
ნიკა გვარამია "რუსთავი 2:–სგან კომპენსაციის სახით 5 მლნ დოლარს ითხოვს
03/06/2022 14:58:57 სამართალი
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, „რუსთავი 2“-სგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ ლარს ითხოვს.
ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ციხეში ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა.
"ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული იმიტომ, რომ ამ ვადით იყო ის თანამდებობაზედ დანიშნული და ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ, გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით. ეს არის ზიანი, რაც მას მადგა "რუსთავი 2"-ის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით. თუ ვინმე დაზარალებულია ამ ურთიერთობაში, არის ნიკა გვარამიას. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად, წერილობით ვაცნობოთ "რუსთავი 2"-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ მათ პასუხს. პოზიცია ეხება ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილობით მოთხოვნას იმიტომ, რომ ვინაიდან ნიკა გვარამია გაათავისუფლა ქიბარ ხალვაშმა კომპანიასა და ნიკა გვარამიას შორის დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეში დარღვევით, "რუსთავი 2" ვალდებულია გადაუხადოს კომპენსაცია 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით", - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აღსრულდა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ მფლობელი გახდა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელმაც ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ გაათავისუფლა ტელევიზიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან.
მოგვიანებით, ტელეარხის ახალმა მენეჯმენტმა ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ჟურრნალისტები, მათ შორის – ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ უკანონოდ ცნო 2019 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2-დან“ საინფორმაციო სამსახურის მაშინდელი უფროსის ნოდარ მელაძისა და ასევე ყოფილი წამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლება და ტელეკომპანიას მათთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. „რუსთავი 2“-ს მელაძისთვის — 80 000 ლარის, ჟორჟოლიანისთვის კი 62 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.