
სანქციები: დეტალები, გათვლა, ეფექტი, პროგნოზი
07/06/2022 17:13:30 ანალიზი
ცოტა ხნის წინ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-6 პაკეტი მიიღო, რომელიც, მათ შორის, რუსული ნავთობის იმპორტზე ნაწილობრივ ემბარგოს ითვალისწინებს. რა იყო ეს – რეალური დახმარება უკრაინას, თუ რუსეთის ფორმალური დასჯა გაჩაღებული ომის გამო?
შეაჩერებს თუ არა სანქციები ომს?
ბრიუსელი ამ სანქციების შემოღების მიზნად უკრაინის დახმარებას ასახელებს იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთს ხელიდან უნდა გამოეცალოს ევროპაში რუსული ნავთობის ექსპორტის შედეგად შემავალი უზარმაზარი შემოსავალი, რომელიც პუტინის ქვეყნის ბიუჯეტის სერიოზულ საყრდენს წარმოადგენს. გათვლა იმაზე კეთდება, რომ ამ შემოსავალს მოკლებული რუსეთი გარკვეულ ეტაპზე საკუთარი სამხედრო მანქანის დაფინანსებას ვეღარ შეძლებს.
მიღებული სასანქციო პაკეტის დეტალებს რომ ჩავუღრმავდეთ, ვიხილავთ ემბარგოს ნავთობნედლეულზე, რომელიც 6 თვეში ამოქმედდება, ნავთობპროდუქტებზე, რომელიც 8 თვეში შევა ძალაში, ხოლო მილსადენ “დრუჟბას” მეშვეობით მიმავალ ნავთობზე ემბარგოს შემოღების საკითხი ჯერ საერთოდაც გაურკვეველი რჩება.
ნათელია, რომ მსგავსი ემბარგო სადღეისოდ ომის შეწყვეტას ვერ უზრუნველყოფს. თუმცა როგორც ევროკავშირში განმარტავენ, ა) დღეს შემოღებული ემბარგო რომ ხვალვე აემოქმედებინათ, ეს ნავთობის მსოფლიო ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას გამოიწვევდა და ბ) ფაქტია, რომ ევროკავშირმა დაიწყო თანდათანობითი სვლა რუსულ ნავთობზე უარის სრულად თქმისკენ და პუტინის ქვეყანა ევროპიდან სულ უფრო და უფრო ნაკლებ ფულს მიიღებს, რაც გარკვეულ მომენტში აუცილებლად აისახება რუსეთის შესაძლებლობაზე, საომარი კამპანია გააგრძელოს.
უნგრეთის განსაკუთრებული პოზიციის რეალური მიზეზები
რიგით მე-6 სასანქციო პაკეტის მიღება მნიშვნელოვნად გაჯანჯლდა, მათ შორის – უნგრეთის განსხვავებული პოზიციის გამო. ითვლება, რომ მიზეზი უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის პუტინთან მეგობრობაა. თუმცა დამკვირვებლებს, რომლებიც ბრიუსელში სანქციების შესახებ მიმდინარე კონსულტაციებს ადევნებდნენ თვალს, შეექმნათ შემდეგი შთაბეჭდილება: ორბანი რეალურად, არავის მეგობარია, საკუთარი თავის გარდა.
ანალიტიკოსები ამ კუთხით შემდეგ გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას: დავები მას შემდეგ დასრულდა, რაც ევროკავშირმა იპოვა გამოსავალი უნგრეთის ეკონომიკური ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად, კერძოდ, დაუშვა გამონაკლისი მილსადენ “დრუჟბათი” უნგრეთისთვის მისაწოდებელი რუსული ნავთობისთვის და გააკეთა დათქმა, რომ თუ ხსენებული მილსადენი რაღაც მიზეზით მოქმედებას შეწყვეტს, უნგრეთი ნავთობის ტანკერებით მიღებას შეძლებს.
ანალოგიური გამონაკლისები დაიშვა ჩეხეთისა და სლოვაკეთისთვის, რომლებიც უნგრეთის მსგავსად, დიდად არიან დამოკიდებული საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ აღნიშნულ მილსადენზე.
როგორც კი ხსენებული გამონაკლისები შეთანხმდა, უნგრეთმა საკუთარი პრეტენზიები დღის წესრიგიდან მოხსნა და მე-6 სასანქციო პაკეტით გათვალისწინებულ ემბარგოს დასთანხმდა, ეს კი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა რეალური მოტივები და მიზნები ამოძრავებდა ვიქტორ ორბანს სასანქციო პაკეტის მიღების თავდაპირველი დაბლოკვისას.
აშინებს თუ არა ბრიუსელს ზამთარი?
ევროკავშირს რუსულ ნავთობზე უარის თქმა ნაბიჯ-ნაბიჯ – 6 თვეში აქვს გადაწყვეტილი, რაც ზამთრის პერიოდს დაემთხვევა. თუმცა ევროპას ეს გარემოება არ აშფოთებს.
როგორც ბრიუსელში განმარტავენ, ნედლი ნავთობის შემთხვევაში – 6-თვიანი, ხოლო ნავთობპროდუქტებისთვის 8-თვიანი პერიოდი სწორედ იმ მიზნით იქნა გათვალისწინებული, რომ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულმა ყველა ევროპულმა სახელმწიფომ ალტერნატიული წყაროების მოძიება და გათბობის სეზონისთვის ყველა საჭირო ცისტერნის შევსება მოასწროს.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ხანრძლივი კონსულტაციების პროცესში გაკეთდა ყველა შესაძლო ასპექტის გათვლა და ევროპას რომ ზამთრისათვის ამ კუთხით რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს, ემბარგოს დაწესებას არავინ დასთანხმდებოდა.
რაზეა საუბარი: რუსული ნავთობისგან დამზადებულ პროდუქტზე, თუ რუსეთში წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე?
რიგით მე-6 სასანქციო პაკეტით გათვალისწინებული ემბარგო ვრცელდება როგორც რუსეთიდან ექსპორტირებულ, ისე რუსული წარმომავლობის მთელს ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე – მათი როგორც პირდაპირ, ისე ირიბად შესყიდვა იკრძალება. ემბარგო ეხება რუსული ნავთობისგან სხვა ქვეყნებში წარმოებულ ნავთობპროდუქტებსაც.
ცხადია, რუსეთი ყოველმხრივ ეცდება, სანქციებისთვის გვერდის ავლის გზები გამონახოს, მაგალითად, გადააგზავნოს თავისი ნავთობი რომელიმე ქვეყანაში, სადაც მას გადაამუშავებენ და შემდეგ ეცდებიან, ევროკავშირში უკვე იმ ქვეყნის პროდუქციის სახელით გაასაღონ. მაგრამ დასავლეთს გათვალისწინებული აქვს კონტროლისა და მონიტორინგის უმკაცრესი ზომები და ნებისმიერი მსგავსი მცდელობის შესაძლო გამოვლენას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება არა მარტო რუსეთის, არამედ იმ ქვეყნის მიმართ.
რა ვითარებაა რუსული გაზის ექსპორტის კუთხით
ევროკავშირმა რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო დააწესა, თუმცა ამ ეტაპზე უარი განაცხადა იმაზე, რომ იგივე რუსული გაზის კუთხით გაეკეთებინა. ევროკომისიის გათვლით, რუსულ გაზზე უარის სრულად თქმა მხოლოდ 2026-27 წლებისთვის იქნება შესაძლებელი.
თუმცა ეს მხოლოდ მიახლოებითი ვადებია და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება ენერგეტიკის კუთხით ევროკომისიის გლობალური გეგმების რეალიზება: თუ, მაგალითად, განახლებადი ენერგიის მიმართულება სწრაფად განვითარდება და მისი ეფექტურობა მაღალი ტემპით გაიზრდება, რუსულ გაზზე უარის თქმაც გაცილებით ადრე გახდება შესაძლებელი.
გარდა ამისა, 2026-27 წ.წ. – ეს რუსულ გაზზე უარის სრულად თქმის სავარაუდო ვადებია, თორემ უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე, ევროკომისიის გათვლით, ევროკავშირი შეძლებს, რუსეთისგან შესაძენი ბუნებრივი აირის მოცულობა დაახლოებით სამჯერ შეამციროს, ომამდელ პერიოდთან შედარებით. ეს, ცხადია, ძალზე მნიშვნელოვანი შემცირებაა და ნიშნავს, რომ წლის ბოლოსთვის (თუ ამას რუსული ნავთობის იმპორტზე ნაწილობრივ ემბარგოსაც დავამატებთ) რუსეთი ევროკავშირიდან გაცილებით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს, რაც მძიმე დარტყმად იქცევა ენერგომატარებლების ექსპორტზე დიდად დამოკიდებული რუსული ბიუჯეტისათვის.
გაჭრა თუ არა პუტინის შანტაჟმა
პუტინი რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდას მოითხოვს და ხუთ ქვეყანას (პოლონეთი, ბულგარეთი, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები) ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გაზი უკვე ჩაუჭრა.
საწყის ეტაპზე ამან ევროკავშირი შეაშფოთა: შიშობდნენ, მსგავსი ქვეყნების რაოდენობა კიდევ არ გაზრდილიყო. თუმცა ბოლო დროს ამ თემამ ბრიუსელში აქტუალურობა საგრძობლად დაკარგა.
საქმე იმაშია, რომ ხსენებულ სახელმწიფოებს მაინც მიეწოდებათ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან გაზი, რომლის ნაწილი რუსულია. ამგვარად, რუსული ბუნებრივი აირის ძირითადი მომხმარებლები ბუნებრივ აირს მოსკოვის ხსენებული ნაბიჯის შემდეგაც იღებენ და შეიძლება, ითქვას, რომ პუტინის შანტაჟმა არ გაჭრა.
სანქცირებული საბანკო სფერო
ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი, როგორც იქნა, შეეხო რუსულ “სბერბანკსაც”, რომელიც სისტემა SWIFT-ისგან გათიშეს. რატომ ახლა და არა მანამდე?
როგორც ევროკავშირის ანალიტიკოსები განმარტავენ, ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ენერგომატარებლების თემასთან, კერძოდ, საკმაოდ ბევრი გადახდა სწორედ “სბერბანკის” გავლით წარმოებდა. თუმცა ის სქემა, რომლითაც რუსეთს სადღეისოდ მიწოდებული გაზის საფასურის გადახდა სურს, ითვალისწინებს გადახდებს “გაზპრომბანკის” და არა “სბერბანკის” გავლით, რამაც ყველა წინააღმდეგობა მოხსნა “სბერბანკის” SWIFT-ისგან გათიშვის მიმართულებით.
ამრიგად, “სბერბანკი” კიდევ ორ მსხვილ რუსულ საბანკო ორგანიზაციასთან ერთად 14 ივნისიდან SWIFT-ისგან გაითიშება.
კონკრეტული სანქცირებული პირები: რატომ არ მოხვდა სიაში პატრიარქი კირილი
დასავლური სანქციების მე-6 პაკეტი შეეხო რუსეთის მთელ რიგ ცალკეულ წარმომადგენლებსაც, მათ შორის – პრეზიდენტ პუტინის უახლოეს ადამიანებს.
თავდაპირველად “შავი სიის” პროექტში ფიგურირებდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილიც, თუმცა მოგვიანებით, ისევ და ისევ უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის ძალისხმევით, იგი სიიდან ამორიცხეს, რამაც უამრავი სხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ორბანი თავს ქრისტიანობის დიდ დამცველად პოზიციონირებს. მისი არგუმენტაციაც იმაში მდგომარეობდა, რომ რელიგიური ლიდერების სანქცირება დაუშვებელია.
სამაგიეროდ სანქცირებულთა შორისაა კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდით დაკავებული “ეროვნული მედიაჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალინა კაბაევა - პუტინის არაოფიციალური ცოლი, მეგობარი ქალი თუ საყვარელი, რომელიც ევროპელებმა შესაბამის იურიდიულ დოკუმენტში ჩვეული კორექტულობით “პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირად” მოიხსენიეს.
სანქცირებულთა სიაში ამჯერად მოხვდა რუსი სამხედრო ჩინოსნების მთელი წყებაც, რომელმაც უკრაინის ომში “გამოიჩინა თავი”. მათ შორისაა, მაგალითად, გენერალი მეზინცევი მეტსახელად “მარიუპოლის ყასაბი”, ასევე პოლკოვნიკი უმურბეკოვი, რომელმაც “ბუჩის ყასბის” მეტსახელი მიიღო და სხვები.