
საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო
02/06/2022 09:31:45 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. სხდომას ბრალდებული სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით ვერ ესწრებოდა. ექს–პრეზიდენტის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს განუცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრება სურს, მაგრამ ამას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს.
ამის შემდეგ მოსამართლემ მხარეებს სასამართლოს გასვლითი პროცესი შესთავაზა, რაზეც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი, სხდომაზე დასწრებას ჯერ–ჯერობით ადგილზეც ვერ მოახერხებს.
"გასვლით პროცესთან დაკავშირებით ამ სიტუაციაში აზრი არ აქვს იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არამარტო ტრანსპორტირების, არამედ იმის შესაძლებლობას არ მისცემს ადგილზე მიიღოს მონაწილეობა პროცესში, მაგრამ იმის და მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები, ამ ვარიანტის განხილვაც შესაძლებელი იქნება. დღეის მდგომარეობით, არა", - უპასუხა საძაგლიშვილმა მოსამართლე ჩახნაშვილს.
გასვლითი პროცესის ჩატარების შეთავაზებას დაეთანხმნენ საქმის პროკურორებიც.
მომდევნო სხდომა 9 ივნისს ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომაზე კი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე უნდა ემსჯელათ.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. იგი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა. მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.