
“ლუკაშენკოს მაგიდაზე პოლონეთთან ფსევდოკონფლიქტის გაჩაღების გეგმა უდევს”
31/05/2022 15:52:54 ანალიზი
ბელარუსი დიპლომატი, ანალიტიკოსი პავლე ლატუშკო უკრაინასთან ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალების იძულებით ჩაბმას არ გამორიცხავს. ამასთანავე, მისი მონაცემებით, ლუკაშენკოს მაგიდაზე პოლონეთთან ფსევდოკონფლიქტის გაჩაღების გეგმა უდევს.
პუტინის ულტიმატუმი
პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმების ურთიერთობებზე საუბრისას ანალიტიკოსი რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორისაა ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია, რომელიც რუსეთს, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს აერთიანებს) ამასწინანდელი სამიტი.
“ამ სამიტმა უპირველესად, იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მხოლოდ ერთი მოკავშირე დარჩა ბელარუსის ლიდერის - ალექსანდრე ლუკაშენკოს სახით. ჩვენ დავინახეთ ასევე, რომ თავად ეს ორგანიზაცია არათუ კრიზისშია, არამედ ფაქტობრივად, ფორმალურად არსებობს. რუსეთმა თებერვლის ბოლოს - უკრაინის, მანამდე კი იგივე ბელარუსის, ყაზახეთის, სხვა მეზობლების მიმართ თავისი მოქმედებებით ფაქტობრივად, არაკეთილმეზობლობის სარტყელი ჩამოიყალიბა და დარწმუნებული ვარ, დღეს ყველა მისი მეზობელი ზრუნავს მხოლოდ იმაზე, როგორ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება უკრაინის მსგავსი სცენარების გამოსარიცხად” – ამბობს ლატუშკო.
უშუალოდ პუტინისა და ლუკაშენკოს ბოლოდროინდელი ურთიერთობების შეფასებისას კი იგი სოჭის ამასწინანდელ შეხვედრას აანალიზებს და თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუს კოლეგას ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა:
“მართალია, საჯარო სივრცეში არანაირი ხელჩასაჭიდი ინფორმაცია არ გავრცელებულა იმის შესახებ, თუ რაზე მსჯელობდნენ რუსეთისა და ბელარუსის ლიდერები 5 საათის განმავლობაში, თუმცა სოჭიდან შინ ლუკაშენკო აშკარად წარბშეკრული დაბრუნდა და ორი დღის განმავლობაში არსად გამოჩენილა. ჩემი ინფორმაციით, იმ დღეებში მან “საშინაო” რეზიდენციაში უახლოეს გარემოცვასთან თათბირი გამართა და პუტინის მიერ სოჭში დაფიქსირებული პოზიცია განიხილა, რომელსაც ერთგვარი ულტიმატუმი შეგვიძლია, ვუწოდოთ. კერძოდ, როგორც შემდგომ დღეებში ლუკაშენკოს ამ გარემოცვიდან გაჟონილი ინფორმაცია მოწმობს, პუტინი უკმაყოფილოა ლუკაშენკოთი და მისი როლით უკრაინასთან მიმდინარე ომში, მისთვის ბელარუსის ქმედებები არასაკმარისია. დიახ, ბელარუსის ლიდერი არის დამნაშავე, რომელიც აგრძელებს თავისი როლის შესრულებას უკრაინის მიმართ აგრესიაში, თუმცა პუტინი მისგან ბევრად მეტს ელის. შესაბამისად, ლუკაშენკო ახლა ურთულეს მდგომარეობაშია, გზაგასაყარზეა და აღასრულებს თუ არა პუტინის ულტიმატუმს – უახლოესი მომავალი გვიჩვენებს”.
პოლონეთთან ფსევდოკონფლიქტის გეგმა
ამ კონტექსტში ბელარუსი ანალიტიკოსი პოლონეთთან ფსევდოკონფლიქტის გამოწვევის გეგმაზეც საუბრობს:
“მოგეხსენებათ, ლუკაშენკო აწარმოებს ძალზე აქტიურ პროპაგანდისტულ კამპანიას იმის თაობაზე, თითქოს უკრაინას თუ პოლონეთს ბელარუსზე თავდასხმა სურდეთ. ჩემი მონაცემებით, უკვე დამტკიცებულია პროექტი, რომელიც მოიცავს კონფლიქტის ესკალაციას არა იმდენად უკრაინასთან, რამდენადაც პოლონეთთან. სცენარი ითვალისწინებს პოლონეთის “დასჯას” იმისთვის, რომ იგი მტკიცედ უჭერს მხარს, ეფექტურ დახმარებას უწევს უკრაინას და კიევისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდების სატრანზიტო ტერიტორიას წარმოადგენს. თუმცა აქ არაა საუბარი ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმაზე, საუბარია ერთგვარი ფსევდოკონფლიქტის ინსპირირებაზე: იტყვიან, რომ “პოლონეთიდან რეალური საფრთხე მომდინარეობდა”, რომ ბელარუსი “იძულებით საპასუხო ზომებს იღებს” - და სახელმწიფო საზღვარზე ერთგვარ ლოკალურ შეიარაღებულ დაპირისპირებას ვიხილავთ”.
“სახალხო წინააღმდეგობის” ჩამოყალიბება
ამავე კონტექსტში განიხილავს ბელარუსი ანალიტიკოსი “სახალხო წინააღმდეგობის” ჩამოყალიბების შესახებ ლუკაშენკოს ამასწინანდელ განცხადებას, რომელსაც მინსკის რეჟიმის პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.
“რაც შეეხება ლუკაშენკოს განცხადებას ე.წ. სახალხო წინააღმდეგობის ჩამოყალიბების შესახებ, ისევე, როგორც მის ინიციატივას სამხრეთ სარდლობის შექმნის თაობაზე, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ, ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ სარდლობა – ეს ბელარუსის სამხედრო ბიუჯეტის 30%-ია, ხოლო ე.წ. სახალხო წინააღმდეგობის ჩამოყალიბებისთვის კიდევ უფრო მეტი რესურსი იქნება საჭირო. ეს - მაშინ, როცა ლუკაშენკოს სადღეისოდ უკვე აქვს ძალზე სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. ამდენად, ვთვლი, რომ ე.წ. სახალხო წინააღმდეგობა – ეს არის ნაბიჯი როგორც ბელარუსებისთვის, ისე რუსებისა და პირადად პუტინისთვის იმის საჩვენებლად, “ნახეთ, რეალური საფრთხეების წინაშე ვართ, იძულებულები ვართ, ხალხიც კი დავრაზმოთო”.
გარდა ამისა, ლატუშკოს აზრით, აქ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – ხალხისადმი შიში:
“ჯერ კიდევ ორი თვის წინ გვქონდა არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელარუსის უშიშროების კომიტეტმა პოტენციური რეზერვისტების მიღება დაიწყო “სახალხო წინააღმდეგობაში” გასაწევრიანებლად. უშიშროება ამ ადამიანებს საკუთარ “ფილტრში” ატარებდა ლუკაშენკოს რეჟიმისადმი ლოიალობის პრინციპით. საქმე იმაშია, რომ ლუკაშენკო მშვენივრად აცნობიერებს რეალობას – იმას, რომ 70-დან 80%-მდე ბელარუსს მისი რეჟიმი სძულს და თუკი ხალხს ხელში იარაღს მისცემს, ეს იარაღი გარკვეულ მომენტში შეიძლება, სწორედ მის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ შეტრიალდეს. ეს იცის ლუკაშენკომ, მაგრამ იციან მისმა მოწინააღმდეგეებმაც, ამდენად, უშიშროების “ფილტრში” გატარებული ხალხის შეიარაღებაც კი რეჟიმისთვის, რეალურად, სერიოზული რისკების შემცველია”.
უკრაინასთან ომში ბელარუსული არმიის შესაძლო ჩაბმა
ანალიტიკოსის აზრით, ლუკაშენკოსადმი პუტინის ულტიმატუმისა და უკრაინის ფრონტზე რუსული არმიის არცთუ სახარბიელო მდგომარეობის გათვალისწინებით, თეორიულად, ნარჩუნდება იმის ალბათობა, რომ ბრძოლაში იძულებით ბელარუსის ჯარიც ჩაერთოს:
“ვხედავთ, რომ უკრაინასთან საზღვარზე ამ დროისთვის ბელარუსის გარკვეული სამხედრო ძალებია მობილიზებული, თუმცა თუ უკრაინის წინააღმდეგ სახმელეთო ბრძოლაში ჩაბმაზე ვისაუბრებთ, პირადად მე არ მჯერა, რომ თავად ბელარუსულ ქვედანაყოფებს შეეძლოთ, რეალური სამხედრო მოქმედებები განახორციელონ უკრაინის წინააღმდეგ. თეორიულად, ასეთი ბრძანება, რა თქმა უნდა, შეიძლება, გაიცეს. თუმცა ჯერ კიდევ ომამდე და შემდეგაც საუბარი იყო იმაზე, რომ მსგავსი მოქმედებები ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა მხოლოდ რუსულთან ერთობლივად შეიძლება, განახორციელონ. რაკი სადღეისოდ რუსული ძალების გარკვეული რაოდენობა ჯერ კიდევ რჩება მობილიზებული სამხრეთ მიმართულებაზე, კერძოდ, გომელის მიდამოებში, გამორიცხული არაა, ბელარუსის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციების დანაყოფები მათთან ერთობლივად მართლაც ჩართონ ბრძოლაში. ყოველ შემთხვევაში, ამ ვარიანტს სადღეისოდ ვერ გამოვრიცხავთ”.
შეუძლია თუ არა ლუკაშენკოს, პუტინს შეიარაღებით დაეხმაროს?
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ბელარუსი წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ოდენობით იარაღით ამარაგებდა მსოფლიო ბაზარს. სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს ბელარუსული იარაღი 55 ქვეყანას მიეწოდა, 2021-ში კი უცხოეთში მიწოდებების მოცულობის ზრდამ 129% შეადგინა. და ეს - იმ ფონზე, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ უკვე მოქმედებდა სანქციები ქვეყანაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო.
“ლუკაშენკოს მიმართ სულ ჟღერდა ბრალდებები იმის შესახებ, რომ იგი იარაღს აწვდიდა სადამ ჰუსეინსაც, მუამარ კადაფისაც, სუდანსაც, იემენსაც, ტერორისტულ ორგანიზაციებსაც, მაგრამ ის ამას წარმატებით აგრძელებდა. მინდა, გითხრათ, რომ საკმაოდ მასშტაბური პროექტები არსებობდა ამ კუთხით საფრანგეთთანაც – ამას ვამბობ, როგორც ბელარუსის ყოფილი ელჩი საფრანგეთში. არაერთგზის მითქვამს ევროპელებისთვის, ბელარუსიდან იარაღის იმპორტზე სრული ემბარგო დაეწესებინათ, რადგან ლუკაშენკო ამაზე დიდ ფულს შოულობდა – ეს ხომ მისი საოჯახო ბიზნესია, რომელსაც მისი ვაჟი – ვიქტორ ლუკაშენკო უდგას სათავეში” – ამბობს ლატუშკო, თუმცა სადღეისოდ პუტინის რუსეთის იარაღით მომარაებას ლუკაშენკოს მხრიდან ნაკლებად ელის:
“არა მგონია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თავად ლუკაშენკოს რეჟიმის მდგომარეობაც მყიფეა და საჭირო მომენტში იარაღი შეიძლება, თავად გამოადგეს. ვფიქრობ, აქ უფრო სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე შეიძლება, ვიფიქროთ, მაგალითად, რუსული შეიარაღების რემონტზე, მომსახურებაზე და არა იმგვარი შეიარაღების მიწოდებებზე, რომელიც მიმდინარე ომში რუსეთის სასარგებლოდ გარდატეხას შეიტანდა”.
ლუკაშენკო ევროპის კარზე აკაკუნებს, თუმცა აღარავინ უღებს
ანალიტიკოსის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ლუკაშენკოს ჰქონდა დასავლეთთან კონტაქტების დამყარების მცდელობები, თუმცა დიალოგზე ვერავინ წამოიყვანა:
“რამდენიმე კვირის წინაც, მანამდეც – დაახლოებით თვენახევრის წინ ბელარუსის ლიდერს ნამდვილად ჰქონდა მცდელობები, პუტინის გვერდის ავლით დასავლეთთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები. ლუკაშენკოს ხელისუფლების მინისტრმა მაკეიმ წერილები დაუგზავნა რიგ დასავლელ კოლეგებს, თუმცა მინსკთან დიალოგი არავინ ისურვა და ჩემი ინფორმაციით, ამას არც სამომავლოდ გეგმავენ. ამას მოჰყვა წერილი გაერო-ს ენერალურ მდივანს, რომელსაც ჩვენც – ბელარუსულმა ოპოზიციამაც მივმართეთ გაფრთხილებით: დაუშვებელია მოლაპარაკებები რეჟიმთან, რომელსაც ხელი როგორც ბელარუსების, ისე უკრაინელების სისხლში აქვს გასვრილი. ასე, რომ სადღეისოდ არ გამაჩნია არც ერთი დადასტურებული ფაქტი, ლუკაშენკოსთან რეალურ დიალოგზე ვინმე წამოსულიყოს”.
სწორედ ამიტომაა, ანალიტიკოსის შეფასებით, დღეს ლუკაშენკო “კუთხეში მიმწყვდეული”.
“საკუთარი ქმედებებითვე ჩიხში შესული, ახლა იგი ევროპულ კარზე კაკუნს ცდილობს, თუმცა აღარავინ უღებს. ლუკაშენკო იმდენად ტოქსიკურ ფიგურადაა ქცეული, რომ ვერ წარმომიდგენია, აწი ვინმემ თუნდაც მაგიდის ქვეშ ჩანოართვას ხელი” – დასძენს ლატუშკო.