
ანთაძე – ერგნეთის შეხვედრის შემდეგ: "ვცდილობთ, მივაღწიოთ პროგრესს, რომელიც აუცილებლად იქნება"
07/06/2022 13:38:24 კონფლიქტები
ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ, მათ შორის უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყონებლივი გათავისუფლების საკითხი დააყენა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, "ქართული მხარე ცდილობს, მიაღწიოს პროგრესს, რომელიც აუცილებლად იქნება".
"მთავარი განხილვის საკითხი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ბედი. რაც შეეხება კონსენსუსს, ამაზე საუბარი შეგვეძლება მაშინ, როდესაც ჩვენ მათ გადმოვიყვანთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხება, ამ კონკრეტულ შვიდ უკანონო პატიმარს, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ძალიან ინტენსიური დისკუსია, ინდიკატორებზე საუბარი ჯერ–ჯერობით არ მინდა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტენსიური მხარდაჭერით ვცდილობთ, მივაღწიოთ პროგრესს და ეს პროგრესი, რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება. შედგა გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ხაზი გაესვა ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენების აუცილებლობას, ჩვენ კონტაქტზე ვართ უკანონოდ დაკავებულთა ოჯახის წევრებთან და დღევანდელი შეხვედრის შესახებ, ჩვენ მათ გავუზიარებთ ინფორმაციას“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
სუს-ის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ განხორციელებული უკანონო ქმედებები, მათ შორის აღინიშნა ადგილობრივებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი და საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული სამხედრო წვრთნები.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მუშაობის ეფექტური ფუნქციონირების საკითხს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 107-ე შეხვედრა დღეს გაიმართა. მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 23 სექტემბერსაა დაგეგმილი.