
"მიხეილ სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა, მკვეთრად დაკარგა წონა და ვერ იღებს საკვებს"
23/05/2022 10:45:03 სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტი წოლით რეჟიმზეა, "ვერ გადაადგილდება და წონა მკვეთრად დაკარგა".
როგორც მან კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მისთვის წარმოუდგენელია, რომ სააკაშვილმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო პროცესებზე მონაწილეობა შეძლოს.
უფლებადაცველი კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ კლინიკაში სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი დაუშვან, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობის მეთოდებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებენ.
"ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც მან მითხრა სრულიად წოლით რეჟიმზეა, მეც მწოლიარე დამხვდა. არ ვიცი სამედიცინო ჩვენებები და ანალიზების პასუხი. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ექსპერტების დაშვებას, მათ უნდა შეაფასონ ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო კუთხით, უნდა შეაფასონ რამდენად ეფექტურია მკურნალობა. ამ მდგომარეობაში ვერ წარმომიდგენია, რომ მან სასამართლო პროცესებზე შეძლოს მონაწილეობა. ის ვერ გადაადგილდება, ძალიან სუსტად არის, კუნთების განლევა აქვს. მისი თქმით, მან მკვეთრად დაკარგა წონა, ვერ იღებს საკვებს, მხოლოდ სითხეებს. სავარაუდოდ, სამედიცინო მაჩვენებელი გაუარესებული იქნება",- აღნიშნავს თუთბერიძე.