
ბათუმში სავარაუდოდ, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს
31/05/2022 18:07:25 სამართალი
თვითმხილველების ცნობით, ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიიდან" სამართალდამცველებმა ხელბორკილებით გამოიყვანეს თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი.
კომპანია „მეტროსითის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ეიფორიაში“ საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცნობისთვის: ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია “მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი “ეიფორია”, რომელიც ბათუმის უმსხვილესი სასტუმროა. კომპანიის საკუთრებაში ასევე შედის სასტუმროები “ინტურისტი”, “მეტრო სქაი თაუერი” და “ბიზნეს ლეჯენდი”. ასევე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი “მეტრო სითი”.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სს “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას” შემოსავალმა 43.8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კომპანიის წმინდა ზარალი 52.5 მილიონი ლარი იყო. პანდემიამდე, ანუ 2019 წელს ჯგუფის ჯამური შემოსავალი 81 მილიონი ლარი, ზარალი კი 53 მილიონი ლარი იყო.
ჯგუფის აქტივების ზომა 535 მილიონი ლარია.
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სახელს უკავშირდება ბათუმის უკანონო მშენებლობაც, კომპანია “მეტრო ტერმინალი” ბათუმში უნებართვოდ 7 კორპუსს აშენებს, რომელთა ფართობიც 50,000 კვადრატული მეტრია.
მედია მას "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ პირად მოიხსენიებს.