
ივანიშვილი Credit Suisse-ს ამჯერად შვეიცარიული სასამართლო სისტემის გამოყენებაში ადანაშაულებს
19/05/2022 13:20:05 სამართალი
შვეიცარიული ბანკის მხრიდან დაზარალებული ბენეფიციარების ინტერესების დამცველმა ჯგუფმა CS Victims-მა საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით 18 მაისს მორიგი განცხადება გაავრცელა და Credit Suisse ამჯერად შვეიცარიული სასამართლო სისტემის გამოყენებაში დაადანაშაულა.
CS Victims აცხადებს, რომ "ბანკი იყენებს შვეიცარიის სასამართლო სისტემას, რათა თავიდან აიცილოს ივანიშვილისთვის თანხის დაბრუნების პასუხისმგებლობა":
"სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში შვეიცარიის პროკურორმაც კი დაადასტურა სასამართლოს გადაწყვეტილება და საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ Credit Suisse ვალდებულია დაუბრუნოს დაზარალებულ კლიენტს თაღლითობით მიღებული თანხა, თუმცა ბანკმა გამოიყენა სასამართლო, რათა თავიდან აიცილოს მისი სრული გადახდა. Credit Suisse, როგორც ჩანს, დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და აიღო ივანიშვილისთვის თანხის დაბრუნების ვალდებულება, მაგრამ დაამატა შემდეგი პირობა: "როდესაც ბანკი დაიბრუნებს ამ ფულს მესამე პირებისგან".
განცხადების მიხედვით, ამ პირობის დამატებამ მთელი საბანკო პრაქტიკა და წესები თავდაყირა დააყენა.
"ნებისმიერი სასამართლო, თუნდაც განვითარებადი სახელმწიფოს სასამართლო, მკაფიოდ აცხადებს, რომ ბანკის უმთავრესი ვალდებულების შესრულება (უშუალოდ ბანკიდან მოპარული თანხის დაზარალებული კლიენტისთვის დაბრუნება) არ იქნება დამოკიდებული რაიმე პირობაზე", - აღნიშნულია განცხადებასთან თანდართულ ტექსტში.
ამავე ტექსტის მიხედვით, სასამართლომ ნება დართო Credit Suisse-ს, არ დაუბრუნოს კლიენტს მოპარული ფული, თუ მესამე პირისგან მისი ამოღება ვერ მოხერხდა:
"შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა არა ბანკის, არამედ, ფაქტობრივად, მესამე პირების პასუხისმგებლობა და ბანკი აქცია სახსრების ერთგვარ გამტარად. ამრიგად, წამყვან შვეიცარიულ ბანკში დეპონირებული და ანგარიშებიდან არალეგალური ქმედებების შედეგად ამოღებული თანხების დაბრუნება, პირდაპირ და ცალსახად არ განისაზღვრა, როგორც Credit Suisse-ის პასუხისმგებლობა".
CS Victim-ის განცხადებით, Credit Suisse-მა გამოიყენა აღნიშნული და კლიენტს 2019 წლის აპრილში გადაუხადა მხოლოდ ის თანხა, რომელიც წარმატებით მიიღო მესამე პირისაგან.
"სასამართლომ Credit Suisse უნდა აიძულოს, დაფაროს მოპარული თანხები, მიუხედავად მესამე პირებისგან თანხის ამოღებისა. კანონის ან ფინანსების საბაზისო ცოდნის მქონე პირისთვისაც კი გასაგებია, რომ Credit Suisse პასუხისმგებელია დავალიანების დაბრუნებაზე. გადახდა არ უნდა იყოს დამოკიდებული მის დამნაშავე თანამშრომლებზე ან მათ უფროსებზე ან მითურ მესამე პირებზე და ბანკმა უნდა აიღოს თავისი ვალდებულებები, როგორც ფინანსურმა ინსტიტუტმა და კლიენტის ფინანსური უსაფრთხოების გარანტმა", - აცხადებს ივანიშვილის პრეს–სპიკერი.