
სასამართლომ გუგა და დავით კაკულიებს პატიმრობა შუფარდა
01/06/2022 09:32:15 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმებს გუგა და დავით კაკულიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუფარდა.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის თქმით, ბრალდებულებისთვის შემაკავებელი არ აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ხალხმრავალ ადგილას იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ძმებმა კაკულიებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ სავარაუდოდ, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე გადმოკვეთეს.
ადვოკატ გიორგი ანთაძის განცხადებით, კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობს. ადვოკატმა დაკავებულების 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.
ცნობისთვის: ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 13-დან 17 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.