
ნიკა მელიას „ნაციონალურ მოძრაობაში“ უპირისპირდებიან
20/05/2019 14:32:07 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას რევოლუციასთან დაკავშირებით, ენმ–ის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ „ყველას თავისი არჩევანი აქვს“, თავად კი სურს, „ხალხთან ერთად დაიბრუნოს ეს ქვეყანა“. ოპოზიციის შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ კი საპროტესტო ტალღა დააანონსა.

ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური საკუთარ შეფასებებში უფრო ხისტი აღმოჩნდა. მან მელიას განცხადებას არასწორი უწოდა და აღნიშნა, რომ საკიხზე პოლიტსაბჭო იმჯელებს.
„ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის უფლება, მაგრამ როდესაც ხარ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ეს განცხადებები უფრო მეტად შეთანხმებული უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ნიკა მელიას განცხადება როგორც ფორმის, შინაარსის და დროის მიხედვით, იყო არასწორი განცხადება და ის ვერ მოემსახურება დადებითად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. ვფიქრობ, პარტიის პოლიტსაბჭო აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე. ჩვენ სავარაუდოდ, მივიღებთ მისგან პასუხებს თუ რით იყო განპირობებული ასეთი განცხადება და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, იმ გზაზე, რომელსაც ყველანი ერთად ვირჩევთ ახლა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ იყოს დიდი საერთო სახალხო მოძრაობა, ჩვენ რა მონაწილეობას მივიღებთ, რა მონაწილეობას მიიღებს ნიკა მელია, რა მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური საბჭოს სხვა წევრები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ განცხადება გაკეთებულიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ შევიკრიბებოდით და გვექნებოდა მინიმალური კომუნიკაცია მაინც. არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში, ასეთი განცხადებების გაკეთება, თუ ვინმეს პოლიტიკურ წისქვილზე ასხამს წყალს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმა მიხდება,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ცნობისთვის: გუშინ ნიკა მელიამ შემდეგი განცხადებაგააკეთა: „ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს“.
როგორც მელიამ აღნიშნა, არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება.
განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწოდება ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევების აუცილებლობისა და საპროტესტო ტალღის დაწყების თაობაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54.45% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატი სანდრა ელისაბედ რულოვსი და მან ხმათა 42.75% დააგროვა.