
"წყაროების ცნობით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს"
03/06/2022 07:44:56 კონფლიქტები, პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას აღნიშნულია, რომ სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს.
„რელიგიური ლიდერები კვლავ აცხადებდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრაციული კონტროლის მიღმა რჩებიან, დე ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდა ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი. ორივე რეგიონი განაგრძობდა „იეჰოვას მოწმეების“ აკრძალვას, თუმცა ანალიტიკური ცენტრი "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) იტყობინება, რომ „იეჰოვას მოწმეებს“ და „ორმოცდაათიანელებს“ თავისუფლად შეეძლოთ შეკრება ახალგორში, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში. როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ორივე რეგიონში მდებარე ეკლესიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებად აღიარებენ, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, რომ ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა ეკლესიებზე, რათა ისინი მიერთებოდნენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო აფხაზეთში ზოგიერთი ლიდერი ავტოკეფალიის გამოცხადებას უჭერდა მხარს. წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს ორივე რეგიონში ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს ისე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან მათი ავტოკეფალიის აღიარებას არ ითხოვდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცხინავლის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის რელიგიური ღვთისმსახურება უკანონოდ გამოაცხადა, მაგრამ პრაქტიკაში დაუშვა, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს რეგიონში შესვლა აუკრძალა.