“კადიროვი კრემლს ან დაიცავს, ან აიღებს”: ვის ერგება რუსეთი ახალ მსოფლიო წესრიგში

06-06-2022 13:36:13 თვალსაზრისი

ვითარების შეფასება და პროგნოზები უკრაინელ სამხედრო და პოლიტიკურ ანალიტიკოს ოლეგ ჟდანოვისგან:

გლობალისტიკის რღვევა

არაერთხელ მითქვამს, რომ მსოფლიო რუსეთ-უკრაინის ომამდელ ვითარებას აღარ დაუბრუნდება. დღესაც ამ აზრზე ვრჩები და ამის ერთ-ერთი საკვანძო მიზეზი არის ის მძიმე რეალობა, რომელიც ამ ომმა წარმოაჩინა: უსაფრთხოების მსოფლიო სისტემა არაეფექტურია, ის ფაქტობრივად, არ მუშაობს.

გადავხედოთ, მაგალითად, გაერო-ს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს: უნდა ვაღიაროთ, რომ სადღეისოდ უკრაინას აგრესორ რუსეთთან ომის შეჩერებაში მსოფლიოს მასშტაბით ვერავინ დაეხმარა, ვერ იმუშავა ვერც ერთმა შესაბამისმა მექანიზმმა, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ საერთაშორისო ორგანიზაციებში მოკალათებულმა ბიუროკრატიამ საკუთარი ფუნქციების შესრულება არ ისურვა. ამის ნაცვლად გვესმის საუბრები რუსეთის “დამშვიდების”, მოსკოვთან “კომპრომისებზე წასვლის”, მასთან “შეთანხმების” აუცილებლობაზე. არავის სურს, მხარი დაუჭიროს იმგვარ ძალისმიერ თუ სანქციურ მოქმედებებს, რომლებიც ამ ომს რეალურად შეაჩერებდა. ამდენად, აშკარაა, რომ ძველი მექანიზმები არ მუშაობს და უნდა შეიცვალოს.

უნდა აღინიშნოს, რომ საუბრები გაერო-ს რეფორმირების საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან გრძელდება, თუმცა ამ დრომდე არც ერთი რეფორმა არ განხორციელებულა. ფიქრობთ, კიდევ დიდხანს იარსებებს ეს ორგანიზაცია დღევანდელი სახით? ჩემი აზრით, ამ ომის დასრულების შემდეგ მთელი სიმკვეთრით დადგება დღის წესრიგში მისი ან დაშლის, ან კარდინალური ცვლილების საკითხი.

და აქ მხოლოდ გაერო-ში არაა საქმე. ზოგადადაც, ჩემი ხედვით, გლობალური კავშირები, გლობალისტიკა, რომლის ბიუროკრატიულობა, სიზანტე, მოუქნელობა, ვითარებაზე ოპერატიული რეაგირების უუნარობა ამ ომის ფონზე საკმაოდ ნათლად წარმოჩინდა, წარსულს ბარდება. მათ ადგილს დაიკავებენ ახალი ორგანიზაციები და კავშირები, რომელთა ჩამოყალიბება დაიწყება მცირედით: გაერთიანდება ჯერ ორი სახელმწიფო, შემდეგ შეემატებათ მესამე, მეოთხე და ა.შ. იტყვით, საბოლოოდ ისევ დიდ კავშირებამდე მივალთო? - მართალია, ეს დიალექტიკის კანონია, მსოფლიო ციკლურობით ხასიათდება და მას ვერსად გავექცევით. მაგრამ მოქმედების პრინციპები, რომლებსაც ახალი კავშირები დაეყრდნობიან, სრულიად განსხვავებული იქნება, ან, ყოველ შემთხვევაში, უნდა განსხვავდებოდეს ძველისგან.

ჩემი ხედვით, ჩამოყალიბდება ახალი რეგიონული კავშირები და არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ეტაპებზე მათ შორის ომებიც ხდებოდეს, რადგან ანტაგონიზმი რიგ ქვეყნებს შორის იმდენად ღრმაა და პრინციპული, რომ სრულიად შესაძლებელია ახალი შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში. ეს გარდაუვლად მეჩვენება: მსოფლიოს მოუწევს, გაიაროს გლობალისტიკის ტურბულენტობის ეტაპი, რომლის ერთ-ერთ გამოხატულებას - რუსეთ-უკრაინის ომს ამჟამად ვადევნებთ თვალს. როგორც ჩანს, მსოფლიომ მიაღწია სწორედ ამ ტურბულენტობისა და ქაოსის დაწყების წერტილს. როგორ გავივლით ჩვენ ამ რთულ ეტაპს და რა შედეგით გადავალთ შემდეგზე – ჩვენზეა დამოკიდებული. და ხსენებული სცენარი - გლობალისტიკის ჩამოშლა და ახალი მსოფლიო წესრიგი - ერთ-ერთ შესაძლო გამოსავლად მეჩვენება.

ახალი მსოფლიო წესრიგი

ჩემი ხედვით, შეიცვლება პირველი რიგის ქვეყნების – საერთაშორისო პოლიტიკურ ოლიმპზე მყოფი სახელმწიფოების კონფიგურაცია. კერძოდ, თუ დღემდე “გლობალურ მონსტრებად” გვევლინებოდნენ G7-ის ქვეყნები აშშ-ის ჩათვლით, საერთაშორისო პოლიტიკური ოლიმპისკენ დამაჯერებლად მიისწრაფვოდა ჩინეთიც და უკრაინასთან ომამდე აქვე მოიაზრებოდა რუსეთიც, ახლა ვითარება იცვლება.

აშშ-ჩინეთს შორის ურთიერთობაში ერთგვარი ”საქანელას” ფონზე პუტინი “ოქროს კარტის” გათამაშებას ცდილობდა: მას სურდა, მიესაღებინა მცირე რუსული "ბონუსი" როგორც აშშ-ისთვის, ისე ჩინეთისთვის და ვინც რუსეთს პარტნიორად იგულებდა, ის უნდა გამხდარიყო, პუტინის ხედვით, დომინანტი საერთაშორისო არენაზე. ამ ხედვის ფარგლებში რუსეთის ლიდერი ჯერ აშშ-სთან შეუდგა კეკლუცს, თუმცა პუტინის ეს მცდელობები ვაშინგტონმა რეაგირების გარეშე დატოვა – და რუსეთიც მაშინვე ჩინეთისკენ გადაიხარა, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვიდა: ჩინეთი ხომ სადღეისოდ რუსეთში თანასწორ პარტნიორს ვერ ხედავს, იგი მზადაა, მოსკოვი მხოლოდ უმცროს პარტნიორად და მეტიც, ჩინური ეკონომიკის ერთგვარ ნედლეულ დანამატად განიხილოს. ამდენად, აქ, როგორც ჩანს, დღის წესრიგში დადგა გლობალური საკითხი: რა ბედი უნდა სწეოდა რუსეთს, რა მოემოქმედათ მასთან დაკავშირებით – და აშშ-მა ერთ-ერთ გეოპოლიტიკურ მიზნად საერთაშორისო პოლიტიკური ოლიმპიდან მერყევი რუსეთის მოშორება განისაზღვრა.

რა გზით სჯობდა, მიღწეულიყო მოსკოვის დასუსტების მიზანი? ეკონომიკურად და ფინანსურად ხომ რუსეთი განსაკუთრებულ “მონსტრს” ისედაც არ წარმოადგენდა, მისი ერთადერთი “კოზირი” იყო სამხედრო ძალა - ბირთვული იარაღი და ჯარი, რომელსაც კრემლი “მსოფლიოს მეორე არმიად” ასაღებდა. და აი, უკრაინის ომის ფონზე აშშ-ს ამ რუსული მითის გაცამტვერების შესაძლებლობა მიეცა.

სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ამ ომს ორი სიბრტყე აქვს: 1) ეს უკრაინელების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლაა ჩვენი არსებობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად; 2) ეს არის ომი გეოპოლიტიკურ სიბრტყეში, სადაც მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მაქსიმალური დასუსტება ბრძოლის ველზე მისი სრული სამხედრო მარცხის მიზნის მიღწევით.

რაც შეეხება მიზნებს თავად რუსეთში, ჩემი ხედვით, აშშ წინააღმდეგი არ იქნებოდა, მომხდარიყო “ჩუმი” გადატრიალება, შეცვლილიყო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პოლიტელიტა და შესაბამისად, კურსიც. სცენარი დაახლოებით ასეთი შეიძლებოდა, ყოფილიყო: რუსეთის ელიტა იცვლება, ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა მოლაპარაკებათა მაგიდასთან ჯდება დასავლეთთან ერთად, რათა მასთან ურთიერთობა "სუფთა ფურცლიდან" დაიწყოს - და რუსეთი, როგორც ბრძოლის ველზე დამარცხებული ქვეყანა, თანაც უკვე ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობით, მზად იქნება კომპრომისებისთვის, კერძოდ, იმისთვის, რომ უარი თქვას ყველა იმ უსაფუძვლო ამბიციაზე, რომლის მიღწევასაც ძველი ხელმძღვანელობა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის სამეზობლოში დანაშაულებრივი გზებით ცდილობდა.

ამასთან, აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთის ფედერაცია შენარჩუნდეს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად სადღეისოდ არსებულ საზღვრებში, რადგან როგორი ლიბერალიზაცია და დემოკრატიზაციაც არ უნდა განიცადოს მოსკოვმა, იგი მაინც საფრთხის წყაროდ დარჩება: რუსეთის ისტორიას რომ გადავხედოთ, ყველა ცვლილების შემდეგ იგი გარკვეული მომენტისთვის მაინც უბრუნდებოდა ტოტალიტარიზმს, დიქტატურას და ინარჩუნებდა იმპერიალისტურ ამბიციებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რუსეთის “მტრის ხატი” შენარჩუნდება და ამ პირობებში ევროპაში უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად მოგვევლინება ნატო, რომლის წევრი სახელმწიფოები დღეს უკრაინას რუსეთის დამარცხებაში იარაღითა და ფინანსებით ეხმარებიან.

რუსეთში ძვრები უკვე სახეზეა

განვმეორდები: აშშ-ს არ სურს არც რუსეთის რღვევა, არც რევოლუცია და ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა – ესოდენ ჩვეული მოვლენა თავად რუსეთის ისტორიაში. ვაშინგტონისთვის გაცილებით უფრო მისაღები იქნებოდა “ჩუმი” გადატრიალება, როცა ლიდერი, მაგალითად, ამა თუ იმ მიზეზით იღუპება და ბუნებრივად იცვლება ახლით. დღეს, როცა აშშ, ცოტა არ იყოს, აჯანჯლებს უკრაინის სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას, ეს, ჩემი აზრით, აიხსნება სწორედ იმით, რომ შტატები რუსეთში სერიოზულ ცვლილებებს ელის, კერძოდ, ერთი სული აქვს, როდის გამოვა კრემლის ჭიშკრიდან ახალი – გარდამავალი პერიოდის ლიდერი. და უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში ეს პროცესები უკვე დაიწყო.

პუტინის ე.წ. სპეცოპერაცია უკრაინაში მეტისმეტად გაჯანჯლდა – მაქსიმუმ ერთ კვირაზე გათვლილმა, მან უკვე 100 დღეს გადააბიჯა, დასასრული კი არ ჩანს და ბრძოლა პოზიციურ ხასიათს იძენს, რაც განგრძობითი ომის ნიშანთვისებაა. ამასობაში რუსეთში სულ უფრო ცოტა რჩება მოქალაქე, რომელსაც ახლობელი თუ ნაცნობი არ დაუზარალდა, დაეჭრა ან დაეღუპა. შესაბამისად, ვითარება მძიმდება, ტემპერატურა იმატებს. ამასთანავე, სულ უფრო აქტიურად ჟონავს ინფორმაცია პუტინის ავადობის შესახებ.

ამ ფონზე, ცხადია, რუსეთის ლიდერი სუსტდება პოლიტიკურადაც: მან ვერ გაუძლო ამ ომის სიმძიმეს და ნერვიულად ცვლის საკუთარ მართვის სისტემას: გარეგნულად ამ სისტემის ვითომდა მონოლითურობის შესანარჩუნებლად იგი პასუხისმგებელ პირებს ოფიციალურად თანამდებობებიდან არ ხსნის, თუმცა რეალურად, სახლში უშვებს. გენერალიტეტი ფაქტობრივად, განადგურებულია, არმიების ხელმძღვანელებს ხსნიან, მათ წინააღმდეგ საქმეებია აღძრული საბრძოლო ამოცანების შეუსრულებლობისა და დიდი მსხვერპლის გამო. ჯამში კი ეს ყველაფერი დაძაბულობას ზრდის: ყველა ერთის მხრივ, შიშშია, შემდეგ "მსხვერპლად" არ იქცეს, ხოლო მეორეს მხრივ, შექმნილ ვითარებაში ადანაშაულებს პუტინს, რომელსაც, ფაქტია, ამ ომთან დაკავშირებით საქმე გეგმის მიხედვით არ წაუვიდა. სამხედროები საბრძოლო ამოცანებს თავს ვერ ართმევენ და ხელს ФСБ-სკენ იშვერენ, რომელსაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი 5 მილირადი რუბლით უკრაინაში “ვითარება უნდა შეემზადებინა” – მეხუთე კოლონისა და ყველა სხვა მსგავსი ასპექტის ჩათვლით, ФСБ კი ირწმუნება, რომ თავისი საქმე გააკეთა და რუსეთის არმიის წარუმატებლობაში თავად სამხედროები არიან დამნაშავეები.

ამგვარად, დაწყებულია "კრემლის კოშკების ომი" და ამასთანავე, ჟონავს ინსაიდერების ინფორმაციები პუტინით მზარდი საერთო უკმაყოფილების შესახებ.

კადიროვი რუსეთში ერთადერთ ძალოვან “მოთამაშედ” იქცა

ახლა გავიხსენოთ, რა ხდებოდა მსგავს სიტუაციებში რუსეთშიწარსულში. გავიხსენოთ, მაგალითად, როგორ აპატიმრებდნენ თავის დროზე ლავრენტი ბერიას: ერთადერთი, ვინც ეს გარისკა, იყო ჟუკოვი, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმამდე მან НКВД-ს მოჟაისკში მდგომი დივიზიის ნიველირებას მიაღწია, რადგან ყველამ იცოდა, რომ ბერიას მიერ შესაბამისი ბრძანების გაცემის შემთხვევაში ეს დივიზია მოსკოვში გაჩნდებოდა და ყველაფერს პირისაგან მიწისა აღგვიდა. გავიხსენოთ ასევე, როგორ გადაისროლეს 1991 წლის პუტჩის დროს დედაქალაქში პირველ გვარდიულ სატანკო არმიაში შემავალი, მოსკოვის შემოგარენში დისლოცირებული ტამანის დივიზია. და იგივე დივიზია იყო შეყვანილი მოსკოვში 1993 წელსაც. მის სიახლოვესაა ხოლმე დისლოცირებული კანტემიროვის დივიზიაც, რომელიც ასევე პირველი გვარდიული სატანკო არმიის შემადგენლობაში შედის და აი, ეს არმია ყოველთვის დედაქალაქის სიახლოვეს ჰყავდათ განთავსებული – როგორც გარე საფრთხის, ისე შიდა მტრებთან ბრძოლის საჭიროების შემთხვევებისთვის.

მაგრამ ვნახოთ, რა ხდება დღეს: დღეს კანტემიროვის დივიზია უკრაინაშია გადასროლილი და უდიდეს დანაკარგებს განიცდის, ზუსტად ისევე, როგორც ტამანის დივიზია – უკრაინელები სადღეისოდ ფაქტობრივად, მათ ნარჩენებს ანადგურებენ. ასევე უკრაინაში არიან დღეს პსკოვის მედესანტეები, რომლებიც, მაგალითად, 1993 წლის მოვლენებისას (ელცინის მიერ რუდსკოისა და ხაზბულატოვზე შეტევისას) მოსკოვში “თეთრი სახლის” შტურმში იღებდნენ მონაწილეობას.

აი, ასეთ ვითარებაშია სადღეისოდ პირველი სატანკო არმია, მისი ხელმძღვანელი კი “გაუმართებელი მსხვერპლის” გამო საქმეს ჩამოაშორეს. ანუ, ეს არმია დღეს ფაქტობრივად, განადგურებულია და ზოგადადაც, რუსულ შეიარაღებულ ძალებში შემავალი 10 არმიიდან ათივე უკრაინაში იბრძვის. შესაბამისად, დღეს რუსეთს ბელგოროდიდან ვლადივოსტოკამდე პრაქტიკულად, დამცველი არ ჰყავს. ამასთან, ტექნიკის კუთხითაც დანაკარგები ათასებს ითვლის და რუსული ჯარი უკვე საწყობებიდან გამოყვანილ ძველისძველ საბჭოთა შეიარაღებას იყენებს, როგორიცაა, მაგალითად, T-62, T-80 ტიპის ტანკები, ასევე მოძველებული ჯავშანტექნიკა – იგივე БТР-80 და სხვა.

გამოდის, რომ თუ დღეს რომელიმე კლანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გადაწყვეტს, რისთვისაც რომელიმე ძალოვან შენაერთს უნდა დაეყრდნოს, მსგავსი შენაერთი მოსკოვის ან გნებავთ, სანქტ-პეტერბურგის სიახლოვეს ფიზიკურად არ არსებობს.

ახლა კადიროვის დროა

მაშ ვის შეუძლია სადღეისოდ საჭიროების შემთხვევაში მოსკოვის აღება? - ასეთი მხოლოდ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვია – კადიროვი, რომლის მტკიცებით, მის დაქვემდებარებაში 30 000 მეომარია.

ადრეც გამომითქვამს ვარაუდი, რომ რუსეთის ფედერაციის ძალოვანი სისტემის დაშლა სწორედ კადიროვიდან, ე.წ. "კადიროველებიდან" დაიწყებოდა, რადგან აქ საქმე გვაქვს გაუგონარ რეალობასთან: რეგიონული დონის ჩინოსანი სათავეში უდგას ფედერალური სამართალდამცველი ორგანოს – როსგვარდიის ნაწილს, რომელიც ამ ორგანოს ხელმძღვანელ ზოლოტოვს აღარ ექვემდებარება.

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში სადღეისოდ ძალიან ცოტა “კადიროველია” გადასროლილი – ალბათ, სულ 200-მდე გვარდიელი, რომელიც ამჟამად მარიუპოლს ძარცვავს, დანარჩენები რუსეთში რჩებიან. მოსკოვში მათი შტაბ-ბინა ოტელ “პრემიერ-პალასშია” განთავსებული. ФСБ-ს ხალხი “კადიროველებს” ვერ იტანს სწორედ იმ ზეკომფორტის გამო, რომელიც მათ, მათ შორის, დედაქალაქში აქვთ შექმნილი: ცხოვრობენ საუკეთესო პირობებში; მოსკოვის მასშტაბით უძვირესი ჯიპებით, თანაც შეიარაღებულები გადაადგილდებიან; შეუძლიათ, დაუსჯელად დაიწყონ რომელიმე რესტორნის წინ ჰაერში სროლა რაიმე დღესასწაულის აღსანიშნავად და ა.შ.

ანალოგიური ბაზა აქვთ "კადიროველებს" სანქტ-პეტერბურგშიც და დღეს რომ კადიროვმა ბრძანება გასცეს, არც მოსკოვში, არც პეტერბურგში აღარ რჩება არც ერთი ძალოვანი ორგანო, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა მის მებრძოლებს, რომელთათვისაც რუსეთის ორივე დედაქალაქის აღება ალბათ, სულ რამდენიმე საათის საქმეა.

სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს, ალბათ, ის არაორდინალური ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრი შოიგუ ამასწინათ კადიროვს პირადად ეახლა. აქ ორ შესაძლებლობასთან გვაქვს საქმე: შოიგუს ან იმის გარკვევა ჰქონდა დავალებული, რა სურს კადიროვს იმის სანაცვლოდ, რომ კრემლის შტურმი არ დაიწყოს, ან ჩეჩნეთის ლიდერისთვის უნდა გადაეცა თხოვნა, საჭიროების შემთხვევაში კრემლი დაიცვას.

რომ შევაჯამოთ, რუსეთის ტახტი ირყევა, პუტინს სახელისუფლებო ვერტიკალი ხელიდან ეცლება, ამ ვითარებაში რუსეთის მასშტაბით დარჩენილი ფაქტობრივად ერთადერთი ძალოვანი მოთამაშე კადიროვია და ის კრემლს ან დაიცავს, ან თავად აიღებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები