Accentnews.ge
არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმეზე ძმებ კაკულიებს ბრალი წაუყენეს

არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმეზე ძმებ კაკულიებს ბრალი წაუყენეს

31/05/2022 14:28:39 სამართალი

თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმეზე პროკურატურამ ბრალი ორ პირს, ძმებს – დათო და გუგა კაკულიებს წაუყენა.

უწყების ინფორმაციით, მათ ბრალი ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე აქვთ წარდგენილი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტი გახსნილია. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 27 მაისს, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ერთ-ერთმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ორივე ბრალდებული 30 მაისს დააკავეს. წაყენებული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება, რომლის ფარგლებშიც შეისწავლიან ბრალდებულების სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან შესაძლო შემხებლობის საკითხს.

ასევე უწყების ინფორმაციით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში “აქტიურად თანამშრომლობენ სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან, ბრალდებულების მიერ სომხეთში დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S