
მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვება დაავალა
25/05/2022 11:49:28 პოლიტიკა, სამართალი
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დაშვებაზე ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამით დაავალა პენიტენციურ სამსახურს, ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები შეუშვას მიხეილ სააკაშვილის გამოსაკვლევად.
ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ადვოკატებმა არაერთ სხდომაზე მოითხოვეს. დღევანდელ პროცესზე, რომელზეც სააკაშვილის მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის საქმე უნდა განეხილათ, ადვოკატებმა ისევ დააყენეს საკითხი.
ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ადგილზე მისულ ექსპერტებს არ უშვებენ ბრალდებულთან და აქამდე, სასამართლოსგანაც არ ჰქონდათ პასუხი მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე.
პოზიცია დააფიქსირა ბრალდების მხარემაც. პროკურორის თქმით, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობას ეხება საქმე, საწინააღმდეგო აზრი არ აქვთ.
ცენტრ "ემპათიას" წარმომადგენელი მარიამ ჯიშკარიანი ითხოვს, საშუალება მისცენ მას და დანარჩენ ექსპერტებს, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელახლა შეაფასონ.
მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს, სადაც შესვლის უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, ამ დრომდე არ ეძლევათ დამოუკიდებელ ექსპერტებს. ოჯახი და გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ.