სამნიძე: "კობახიძისგან ძალადობის წახალისება გვესმის"
07/06/2022 09:32:24 პოლიტიკა
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებებით მოძალადეებს ახალისებს.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ კობახიძემ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბროს, იგი მოძალადე ჯგუფებს მწვანე შუქს უნთებს, რომ განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს თავს დაესხან.
"გვესმის მისგან [ირაკლი კობახიძისგან] წახალისება ძალადობის, რომელსაც აქვს ადგილი ქვეყანაში და ამ წახალისებასთან ერთად მოწოდება, რომ მომავალშიც ყველა მოძალადე ვინც არ ეთანხმება, რომელიმე პოლიტიკოსს, მზად იყოს, რომ მათი თავდასხმა არ იქნება არც დასჯილი, პირიქით. თურმე ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე და სინამდვილეში მეფის კრიტიკა და ერეკლე მეორის კრიტიკა კი არ არის მისთვის პრობლემა, ქართული ოცნების მეფე მთავარი პატრონი, ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი რომ გააკრიტიკა ლევან ბერძენიშვილმა, ეს არის პრობლემა", -განაცხადა ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, საქართველოს იდენტობას სწორედ ირაკლი კობახიძე ებრძვის, რადგანაც არ საუბრობს რეალურ პრობლემებზე და ცდილობს, საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპიროს:
"არაფრის გამო. ფსევდოპატრიოტიზმის გამო. ძალადობა არის თქვენი მთავარი დნმ თქვენს პარტიაში. აი, ამის გამო. მაგრამ ამის საშუალება არ მოგცემთ საზოგადოება. გუშინ პირველად მითხრა ჩემმა შვილმა, გარეთ საღამოს მარტო ნუ გახვალო. აი, ამ სიტყვების გამო მარტო, არ გაპატიებთ არც ერთ შემთხვევაში, როდესაც მოძალადეებს მოუწოდებთ და წაახალისებთ ძალადობას".
6 ივნისს "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერების ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. პოლიციამ საქმეზე ერთი პირი დააკავა. გარდა ამისა, პოლიტიკოსები დაზარალებულებად ცნეს.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერებზე თავდასხმიდან მეორე დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა, რომ "ძმებ ბერძენიშვილებს გამორჩეული ზიზღი აქვთ ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ". მას პოლიტიკოსებზე თავდასხმის ფაქტი არ დაუგმია.
მისი თქმით, "იმისთვის რომ იდენტობა შეარყიო უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას, ეს კი არიან დიდი წინაპრები, სარწმუნოება და ეკლესია".
"ენმ ყველამ ვიცით, რომ არის დოქსოპოლო, კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილი, ეს ადამიანები, ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები ასი წლის წინ უროთი ანგრევდნენ", - თქვა კობახიძემ.


