
საგამოძიებო სამსახური თურქი ბიზნესმენის დაკავების მიზეზებს განმარტავს
31/05/2022 20:04:05 სამართალი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ცხრეკა სავარაუდო ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, თუმცა აღმოაჩინეს სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებები.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა",- წერია განცახდებაში.
ფაქტს გამოეხმაურა კომპანია “მეტრო ჰოლდინგის” მენეჯმენტი:
“მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიით და საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია სხვადასხვა სისხლის სამართლებრივი ბრალდებით ,,მეტრო ჰოლდინგის" დამფუძნებლის, ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ. მეტრო ჰოლდინგის მენეჯმენტი და ადვოკატები მუშაობენ იმაზე, რომ ამ სრულიად აბსურდული მიზეზებით გამოწვეულ ქმედებას მიეცეს სწორი შეფასება და გატარდეს ყველა სათანადო კანონიერი ღონისძიება. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს საათებში ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება და კომპანიები დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას. მოვუწოდებ ყველა ჩვენს გულშემატკივარს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია “მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი “ეიფორია”, რომელიც ბათუმის უმსხვილესი სასტუმროა. კომპანიის საკუთრებაში ასევე შედის სასტუმროები “ინტურისტი”, “მეტრო სქაი თაუერი” და “ბიზნეს ლეჯენდი”. ასევე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი “მეტრო სითი”.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სს “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას” შემოსავალმა 43.8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კომპანიის წმინდა ზარალი 52.5 მილიონი ლარი იყო. პანდემიამდე, ანუ 2019 წელს ჯგუფის ჯამური შემოსავალი 81 მილიონი ლარი, ზარალი კი 53 მილიონი ლარი იყო.
ჯგუფის აქტივების ზომა 535 მილიონი ლარია.
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სახელს უკავშირდება ბათუმის უკანონო მშენებლობაც, კომპანია “მეტრო ტერმინალი” ბათუმში უნებართვოდ 7 კორპუსს აშენებს, რომელთა ფართობიც 50,000 კვადრატული მეტრია.
მედია მას "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ პირად მოიხსენიებს.