სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ

23-05-2022 19:34:55 კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ.

"დისკუსიების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება რეგიონული კომუნიკაციების გახსნისკენ მიმართული მუშაობის შემდგომ პროცესზე, საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების კომისიის მუშაობის დაწყების შესახებ", - აცხადებენ სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების შესახებ მოლაპარაკების პროცესის მომზადების, ასევე მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები.

"მიღწეულია შეთანხმება სამმხრივი შეხვედრების გასაგრძელებლად. ასეთი შეხვედრის გამართვა ივლისში ან აგვისტოში იგეგმება", - აღნიშნეს სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ამასთან, ერევანში გრძელდება ოპოზიციის მიერ ორგანიზებული დაუმორჩილებლობის აქციები. სომხეთის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მთიანი ყარაბაღის ცალმხრივი დათმობების პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს.

ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მესამე პირისპირ შეხვედრაა 2020 წელს მთიან ყარაბაღში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ.

44-დღიანი ომის შედეგად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

2020 წლის 10 ნოემბერს, რუსეთის შუამავლობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.

კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად, რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები