
"ქართულმა პოლიციამ და შსს-ში მიმდინარე რეფორმებმა ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა"
31/05/2022 08:09:08 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქართულმა პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებმა, წარმატებულმა პროექტებმა ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
ამის შესახებ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და სამინისტროს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გაუსვა ხაზი.
ამასთან, მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და ღირსეული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ღონისძიებას ესწრებიან და სხვადასხვა ქვეყნიდან თვალს ადევნებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. თქვენ წლების განმავლობაში ხელს უწყობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართული პოლიციის სახელით, მადლობას გიხდით ჩვენი მხარდაჭერისთვის, აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და ღირსეული პარტნიორობისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.