პუტინის პატური სიტუაცია

02-06-2022 22:45:27 თვალსაზრისი

კრემლის პროპაგანდისტები, ისევე, როგორც საქართველოში პუტინის რუსეთის ინტერესების გამტარებლები და მათთან ერთად, სამწუხაროდ, ქვეყნის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლებიც შესაბამისი რიტორიკით ცდილობენ, მოსახლეობას შეუქმნან მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს დასავლეთმა უკრაინას ზურგი აქცია, ფრონტზე ყველაფერი ცუდადაა, რუსეთი ომს იგებს და მაშასადამე, საქართველომაც შესაბამისად უნდა იმოქმედოს – კერძოდ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე საბოლოოდ თქვას უარი და მოსკოვის მიმართ 10-წლიანი “არგაღიზიანების პოლიტიკა” ახლა უკვე რუსეთთან დაახლოების მკაფიო გეზით ჩაანაცვლოს. რეალურად კი, საქმე სულ სხვაგვარადაა.

უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში რუსი ოკუპანტების შეტევა მართალია, ჯერ გრძელდება, თუმცა ბოლო დღეებში, გასულ კვირასთან შედარებით, ტემპი საგრძნობლად შენელდა. მთლიანობაშიც მოსკოვს ომის მეოთხე თვის დასაწყისისთვის მადა აშკარად გაუნელდა: მთელი უკრაინის რამდენიმე დღეში დაპყრობის ამოცანა ქვეყნის ტერიტორიისგან მხოლოდ აღმოსავლეთისა და სამხრეთის ცალკეული ნაწილების მოკვეთის გეგმამდე შემცირდა და ამ მხრივაც კი ოკუპანტი ჯარი მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდება. სადღეისოდ კრემლს ფაქტობრივად მთელი ბრძოლისუნარიანი ძალები, რომელთა შეგროვებაც გაჭირვებით მოახერხა ომის ე.წ. მესამე ფაზის საწარმოებლად, ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაპყრობად ჰყავს მიმართული. თანაც თუ ცოცხალი ძალის კუთხით გარკვეული რეზერვის თავმოყრას, უდიდესი დანაკარგების მიუხედავად, ჯერ კიდევ ახერხებს (ამ მიზნით პუტინმა გაწვევის ასაკის ზედა ზღვარიც კი გაზარდა), ტექნიკის მიმართულებით რუსეთს საქმე სულ უფრო ცუდად აქვს, რეზერვები დიდი სისწრაფით ელევა, რაზეც ფრონტისაკენ საწყობებიდან ძველისძველი ტექნიკის, მათ შორის Т-62 ტიპის ლამის ასწლოვანი ტანკების გადასროლაც მეტყველებს, ბევრ სხვა ფაქტთან ერთად.

დანაკარგებს განიცდის, ცხადია, უკრაინაც, რომელსაც “ლენდ ლიზის” ფარგლებში კონტრშეტევისთვის აუცილებელი შეიარაღება არსობრივად, ჯერაც არ მიუღია, თუმცა რუსული ძალების შეტევები უკრაინელების მხრიდან მაინც გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდება, ხოლო რიგ მიმართულებებზე ზელენსკის არმიის ქვედანაყოფები კონტრშეტევების განხორციელებას შეიარაღების კუთხით ამჟამად არსებული შეზღუდული რესურსის პირობებშიც კი ახერხებენ. ამასთან, კიევს ჯამში უკვე დაახლოებით 800-900-ათასიანი ცოცხალი ძალა ჰყავს მობილიზებული და ერთადერთი, რაც უკრაინის მასირებულ კონტრშეტევაზე გადასვლას აფერხებს, “ლენდ ლიზის” ფარგლებში დაპირებული შეიარაღების შეგვიანებაა.

მოსკოვმა ეს მშვენივრად უწყის, აცნობიერებს, რომ დაკავებული უკრაინული ტერიტორიები, რომელთა ფართობი რუსულმა არმიამ 24 თებერვლიდან დღემდე 7-დან 20%-მდე გაზარდა, მხოლოდ დროებითი მონაპოვარია და რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფეხის ჯეროვნად მოსაკიდებლად ოკუპანტებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ პაუზა. სწორედ ამის გამო წამოიწყო კრემლმა უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების განახლების თემის პედალირება, პარალელურად კი უკანასკნელ ბერკეტებს იყენებს უკრაინის მხარდაჭერაში დასავლეთის ერთიანობის გასახლეჩად. თუმცა თუ ცალკეულ არცთუ კეთილსინდისიერ დასავლელ პოლიტიკოსებზე, ასევე საექსპერტო წრეებისა და მედიის წარმომადგენლებზე კრემლის შანტაჟი ან/და მოსყიდვა ჯერ კიდევ ჭრის, დასავლური საზოგადოება სრულ ერთიანობას ინარჩუნებს, რაზეც ნათლად მეტყველებს როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი კვლევების შედეგებიც. შესაბამისად, დასავლური მთავრობებიც (უდიდესი ნაწილი – საკუთარი ინიციატივით, მცირე ნაწილი კი – საზოგადოების ზეწოლით) მტკიცედ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და მოსალოდნელია, კიევმა დაპირებული შემტევი შეიარაღება უკვე უახლოეს დღეებში მიიღოს.

ამას ემატება ეკონომიკური კუთხით რუსეთის სავალალო პერსპექტივაც. და ეს – იმის მიუხედავადაც კი, რომ დასავლური სანქციების მორიგი – მეექვსე პაკეტი, რომელსაც რუსული ნავთობის იმპორტზე სრული ემბარგო უნდა მოეცვა, მხოლოდ ნაწილობრივი ემბარგოს პირობით მიიღეს. დიახ, მილსადენებით რუსული ნავთობის რამდენიმე ევროპული სახელმწიფოსთვის მიწოდება ჯერ-ჯერობით გაგრძელდება, თუმცა ხომალდებით – ვეღარ, ეს კი, სპეციალისტების გათვლით, ნიშნავს, რომ ემბარგო ჯამში რუსული ნავთობის უდიდეს ნაწილზე, კერძოდ, 90%-ზე გავცელდება.

ყოველივე ზემოთთქმული არა ჩემი ინფორმაციაა, ჩემი შეფასებები და დასკვნები, არამედ ექსპერტების, მათ შორის – რუსი ანალიტიკოსების იმ ნაწილის, რომელმაც პუტინის რეჟიმის რეპრესიებს უცხოეთში დააღწია თავი და ამიტომაც, სამშობლოში დარჩენილი კოლეგებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური ანალიზისა და დასკვნების გამოტანის “ფუფუნება” აქვს.

ერთ-ერთი მათგანი სადღეისოდ პრაღაში მყოფი ანალიტიკოსი იური ფეოდოროვია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირველი სამი თვის შედეგებს იგი შემდეგნაირად აჯამებს: “უკრაინამ შეძლო, ჩაეშალა პუტინის თავდაპირველი ჩანაფიქრი კიევის დაკავებისა და ქვეყნის ხელისუფლების მოსკოვისადმი ლოიალურით ჩანაცვლების შესახებ, რის შემდეგაც გეგმავდა, ემოქმედა 1956 წელს - უნგრეთში, ხოლო 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში ნაცადი მოდელით და კრემლის მიერ კონტროლირებად ახალ მთავრობაზე, უშიშროების სტრუქტურებსა და საჯარისო გარნიზონებზე დაყრდნობით უკრაინა ან რუსული პროტექტორატის მდგომარეობამდე მიეყვანა, ან სულაც მიეერთებინა რაიმე რეფერენდუმის, პლებისციტის თუ სხვა იმის მსგავსი ხერხით, რომელიც 2014-ში ყირიმში ვიხილეთ. ამის მიღწევის გზებზე მოსკოვში, როგორც ჩანს, საბოლოოდ ჯერ არ იყვნენ ჩამოყალიბებულები, თუმცა არსებობდა ერთიანი ხედვა, რომ უკრაინა ყბადაღებული “რუსსკი მირის” ნაწილად უნდა ექციათ. სწორედ ეს იყო, რეალურად, ამ ომის წამოწყების მიზანი, თუმცა პუტინს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. უკვე ერთ თვეში, დაახლოებით 20 მარტისთვის კრემლში მიხვდნენ, რომ ეს გეგმა ვერგანხორციელებადი იყო, იძულებულები გახდნენ, უკრაინის სამი ჩრდილოეთ ოლქიდან ჯარები გაეყვანათ და დაესახათ ახალი – გაცილებით ნაკლებ ამბიციური ამოცანა – უკრაინისგან აღმოსავლეთისა და სამხრეთის მოკვეთა. თუმცა როგორც სადღეისოდ – ანუ კიდევ ორი თვის თავზე ვხედავთ, არც ამ შემცირებული ამოცანის შესრულების კუთხით აქვს პუტინის რუსეთს მაინცდამაინც სახარბიელოდ საქმე”.

სადღეისოდ სამხედრო თვალსაზრისით არსებული ვითარების შეფასებისას ფეოდოროვი იზიარებს ამერიკელი სადაზვერვო თანამეგობრობის წარმომადგენლების ამასწინანდელ დასკვნას, რომლის თანახმად, შექმნილია პატური სიტუაცია - დასახულ მიზნებს სამხედრო გზით ჯერ-ჯერობით ვერც რუსული მხარე აღწევს, ვერც უკრაინული: “მოსკოვი ვერ ახვევს თავს კიევს პრობლემების მისეული გზით გადაჭრას, კერძოდ, ვერ აიძულებს უკრაინას, ამ ომის განმავლობაში ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში დაკავებული ტერიტორიების რუსულად აღიარებას, ხოლო უკრაინა, თავის მხრივ, არათუ დანებებას არ აპირებს, არამედ გამარჯვების მიღწევას ცდილობს, თუმცა ამას ჯერ ვერ ახერხებს”.

ფრონტზე ამ დროისთვის არსებული ვითარების შეფასებისას ფეოდოროვი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებებზე სიტუაცია ცვალებადია, თუმცა მთლიანობაში, ვითარება გაცილებით სარისკოა პუტინისთვის, ვიდრე ზელენსკისთვის: “ყველაზე მწვავე დაპირისპირება ამჟამად უკრაინის აღმოსავლეთშია, სადაც რუსეთს ფაქტობრივად, მთელი მისი ძალა აქვს გადასროლილი. ვერ გამოვრიცხავ, რომ აქ რუსულმა ჯარმა ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწიოს, კერძოდ, სრულად დაიკავოს სევეროდონეცკი და ზოგიერთი სხვა დასახლებული პუნქტი ლუგანსკის ოლქში. თუმცა უკრაინისთვის ეს არათუ სტრატეგიული მარცხი, არამედ საგაზაფხულო კამპანიის მარცხიც კი არ იქნება. ხოლო თუ რუსეთი ვერც ამ მიზანს მიაღწევს – ვერ აიღებს სევეროდონეცკს, სხვა პუნქტებს და ვერ გავა ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე, ეს მისთვის ნამდვილად იქნება მთელი საგაზაფხულო კამპანიის კრახი, ნიშანი იმისა, რომ პუტინმა ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია - და რუსეთის ნომენკლატურაში, მათ შორის პუტინის გარემოცვაში დაიწყება სრულიად ბუნებრივი მწვავე კითხვების დასმა: რას მიიღწია საერთოდ რუსეთმა ამ ომით, სანქციების, სერიოზული ეკონომიკური დანაკარგების, არმიისა და მთლიანობაში ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ძალზე მნიშვნელოვანი დაზიანების გარდა? პუტინს კი ამ კითხვებზე პასუხი არ ექნება. მან ეს იცის და სწორედ ამიტომ გზავნის და გზავნის სევეროდონეცკის შტურმზე სათოფე ხორცად ახალ-ახალ ძალებს – სხვა გზა მას უბრალოდ აღარ აქვს”.

ამასთანავე, როგორც ფეოდოროვი აღნიშნავს, ლუჰანსკის ოლქის სრულად აღების შემთხვევაშიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთს რჩება მეორე – გაცილებით უფრო რთულად შესასრულებელი ამოცანა დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაკავების სახით: “თუ ლუჰანსკში რუსული ჯარის გაჭირვებას გავითვალისწინებთ, დღეის გადასახედიდან, რთულად წარმოსადგენია, დონეცკში რუსეთმა მიზანს მარტივად მიაღწიოს: იქ ხომ საოკუპაციო ტერიტორია გაცილებით დიდია, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება დასაცავი კომუნიკაციების მეტი გაშლილობის საკითხი, განსაკუთრებით – თუ უკრაინა აშშ-დან დიდი სიშორის საარტილერიო სისტემებს მიიღებს და წმინდა სამხედრო თვალსაზრისითაც ამოცანები აქ ბევრად უფრო რთული იქნება”. ხოლო თუ რუსეთი ამ მეორე ეტაპსაც გაუმკლავდება, რაც, სამხედრო ანალიტიკოსის შეფასებით, ძალზე საეჭვოა, დღის წესრიგში დადგება მესამე რიგის ამოცანა – უკრაინის სამხრეთში ზაპოროჟიეს მხარის დარჩენილი ტერიტორიის ოკუპაცია და დნესტრისპირეთის საზღვრებთან გასვლის მცდელობა, რაც, ფეოდოროვის აზრით, რუსეთისთვის კიდევ უფრო რთულად შესრულებადი ამოცანა იქნება.

ხსენებული სამდონიანი გეგმა, ანალიტიკოსის ინფორმაციით, ჯერ კიდევ რჩება გენერალური შტაბის წარმომადგენლებისა და პუტინის სამუშაო მაგიდებზე და ემსახურება რუსეთში 2014 წლიდან უკვე არაერთგზის დეკლარირებულ მიზანს – ე.წ. ნოვოროსიის ჩამოყალიბებას. “ჩემი ხედვით, უკრაინისგან აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქების მოკვეთა – ეს დღეს რუსული საომარი ოპერაციის საბოლოო მიზნად განიხილება, თუმცა ამ მიზნის მიღწევადობა სულ უფრო საეჭვო ხდება” – აღნიშნავს ფეოდოროვი.

ამასთან, მისივე აზრით, ლუჰანსკის ოლქში დასახული მიზნის შესაძლო მიღწევის შემთხვევაში რუსეთს უცილობლად დასჭირდება სტრატეგიული პაუზა ომში როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკისა და საბრძოლო მასალის კუთხით განცდილი კოლოსალური დანაკარგების შესავსებად და საკითხავი იქნება, მისცემენ თუ არა პუტინს ამ დროს: “თუ მოსკოვს ეს დრო მიეცემა, მაშინ პრაქტიკულად გარდაუვალი გახდება უკრაინაზე შეტევის ახალი ტალღა და ვინ იცის – შესაძლოა, შეტევები სხვა მიმართულებითაც, მაგალითად, ბალტიისპირეთის, სამხრეთ კავკასიის”.

რაც შეეხება დროს, რომელიც რუსეთს უკრაინაში დღემდე წარმოებული ბრძოლების შემდეგ “აზრზე მოსასვლელად” შეიძლება, დასჭირდეს, აქ, ფეოდოროვის შეფასებით, პარადოქსული სიტუაციაა: მოსკოვს ეს დრო, ერთის მხრივ, წყალივით სჭირდება, ხოლო მეორეს მხრივ, იგი რუსეთის წინააღმდეგ იმუშავებს იმის გათვალისწინებით, რომ დასავლური სანქციები სწორედ გრძელვადიან ეფექტზე იყო გათვლილი: “რაც მეტი დრო გავა, მით მეტად “მოახრჩობს” დასავლური შეზღუდვები რუსულ ეკონომიკას. პუტინმა უკრაინის საკითხის გადაჭრა უნდა მოასწროს მანამ, სანამ რუსეთის ეკონომიკა ჩამოშლის პირას არ მივა. ამენად, მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, მზად იქნება თუ არა დასავლეთი, რუსეთი გააუვნებელყოს, ანუ გააცალოს ყველა შესაძლებლობა, სამომავლოდ მეზობლებსა და სხვა ქვეყნებს შეუქმნას საფრთხე. ეს კი, უპირველესად, ნიშნავს რუსული ბირთვული პოტენციალის კარდინალური შეცირების მიღწევას, რადგან ბირთვული იარაღი ცივილიზებული მსოფლიოს დაშანტაჟების მთავარი ბერკეტია პუტინის ხელში. მზადაა თუ არა დასავლეთი, ამ ამოცანის შესასრულებლად რეალური ინსტრუმენტები იპოვოს? - ჩემში ეს ჯერ-ჯერობით ეჭვებს იწვევს” – დასძენს ფეოდოროვი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები