"მე პოლონეთი მაინტერესებს" – კადიროვი ამჯერად ვარშავას ემუქრება

25-05-2022 23:35:21 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი პოლონეთს ემუქრება და რუსეთის ელჩისთვის წითელი საღებავის შესხმის გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

"უკრაინა დახურული საკითხია. მე მაინტერესებს პოლონეთი. რას აპირებს პოლონეთი? უკრაინის შემდეგ თუ გუნდი იქნება, ექვს წამში გაჩვენებთ, რა შეგვიძლია. სჯობს წაიღოთ თქვენი იარაღი და წაიყვანოთ თქვენი დაქირავებულები. ჩვენი ელჩის გამო ოფიციალურ ბოდიშს ვითხოვთ. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ, გაითვალისწინეთ". - თქვა კადიროვმა ვიდეომიმართვაში.

9 მაისს რუსეთის ელჩს პოლონეთში სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს. მან საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკო, სადაც დემონსტრანტები უკრაინის დროშებით და უკრაინის ქალაქების ნგრევის ამსახველი ბანერებით დახვდნენ. აქციის მონაწილეებს სისხლიანი ტანსაცმელი ეცვათ. ისინი რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს "ფაშისტებს" ეძახდნენ.

"მე ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით". - თქვა სერგეი ანდრეევმა წასვლისას და ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკზე თქვა, რომ "ეს ტერიტორიები არ ეკუთვნის უკრაინას“.

პოლონური მედიის ცნობით, მან ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა.

რუსეთში პოლონეთის ელჩს უთხრეს, რომ რუსული მხარე მომხდართან დაკავშირებით პოლონეთის თანამდებობის პირების ოფიციალურ ბოდიშს ელის, ასევე, რუსეთის ელჩისა და პოლონეთში რუსეთის საგარეო მისიების ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათი შემდეგი ნაბიჯები მოთხოვნაზე ვარშავის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები