
რუსეთი აფხაზეთთან დე ფაქტო საზღვარს აუქმებს
25/05/2022 11:53:05 კონფლიქტები
რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან ფსოუზე გამავალი დე ფაქტო საზღვრის გაუქმებას გეგმავს. საქართველოს ამ ტერიტორიის ანექსიის მიმართულებით დაგეგმილი მორიგი ნაბიჯისთვის მოსკოვი საბაბად "არნახულ ტურისტულ ნაკადს და ამასთან დაკავშირებით საზღვრის კვეთის მაქსიმალური გამარტივების აუცილებლობას" იყენებს.
«საუბარია ფსოუს სასაზღვრო გადასასვლელზე. საზღვრის კვეთის პრობლემა წლიდან წლამდე რთულდებოდა. შევთანხმდით, ჩამოვაყალიბოთ სამუშაო ჯგუფი. თუმცა დავაყენეთ უფრო სერიოზული საკითხებიც – რომ ეს გადასასვლელი საერთოდ გაუქმდეს, დაახლოებით ისევე, როგორც ეს ბელარუსთან გავაკეთეთ, რადგან უბრალოდ გაფართოება-მოდერნიზაცია პრობლემას სწრაფად ვერ გადაჭრის», – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა.
«სადღეისოდ პირველხარისხოვანი ამოცანა საზღვრის კვეთის გამარტივებაა, მაგრამ გადასაჭრელია სტრატეგილი საკითხიც - მივდივართ თუ არა ამ საზღვრის სრულად გაუქმებისკენ, ჩვენი სახელმწიფოების - რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის წარმატებული ურთიერთობების გათვალისწინებით" - აღნიშნა, თავის მხრივ, სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა ანა კუზნეცოვამ.
მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კრემლის მიერ ხელდასმულმა ინალ არძინბამ "საერთაშორისო სიტუაციის გათვალისწინებით, წლევანდელ სეზონზე რუსეთიდან მოსალოდნელი არნახული ტურისტული ნაკადი" იწინასწარმეტყველა და აღნიშნა, რომ "საზღვრის კვეთის გამარტივება განსაკუთრებულ არსს იძენს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც 40-გრადუსიან სიცხეში რიგებში დგომას არ მოინდომებენ».
ცნობისთვის: საქართველოს მეორე ოკუპირებულ ტერიტორიქაზე - ცხინვალის რეგიონში ივლისის შუა რიცხვებისთვის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თემაზე ე.წ. რეფერენდუმია დაგეგმილი.