Accentnews.ge
ვინ დგას გაგლოევის "პროქართულობისა" და "პროამერიკულობის" ბრალდების უკან

ვინ დგას გაგლოევის "პროქართულობისა" და "პროამერიკულობის" ბრალდების უკან

06/06/2022 21:44:53 კონფლიქტები

ცხინვალში გრძელდება სკანდალი ახლადგამომცხვარი რუსი "პოლიტოლოგის" - სერგეი კარნაუხოვის ირგვლივ, რომელმაც ამასწინათ ტელეგადაცემა "Соловьев Live"-ის ეთერში ახალარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი "უცხოური სპეცსამსახურების აგენტად" მოიხსენია და მეტიც, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმის გამო "ქუჩის არეულობებითაც" კი დაემუქრა.

«[გაგლოევის წარსულში - რედ.] ბევრი რამ იქცევდა ყურადღებას: ის, თუ როგორ ლობირებდა იგი თავის დროზე [დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვარზე - რედ.] იმ გადასასვლელების გახსნას, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა ფაქტობრივი ხვრელები და ამ გზით რესპუბლიკაში შეღწეული ქართული აგენტურა საზღვრისპირა სოფლებში იბირებდა საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, უპირველესად - ბიზნესმენებს, რომლებიც შემდეგ საქართველოსგან სხვადასხვა დახმარებას იღებდნენ; ანდა როგორ იცვლიდა იგი [გაგლოევი - რედ]. აზრს და აგრესიული ხდებოდა სამხრეთ ოსეთის გეგმის მიმართ, რუსეთის ფედერაციას მიერთებოდა. ყველამ ვიცით, რომ ამას აქტიურად ეწინააღმდეგება საქართველო, გაგლოევი კი სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც ძალიან აქტიურად მოქმედებდა საქართველოს და აშშ-ის ინტერესებში. და აი, დღეს ის უკვე სამხრეთ ოსეთის ლიდერია. ამიტომაც როცა გაგლოევმა ამასწინათ უარი თქვა, აღესრულებინა წინამორბედის ბრძანებულება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე, უმალვე გამიჩნდა კითხვა: «რა ხდება?». ეს ძალზე მნიშვნელოვანია! ღმერთმა არ ქნას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კვლავ მივიღოთ დაძაბულობის კერა! უნდა გვესმოდეს, რომ თუ გაგლოევს ღმერთი გაუწყრება და უახლოეს დღეებში არ გააკეთებს განმარტებებს იმის შესახებ, რას ნიშნავს მისი უარი რუსეთთან მიერთებაზე, ეს სამხრეთ ოსეთში უცილობლად გამოიწვევს მასობრივ არეულობებს, რადგან სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში სურს ყოფნა და ნამდვილად არ სურს საქართველოში» - განაცხადა სერგეი კარნაუხოვმა 1 ივნისს "Соловьев Live"-ის ეთერში საუბრისას.

რუსმა "პოლიტოლოგმა", როგორც ჩანს, არ უწყის, რომ დე ფაქტო საზღვარზე გამშვები პუნქტები ოფიციალურად 2010 წლის ნოემბერში გაიხსნა (მანამდე ისინი ძალოვანების კონტროლქვეშ მოქმედებდა, მაგრამ არაოფიციალურ რეჟიმში); რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მაშინ არა უშიშროების 29 წლის ოფიცერმა ალან გაგლოევმა მიიღო, არამედ იმჟამინდელმა დე ფაქტო პრემიერმა ვადიმ ბროვცევმა; რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ამოსავალს წარმოადგენდა ჰუმანიტარული მოსაზრებები, კერძოდ - გაყოფილი ოჯახების პრობლემები; რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც კი ამასწინათ გავრცეებულ განცხადებაში კმაყოფილება გამოთქვა ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი რეფერენდუმის გადადების გამო. ამდენად, ბ-ნი კარნაუხოვის გათვითცნობიერებულობასა და შესაბამისად, კომპეტენციას მაღალი შეფასება აშკარად ვერ მიეცემა.

სხვათა შორის, თავად რუსეთში კარნაუხოვს ყველაზე ნაკლებად იცნობენ პოლიტოლოგად. ღია წყაროების მონაცემებით, იგი რუსეთის შსს-ს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელია. ამასთან, ჟურნალ "New Times"-ის ვერსიით, კარნაუხოვს ვიც-გუბერნატორის სტატუსით კრემლისთვის ნაკლებად სანდო გუბერნატორების გარემოცვაში ნერგავდნენ "შიდა ვითარების მონიტორისა და საჭიროების შემთხვევაში არცთუ საამაყო დავალებების შესრულებისთვის". სოცქსელებში კი მას "კიროვლესის საქმის" ერთ-ერთ ინიციატორად მოიხსენიებენ: საუბარია იმ სკანდალურ ქეისზე, რომლის ფიგურანტად რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი გვევლინებოდა, ბრალდებულებად კი - კიროვის სამხარეო მთავრობის ჩინოსნები, რომლებიც იმჟამინდელი გუბერნატორის - ნიკიტა ბელიხის საახლობლო წრეში შედიოდნენ. აი, პოლიტოლოგიასთან კი, ისევე, როგორც კავკასიასთან, კარნაუხოვს, თუ მისი ბიოგრაფიით ვიმსჯელებთ, არავითარი შეხება არასოდეს ჰქონია - თუ არ ჩავთვლით ერთხელ რუსეთის ჯაშუშ ანა ჩაპმანთან ერთობლივ ვიზიტს სომხეთში.

ალან გაგლოევის მიმართ რუსი "პოლიტოლოგის" ბრალდებებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი გამოეხმაურა. «მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი სპეცშემოწმებას გადის და ეს სრულად გამორიცხავს უმაღლეს თანამდებობაზე იმ პერსონების მოხვედრას, რომელთა ბიოგრაფიაშიც კანონსაწინააღმდეგო და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის თუნდაც ერთი ნიშანი მოიძებნება... სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს შორის მჭიდრო უწყებათაშორისი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გათვალისწინებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოსკოვს გაეგზავნა ოფიციალური მიმართვა ვითარებაში გარკვევის თხოვნით» - ვკითხულობთ დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

საკანცელარიო ენიდან სასაუბროზე რომ ვთარგმნოთ, ეს ტექსტი ნიშნავს დაახლოებით შემდეგს: «გავარკვევთ, ვინ დგას სამხრეთ ოსეთის მიმართ ბ-ნი კარნაუხოვის მოულოდნელი ინტერესისა და მასობრივი არეულობების შესახებ მისი მუქარის უკან».

ამასთანავე, ოსურმა დე ფაქტო უშიშროებამ თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ ფაქტზე ალან გაგლოევის ბიოგრაფიიდან, რომელიც, მისი შეფასებით, კარნაუხოვის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს აქარწყლებს:

«ალან გაგლოევი აქტიური მონაწილე გახლდათ 2008 წელს ქართულ აგრესიასთან ბრძოლისა, რომლის დროსაც მისმა ოჯახმა უმძიმესი ზარალი განიცადა».

ოსურ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში ახალ დე ფაქტო პრეზიდენტზე კარნაუხოვის შეტევის უკან ალან გაგლოევის წინამორბედის - ანატოლი ბიბილოვის ჩრდილი განჭვრიტეს. როგორც ცხინვალში აღნიშნავენ, სწორედ ბიბილოვს სჩვევია მდარე ხარისხის პროპაგანდისტული კამპანიების წარმოება საეჭვო კომპეტენციის "ექსპერტების" ჩართულობით. ამ კონტექსტში ბიბილოვს გაუხსენეს ვინმე ვესელოვსკის გამოყენება, რომელიც ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის პოლიტიკურ ოპონენტებს "ქართველებისა და სოროსის ლეკვებად" მოიხსენიებდა ყოველ ჯერზე, როცა ისინი ძალოვანების მიერ 30 წლის ცხინვალელი ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვდნენ. ბიბილოვის მმართველობისას იყო მსგავსი პროპაგანდისტული კამპანიების არაერთი სხვა ეპიზოდიც. ამდენად, დღეს, როდესაც ჰორიზონტზე მოულოდნელად გამოჩნდა "პოლიტოლოგი" კარნაუხოვი ამასწინანდელ "საპრეზიდენტო არჩევნებში" ბიბილოვის დამმარცხებელი ალან გაგლოევის მიმართ მსგავსი ბრალდებებით, უმრავლესობამ ეს, ბუნებრივია, სწორედ ბიბილოვს მიაწერა.

პოლიტოლოგ ირინა გაგლოევას განცხადებით, "სამხრეთ ოსეთში ყველას ესმის, ვის და რაში დასჭირდა ეს საინფორმაციო ნაბიჯი":

«ეს არის ბინძური ტექნოლოგია მათი მხრიდან, ვინც საპარლამენტო არჩევნებზე რევანშის აღებას ლამობს. ამ მიზნით ისინი იყენებენ თემას, რომელიც განსაკუთრებით მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის - პროქართულ განწყობებს. სხვა რაში შეუძლიათ, დაადანაშაულონ ჩვენი ახალი ხელმძღვანელობა? - ის ხომ ახალია, ჯერ ვერაფრის "დაშავება" მოასწრო და შესაბამისად, სათქმელიც არაფერი აქვთ. განსაკუთრებით სამწუხარო ისაა, რომ რევანშის აღებას ცდილობს ძალა, რომელმაც თავად დაუთმო ჩვენი ტერიტორიები საქართველოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სიტუაცია წერტილამდე მიიყვანა».

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი დავით სანაკოევი ასევე მიიჩნევს, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ბიბილოვისა და მისი გუნდის მხრიდან ძალაუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების ნაწილი, რომ დე ფაქტო ექს-პრეზიდენტი პოლიტიკურ მარცხს ვერა და ვერ ეგუება, "არჩევნებში" გაგლოევის გამარჯვებას კი მიიჩნევს "უბრალო გაუგებრობად", რომელიც "შესაძლებელიცაა და აუცილებელიც, გამოსწორდეს":

«ბიბილოვმა არაერთგზის განაცხადა, რომ პოლიტიკას არ მიატოვებს. და აქ მას არსენალში ერთადერთი თემა რჩება ჯაშუშომანიის სახით, რადგან ნებისმიერი სხვა საკითხის წამოწევით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს: გინდ ეკონომიკა იყოს, გინდ სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა, გინდ სასამართლო სისტემის ხარისხი - ყველა ამ სფეროში სრული კრახი გვახსოვს მისი მმართველობისას. ამდენად, ბიბილოვს ისღა დარჩენია, ადამიანებს ცილი დასწამოს, მტრებად მოიხსენიოს და კონსპიროლოგიით დაკავდეს. თუმცა ვფიქრობ, ამ ყველაფერს მალე მოეღება ბოლო: ჩვენთან ხომ რუსმა აუდიტორებმა დაიწყეს შემოწმებები და ალბათ, უახლოეს ხანებში ნათელი გახდება, ვინ რით იყო დაკავებული რეალურად, ვინ რაშია დამნაშავე, ვინ ზრუნავდა სამშობლოზე, ვინ - საკუთარ კეთილდღეობაზე».

გაგლოევას აზრით, ადგილობრივთა დამოკიდებულება რეფერენდუმისა და რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების მიმართ პრორუსული ან ანტირუსული განწყობების კრიტერიუმად არ გამოდგება:

«მოსახლეობა (ყოველ შემთხვევაში ურავლესობა) გაგებით ეკიდება იმას, რომ სადღეისოდ რეფერენდუმი შეუძლებელია. ძალიან ბევრია ასევე მოქალაქე, რომელიც ემხრობა დამოუკიდებელ განვითარებას გაღრმავებული საინტეგრაციო პროცესით. ამდენად, სასაცილოდ მეჩვენება მსგავსი მცდელობები, რეფერენდუმის გადადება ამჟამინდელი ხელისუფლების პროქართულ განწყობებს დაუკავშირონ».

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S