითხრათ?!

დიახ, არსებობს უკიდურესად რთული მოცემულობა, ვიმყოფებით ოკუპაციის პირობებში და ამ დროს როდესაც გვესმის მსგავსი გზავნილები, რომ თურმე საერთო გამოწვევები გვაქვს და ჩვენი ურთიერთობები უნდა განვითარდეს, თქვენ როგორ გესმით, ადრესატი ვინაა? მათი შიდა აუდიტორია, რადგან უკრაინაში ომის გაჩაღების კონტექსტში აწყობთ...

– შეიძლება, შიდა, შეიძლება, საერთაშორისო აუდიტორია...ვერ გეტყვით, ქალბატონი ზახაროვა როგორ აწყობს თავის კომენტარებს და რა მიზნებს ისახავს. ეს ექსპერტებს უნდა ჰკითხოთ.

მესმის, მაგრამ როდესაც პოლიტიკას და სამოქმედო გეგმას განსაზღვრავთ, რუსეთის ოფიციალური პირების გზავნილებს არ ითვალისწინებთ?

– რუსეთს აქვს თავისი დღის წესრიგი, თავისი სახელმწიფო ინტერესები და როგორც ისინი თვლიან საჭიროდ, ისე მოქმედებენ.

– და რა არის ეს დღის წესრიგი? მაინტერესებს, მას ჩვენ როგორ აღვიქვამთ...

– თქვენ გინდათ, საექსპერტო საუბარში გადამიყვანოთ. მე ვარ ერთი, პრინციპში, ოფიციალური პირი და რაც მოგახსენეთ, ახლა ამაზე მეტს ვეღარ გეტყვით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S