
პუტინს ებრაული ნარკოკარტელის კოკაინის 1990-იანების სკანდალის ახალი დეტალები ამოუტივტივდა
19/05/2022 12:23:23 სამართალი
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალის – ებრაული ნარკოკარტელის კუთვნილი ტვირთის, კერძოდ, კოლუმბიიდან პეტერბურგში ჩატანილი კოკაინის უმსხვილესი პარტიის გაუჩინარების საქმის ახალი დეტალები ამოუტივტივდა. 1993 წელს რუსულმა სპეცსამსახურებმა პეტერბურგში კოკაინის უმსხვილესი პარტიის დაკავება მოახერხეს. ნარკოტიკები ხორცისა და სხვა კონსერვების ქილებში იყო დამალული. ჯამში 1090 კგ კოლუმბიურ კოკაინზე იყო საუბარი. სახელმწიფო ორგანოებმა ტვირთი “სამედიცინო მიზნებით” ამოიღეს, ხოლო ორ წელიწადში, ოფიციალური ვერსიით, “მოსკოვს გადასცეს”, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა.
“სატრანზიტო პუნქტად რუსეთის გამოყენება ებრაელ ბიზნესმენ ამოს სულამის იდეა იყო, რომელსაც რუსეთში საჭირო კავშირები გააჩნდა. კონტეინერი სანქტ-პეტერბურგის მერიის მისამართზე უნდა გაგვეგზავნა” - ყვება შემთოვ მიხთავი – რუსეთში კოკაინის გადაგზავნის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელმაც თავისი 70 წლიდან 32 ისრაელისა და აშშ-ის ციხეებში გაატარა.
2021 წლის ბოლოს მიხთავიმ გამოსცა წიგნი “ოპერაცია “აკაპულკო”, რომელშიც ირწმუნება, რომ სანქტ-პეტერბურგის მერიაში არათუ იცოდნენ ამ ტვირთის შესახებ, არამედ ოპერაცია წინასწარ იყო შეთანხმებული უწყების მაღალჩინოსნებთან.
იმხანად პეტერბურგის მერიის საგარეო კავშირების კომიტეტს ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა. სწორედ ის კურირებდა უცხოეთიდან პეტერბურგში სურსათის მიწოდებებს.
“ხელთ მქონდა ყველა საჭირო საბუთი რუსეთში დანიშნულების ადგილების, კონკრეტული მისამართების მითითებით. ეს საბუთები ჰოლანდიაში წავიყოლე და გადავეცი ადამიანს სახელად ვლადიმირ ბახშიევი, რომელიც იმჟამინდელ მერთან – ანატოლი სობჩაკთან იყო დაკავშირებული. მაგრამ მათ შორის იყო კიდევ ერთი შუამავალი” – ყვება მიხთავი.
კითხვაზე, იცოდნენ თუ არა პეტერბურგის მერიაში, რომ ყიდულობდნენ კოკაინს და არა ხორცის კონსერვს, იგი აცხადებს, რომ ამის ასპროცენტიანი მტკიცებულებები არ გააჩნია, თუმცა დარწმუნებულია, რომ იცოდნენ და სობჩაკს ამაში გარკვეული თანხებიც უნდა აეღო.
“საბუთებში ერთ-ერთ მისამართად მითითებული იყო მერიის სანიტარული სამსახური. მაგრამ კონტეინერი დააკავეს. მისმა დამკავებლებმა მითითებული მისამართი ამოიკითხეს, ხოლო შემდგომში კოკაინი გაქრა” – ყვება მიხთავი.
ტვირთის დაკავების ოპერაციას ხელმძღვანელობდა ვიქტორ ჩერკესოვი, რომელიც თავის დროზე КГБ-ში პუტინთან ერთად მსახურობდა, ხოლო შემდეგ, როცა პუტინი ФСБ-ს ჩაუდგა სათავეში, მისი მოადგილე იყო.
“პუტინს ისეთივე ღარიბი ბავშვობა ჰქონდა, როგორიც მე. ორივე გამდიდრებაზე ვოცნებობდით. მაგრამ მე წავაგე, მან კი მოიგო. იგი ერთადერთი ადამიანია, რომელიც 1990-იანების შემდეგ წყლიდან მშრალი ამოვიდა. ჭკვიანი კაცია: ჯერ მიიღო ძალაუფლება, გახდა რა ვიცე-მერი, ხოლო შემდეგ – ფულიც. ვფიქრობ, იმ კონტეინერმა პუტინს 7-10 მილიონი დოლარი მაინც მოუტანა” – დასძენს მიხთავი, რომელთან საუბარიც “რადიო თავისუფლებისა” და “Current Time”-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში შედგა.