
ბიზნესმენ ოზთურქს ნარკოდანაშაულს ედავებიან
02/06/2022 08:12:23 სამართალი
საქართველოს მოქალაქეს, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, რომელიც 31 მაისს, ბათუმში სპეცოპერაციით დააკავეს, ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულის მუხლით წარუდგინეს.
პროკურატურის მიერ 2 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გამოძიების ფარგლებში ბიზნესმენის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 7,2159 გრამი კოკაინია ამოღებული.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ცნობისთვის: ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია “მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი “ეიფორია”, რომელიც ბათუმის უმსხვილესი სასტუმროა. კომპანიის საკუთრებაში ასევე შედის სასტუმროები “ინტურისტი”, “მეტრო სქაი თაუერი” და “ბიზნეს ლეჯენდი”. ასევე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი “მეტრო სითი”.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სს “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას” შემოსავალმა 43.8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კომპანიის წმინდა ზარალი 52.5 მილიონი ლარი იყო. პანდემიამდე, ანუ 2019 წელს ჯგუფის ჯამური შემოსავალი 81 მილიონი ლარი, ზარალი კი 53 მილიონი ლარი იყო.
ჯგუფის აქტივების ზომა 535 მილიონი ლარია.
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის სახელს უკავშირდება ბათუმის უკანონო მშენებლობაც, კომპანია “მეტრო ტერმინალი” ბათუმში უნებართვოდ 7 კორპუსს აშენებს, რომელთა ფართობიც 50,000 კვადრატული მეტრია.
მედია მას "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ პირად მოიხსენიებს.