
საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ნორვეგიის შიდა გვარდიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმა
02/06/2022 07:17:09 თავდაცვა
საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და ნორვეგიის შიდა გვარდიის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა მარტენ ეგენმა მოაწერეს ხელი.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"მხარეებმა შეხვედრისას ორი ქვეყნის გვარდიებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებისა და გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.
ხუთწლიანი გეგმა მიზნად ისახავს ბატალიონის, ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის შტაბის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებების (CPX) დაგეგმვასა და აღსრულებას, ტერიტორიული რეზერვის ქვედანაყოფების მომზადებისთვის კონცეფციის შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე რეზერვისტთა წვრთნებზე დაკვირვებას. გენერლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება" - ნათქვამია ინფორმაციაში.