რატომ ითხოვს პუტინი მოლაპარაკებებსა და "მშვიდობას"

01-06-2022 04:34:57 თვალსაზრისი

რუსეთი, რომელსაც როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკისა და საბრძოლო მასალის მხრივ უკვე განცდილი უდიდესი დანაკარგების მიუხედავად, არათუ "კიევის 2-3 დღეში აღება", უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი ნაწილის დაპყრობაც კი ვერ გამოსდის, სამხედრო აგრესიის მესამე თვის თავზე მოლაპარაკებების დაჟინებულ თხოვნაზე გადავიდა. მოსკოვში ირწმუნებიან, რომ "მზად არიან, ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას", რომელიც თურმე, "უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო ომს დაასრულებს".

"დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციისთვის წარმოებული სპეციალური ოპერაციიდან" - "სამოქალაქო ომამდე"

ძალზე საინტერესოა თვალის დევნება იმისთვის, როგორ ამცირებს "მსოფლიოს მეორე არმიის" მყოლი პუტინის რეჟიმი ამ თვეების განმავლობაში განცდილი წარუმატებლობის ფონზე თავის თავდაპირველ ამბიციურ მიზნებს და როგორ ცვლის თანმდევ პროპაგანდისტულ რიტორიკასაც.

ახლა, როცა კრემლს ერთის მხრივ - სოციალური აფეთქების შიშით, ხოლო მეორეს მხრივ რუსული არმიის სისუსტის აღიარების არსურვილის გამო ქვეყანაში მობილიზაცია ვერ გამოუცხადებია, არადა უკვე აშკარად უჭირს როგორც ბრძოლისუნარიანი ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკის კუთხით და უკრაინის ფრონტზე გასაგზავნად საწყობებიდან თითქმის ასწლოვანი ტანკების გამოყვანაც კი უწევს, რუსულ ჯარს ჰაერივით ესაჭიროება პაუზა - და აი, კრემლმაც სასწრაფოდ მოირგო "მშვიდობის მტრედის" ნიღაბი: აქაოდა, „ღიანი ვართ მოლაპარაკებებისთვის, სამშვიდობო შეთანხმება გვსურს და მზად ვართ ხელმოსაწერად, მაგრამ კიევისგან ამის ნებას ვერ ვხედავთ და მიზეზი მათშია, ვინც უკრაინის გარე კონტროლს ახორციელებსო“.

თუმცა პუტინის რეჟიმის "მშვიდობიანი ზრახვების" მსოფლიოში, ბუნებრივია, აღარავის სჯერა. არ სჯერა მოსკოვის "ცრემლების" არც ცნობილ რუს ისტორიკოსსა და ანალიტიკოს ვალერი სოლოვეის. უკრაინის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებებზე არწასვლის შემთხვევაში იგი “ქანცგაცლამდე ბრძოლას” პროგნოზირებს და თვლის, რომ კიევის მხრიდან ომში გარდატეხის შეტანას ზაფხულის მიწურულისთვის-შემოდგომის დასაწყისისთვის შეიძლება, ველოდოთ. ამასთან, სოლოვეის აზრით, მოვლენათა მსგავს განვითარებაში რადიკალური კორექტივების შეტანა შეუძლია რუსეთში რეჟიმის შესაძლო შეცვლას, რომელიც, სხვა რიგ ფაქტორებთან ერთად, პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეიძლება, გამოიწვიოს.

რუსეთის “დიადი მიღწევები” ომის მეოთხე თვისთვის

სადღეისოდ ბრძოლების საკვანძო მიმართულება ლუჰანსკის ოლქია. აქ გარკვეული ლოკალური ტაქტიკური მიზნების მიღწევის კვალდაკვალ რუსეთი, როგორც ჩანს, სხვა მიმართულებებზეც წინ წაწევას ვარაუდობდა, თუმცა უკრაინულმა ქვედანაყოფებმა რუსული ჯარის ენერგიული შეტევის მნიშვნელოვან შეფერხებას მიაღწიეს. მაგრამ რამდენად წარმატებულია ეს ტაქტიკა და რამდენად “დიადია” მისი საომარი მიღწევები იმ უდიდესი დანაკარგების ფონზე, რომელიც რუსეთმა ომის სამი თვის განმავლობაში უკვე განიცადა და ახლაც განიცდის?

“დიახ, ამ დროისთვის რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს – ანუ მეხუთედს აკონტროლებს, მაშინ, როცა ომის დაწყების დროისთვის 7% ჰქონდა ოკუპირებული, ყირიმის ჩათვლით. თუმცა ეს მხოლოდ ოპერატულ-ტაქტიკური წამატებაა და სტრატეგიულ წარმატებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება” – თვლის ვალერი სოლოვეი.

კრემლის უშედეგო მცდელობები, დასავლეთის ერთიანობა შეარყიოს

ამავდროულად, ანალიტიკოსის შეფასებით, კრემლი უკანასკნელი – არცთუ კეთილსინდისიერი ბერკეტების გამოყენებით რაიმე წარმატების მიღწევას ცდილობს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზეც. კერძოდ, აშკარაა პუტინის რეჟიმის მიზანი, ე.წ. ძველი ევროპა (უპირველესად - საფრანგეთი, გერმანია, იტალია) ერთის მხრივ - აღმოსავლეთ ევროპას, ხოლო მეორეს მხრივ ბრიტანეთსა და აშშ-ს დაუპირისპიროს.

“ამ მიზნით პუტინის ხელისუფლება უმთავრესად ჩვეულ ბინძურ მეთოდებს იყენებს, კერძოდ, კომპრომატებს, რომლებიც მთელ რიგ ევროპელ პოლიტიკოსებსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებზე გააჩნია. სხვათა შორის, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ “Bellingcat”-ის ხელმძღვანელმა ხრისტო გროზევმა უახლოეს დღეებში კრემლთან კორუფციულ გარიგებებში მყოფი 600 ევროპელი მოღვაწის სიის გამოქვეყნება დააანონსა, ასე, რომ ძალიან მალე ამ კუთხით ჩემს და სხვათა დიდი ხნის ეჭვებს მტკიცებულებებით გამყარებული პასუხი გაეცემა” – აღნიშნავს სოლოვეი.

პარალელურად, მისი შეფასებით, კრემლი ცდილობს ევროპის შანტაჟს როგორც ეკონომიკური, ისე გეოდემოგრაფიული კუთხით: “მოსკოვი მუდმივად “აშინებს” ძველი ევროპის სახელმწიფოებს მიმდინარე ომის გამო ვითომდა მოსალოდნელი შიმშილითა და მორიგი – ამჯერად ბევრად მძლავრი მიგრაციული კრიზისით, რომელიც, პუტინის მტკიცებით, “კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკრაინიდან ლტოლვილთა ნაკადის ზრდის გამო აუცილებლად წარმოიქმნება და უპირველესად, სწორედ დასავლეთ ევროპას დაარტყამს”.

ამასთანავე, სოლოვეის დაკვირვებით, მოსკოვმა გაააქტიურა ლობისტები აშშ-შიც, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ კიდეც რიგ ამერიკულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული, მაღალი ალბათობით, შეკვეთილი სტატიებისა და დავოსში ჰენრი კისინჯერის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების სახით – აქაოდა, უკრაინა დათმობებზე უნდა წავიდეს და რუსეთს მოელაპარაკოს, სანამ გვიანი არ არისო.

“აქ უნდა გავითვალისწინოთ ორი მომენტი: 1) მართალია, ჰენრი კისინჯერი ამერიკული და მსოფლიო დიპლომატიის თითქმის ასწლოვან ვეტერანად ითვლება, მაგრამ სადღეისოდ ამერიკულ პოლიტიკაზე მისი გავლენის გაზვიადება ნამდვილად არ ღირს: ეს გავლენა უკვე წარსულშია; 2) იმ წარსულშიც კისინჯერი, რომელიც პუტინს 10-ზე მეტჯერ შეჰხვედრია, ყოველთვის ითვლებოდა, რბილად რომ ვთქვათ, უფრო პრაგმატიკოსად, ვიდრე იდეალისტად, ხოლო მისი კომპანიის რუსეთთან ფინანსური კავშირების შესახებ დიდი ხანია, საყოველთაოდაა ცნობილი” – ამბობს ამასთან დაკავშირებით სოლოვეი.

მისივე შეფასებით, თუ ცალკეულ - არცთუ კეთილსინდისიერ დასავლელ პოლიტიკოსებზე, ასევე საექსპერტო წრეებისა და მედიის წარმომადგენლებზე კრემლის შანტაჟი ან/და მოსყიდვა ჯერ კიდევ ჭრის, დასავლური საზოგადოება სრულ ერთიანობას ინარჩუნებს, რაზეც როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი კვლევების შედეგებიც ნათლად მეტყველებს. “შესაბამისად, დასავლური მთავრობებიც (უდიდესი ნაწილი – საკუთარი ინიციატივით, მცირე ნაწილი კი – საზოგადოების ზეწოლით) მტკიცედ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას” – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

პუტინი მოლაპარაკებებსა და “მშვიდობას” ითხოვს

გასული კვირის ბოლოს საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა კიევთან მოლაპარაკებებისთვის, “მშვიდობისთვის” და უკრაინული პორტებიდან ტვირთების გატანის განბლოკვისთვის მზადყოფნა გამოთქვა, ოღონდ ეს ყველაფერი – მისეული, ტრადიციულად “ორიგინალური” ხედვითა და პირობებით. ასე, მაგალითად, პორტების განბლოკვის პირობად აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო დამნაშავე ლიდერმა “რუსეთისთვის დასავლური სანქციების მოხსნა” დაასახელა. “მშვიდობის” დამყარების მისეული ხედვა კი რადიკალურად განსხვავდება საერთაშორისო თანამეგობრობის გაგებისგან. იგივე შოლცი და მაკრონი, მაგალითად, მშვიდობაზე საუბრისას რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ჯარის 24 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ, მაშინ, როცა რუსეთი თანახმაა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც, სადღეისოდ მისი ჯარის არცთუ სახარბიელო მიღწევებისა და პერსპექტივების გათვალისწინებით, უკრაინაზე მეტად სწორედ მოსკოვს სჭირდება.

ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ვალერი სოლოვეი თვლის, რომ უკრაინა მსგავს მოლაპარაკებებს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დასთანხმდეს: “უკრაინამ რომ ახლა მოლაპარაკებების შესახებ პუტინის წინადადება მიიღოს, ეს მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესებში იქნება და არანაირად არა კიევის. კრემლი მიიღებს ესოდენ აუცილებელ პაუზას ჯარების გადაჯგუფებისთვის, ტექნიკის რამენაირად მობილიზების (ჩემი აზრით, წარუმატებელი) მცდელობისა და იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად მაინც მოიკიდოს ფეხი ახლადოკუპირებულ ტერიტორიებზე (ხერსონსა და ზაპოროჟიეს მხარის ნაწილში), რომლებსაც კრემლი სასწრაფოდ უპირებს ანექსირებას, რათა უკრაინაში სტრატეგიული გეგმის ჩავარდნის ფონზე რუსეთის მოსახლეობას “უდიდეს გამარჯვებად” ეს მაინც მიასაღოს. აი, უკრაინისთვის კი სადღეისოდ მოლაპარაკებებზე წასვლა ამ ახალი – რუსეთისთვის მომგებიანი სტატუს-ქვოს ერთგვარი ლეგიტიმაციის ტოლფასი იქნებოდა”.

როდის შეძლებს უკრაინა ომში რეალური გარდატეხის შეტანას

ანალიტიკოსის აზრით, პაუზა სადღეისოდ სჭირდება კიევსაც: “ეს არც უკრაინას აწყენდა იმ პირობებში, რომ მის ჯარს “ლენდ ლიზის” ფარგლებში კონტრშეტევისთვის საჭირო შეიარაღება ჯერ კიდევ არ მიუღია და მისი მიღების შემდეგაც გარკვეული დრო დასჭირდება ამ შეიარაღების გამოსაყენებლად მებრძოლთა გადამზადებისთვის”.

ამის გათვალისწინებით, სოლოვეის ხედვით, უკრაინის მიერ ომში ხელშესახები გარდატეხის შეტანას უფრო ზაფხულის ბოლოსთვის-შემოდგომის დასაწყისისთვის უნდა ველოდოთ. “მანამდე კი, თუ პაუზა არ მოხდა, გაგრძელდება ბრძოლა დაქანცვაზე და მხარეთა ხელთ დარჩენილი რუსურსების ამოლევაზე” – თვლის ანალიტიკოსი.

რუსეთის მმართველის შესაძლო შეცვლა

თუმცა, მისი აზრით, არის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება, ვითარებაში რადიკალური კორექტივები შეიტანოს და ეს რუსეთის მმართველის შესაძლო შეცვლაა. როგორც სოლოვეი განმარტავს, რუსეთის ისტორიაში უკვე არაერთგზის ყოფილა შემთხვევები, როცა მმართველის შეცვლის ფონზე ომიც შეწყვეტილა და საგარეო პოლიტიკაც კარდინალურად შეცვლილა.

ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც, ანალიტიკოსის ხედვით, ეს შეიძლება, განაპირობოს, პუტინის მძიმე სენს უკავშირდება: “თავად რუსეთში ხმები პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე უკვე წელიწადზე მეტია, დადის. ბოლო დღეებში კი დასავლური მედიაც აჭრელდა პუბლიკაციებით პუტინის მძიმე ავადმყოფობისა და გარდაცვალების შესახებაც კი. ასე, მაგალითად, რამდენიმე ბრიტანულმა გამოცემამ სპეცსამსახურ “მი-6”-ზე დაყრდნობით გაავრცელა არაოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პუტინი უკვე გარდაცვლილია”.

სოლოვეის ინფორმაციით, რეალურად, რუსეთის პრეზიდენტი ჯერ ნამდვილად ცოცხალია, თუმცა მართლაც საკმაოდ მძიმედაა. “კრემლში დამლაგებლების გარდა, ალბათ, ყველამ იცის, მაგალითად, რომ ამასწინათ სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილი რუსი სამხედროები პუტინს არ მოუნახულებია – მის ნაცვლად იქ მისი ერთ-ერთი ორეული იმყოფებოდა. ყველამ იცის ასევე, რომ პრეზიდენტის ვითომდა ჩვეული აქტივობის წარმოსაჩენად ხშირად იყენებენ ე.წ. “დაკონსერვებულ” – წინასწარ გადაღებულ კადრებს, რომლებსაც შემდგომში ნაწილ-ნაწილ უშვებენ, საჭიროების შემთხვევაში კი სათანადოდ ამონტაჟებენ” – განმარტავს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება “მი-6”-ისა და სხვა კომპეტენტური დასავლური სპეცსამსახურების ხსენებულ საინფორმაციო კამპანიას, სოლოვეის თქმით, მათ უკვე ერთი წლის წინ იცოდნენ პუტინის მძიმე ავადმყოფობის თაობაზე, მაგრამ ამ დრომდე დუმდნენ, ახლა კი ამ ინფორმაციის გაჟონვის მიზანი რუსულ ისტებლიშმენტზე ზემოქმედებაა:

“რუსეთის უმაღლესი სახელისუფლებო ელიტა ისედაც საქმის კურსშია რეალური ვითარების თაობაზე, მათ შორის – პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართულებით. ასე, რომ ამ საინფორმაციო გაჟონვის სამიზნე აუდიტორიად რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის საშუალო ფენა უნდა მივიჩნიოთ. თავად გზავნილის არსი კი შემდეგში მდგომარეობს: “პუტინი სისტემის გარანტორი ვეღარაა, შესაბამისად, აღარ გიღირთ, მის დაპირებებს დაეყრდნოთ, მის სიტყვას სულ მალე აღარავითარი ფასი აღარ ექნება და დროა, დაფიქრდეთ საკუთარ მომავალზე”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები