მწვავე ტექსტი ევროპარლამენტიდან: „ოცნების“ ბევრი ლიდერის ბრალია, რომ იქ ივანიშვილი მოხვდა“

09-06-2022 17:42:34 კომენტარი

ძალიან მწვავე ტექსტია, რომელიც პრაქტიკულად, გამორიცხავს, რომ ჩვენ ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭონ,– ასე აფასებს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „აქცენტთან“ ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის ტექსტის შინაარსს, რომელსაც წინ უძღოდა დებატები – ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან ისმოდა უმწვავესი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით, მათ შორის, ევროპელი სოციალისტების მხრიდან, რომელთა ოჯახის წევრადაც მოიაზრება „ქართული ოცნება“.

ის ყურადღებას გარდა კრიტიკული შენიშვნებისა, იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ რეზოლუციით ევროპარლამენტი აღიარებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას, პერსპექტივას, თუმცა არ ითხოვს კანდიდატის სტატუსის ახლავე მინიჭებას, როგორც ეს უკრაინის და მოლდოვას შემთხვევაში მოხდა:

„დილემის წინაშე დადგნენ [ევროპარლამენტარები– რედ.]: შენიშვნები იმდენად მწვავეა, რაღაცნაირად უნდა გაემართლებინათ, რომ მაინც უჭერენ მხარს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ამიტომ აქცენტი ხალხის მისწრაფებაზე გააკეთეს“.

გოგოლაშვილი პროგნოზირებს, რომ რეზოლუცია ევროკომისიის დასკვნაზე იქონიებს გავლენას, რომელმაც რეკომენდაცია უნდა გასცეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე:

„ევროკომისია დასკვნისას მხოლოდ იმით არ ხელმძღვანელობს, თუ რა პასუხები ჩაუწერეს მათ კითხვარში [რომელიც საქართველომ შეავსო – რედ], არამედ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან აგროვებენ და ევროპარლამენტი შესაძლოა, ერთ–ერთი უმთავრესი წყარო იყოს. მეორეს მხრივ, როდესაც ევროკავშირის ლიდერები დასხდებიან საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის რეზოლუცია წინ ედებათ და შედარებით სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს ექნებათ არგუმენტები, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკონ. ამიტომ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ძალიან პატარა შანსი დარჩა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. პირობები რომ იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება – ევროპარლამენტი ამბობს, იმუშავეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეო. რაც სწორედ რიგი პირობების დაწესებას ნიშნავს, შემდეგ დაბრუნებას ამ საკითხთან. თუ არ მოგვანიჭეს ახლა, შესაძლოა, ერთ წელიწადში დაუბრუნდნენ საკითხის განხილვას. ესეც იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შესაბამისი პირობები შეიქმნება – ვაჩვენებთ სერიოზულ წინსვლას, ან გაჩნდება გეოპოლიტიკური ინტერესი. ვფიქრობ, მაინც და მაინც არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, ამ ტრიოს [უკრაინა, მოლდოვა, საქართველო] ჩამოვრჩეთ“.

მაგრამ, მმართველი გუნდი კრიტიკისადმი სრულ მიუღებლობას ამჟღავნებს. მაგალითად, 9 ივნისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რეზოლუციას პრაქტიკულად, „ფეიკებით“ სავსე დოკუმენტი უწოდა, რომელსაც მისი თქმით, „ჩალის ფასი აქვს“. და ეს მაშინ, როდესაც ევროკავშირში „ქართული ოცნების“ პარტნიორებს მხარდამჭერი განცხადებები არ გაუკეთებიათ, პირიქით, ისმოდა მწვავე შეფასებები. ანუ საწინააღმდეგოში მათ საკუთარი კოლეგების დარწმუნებაც ვერ შეძლეს, ან არც უცდიათ.

კობახიძე კიდევ უფრო შორს წავიდა, გააგრძელა ანტიდასავლური განწყობების გაღვივების, ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობის ხაზი და განაცხადა, რომ დოკუმენტის ავტორებს, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებს უწოდებენ, შესაძლოა, არ მოსწონდეთ ის, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა და „ამით არ დასაჯა საკუთარი ხალხი“; რომ ევროპულ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა; რომ თურმე საქართველოში „კანონი კანონობს“; რომ „საქართველო არ ჩაერთო ომში“ და რომ კანდიდატის სტატუსი ფუნდამენტურად არაფერს არ ცვლის.

იხილეთ ასევე: რეალურად რა შესაძლებლობებს ხსნის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის

„ეს პოლიტიკა სრულიად მცდარია. ერთ მცდარ ნაბიჯს მეორე მოჰყვება და შესაძლებლობას შორდები. ეს იგივეა, იმავე ტოტს ჭრიდე, რომელზეც ზიხარ. საბოლოო ჯამში, ეს დრამატულ შედეგს გამოიღებს. ვფიქრობ, მათ შორის კობახიძის განსაკუთრებული გაღიზიანება რეზოლუციაში ივანიშვილის ხსენებამ გამოიწვია. ამან მათ შანსი გადაუწურა, რაღაც პოზიტიური ეთქვათ. ამ ლოგიკით, უნდა მომხდარიყო სრული დისტანცირება რეზოლუციისგან და მისი დისკრედიტაცია გახდა აუცილებელი მოქმედება. თუმცა ეს ძალიან გაუჭირდებათ. ევროპარლამენტი 500 მილიონიანი კავშირია, რომელსაც მსოფლიოში დემოკრატიის „შუქურას“ ავტორიტეტი აქვს! საქართველოს მოსახლეობა ბრმა არაა! მარტივ ვითარებაში არ არიან და შეიძლება, ითქვას, რომ სწორედ „ოცნების“ ბევრი ლიდერის ბრალია, რომ მდგომარეობა აქამდე მიიყვანეს. მხოლოდ იმას არ ვგულისხმობ, რომ შესაბამისი რეფორმები არ გაატარეს, კომუნიკაცია არ იყო შესაბამისი: იყო კონფრონტაციული ტონი, აროგანტული საუბარი, ევროპარლამენტარების ვიზუალურ მხარესაც კი ეხებოდნენ, იხსენიებდნენ დამამცირებლად. ეს იყო მცდარი მიდგომა და ივანიშვილის კი აღმოჩნდა რეზოლუციაში. იყო შესაძლებელი, დოკუმენტში ეს პუნქტი არ მოხვედრილიყო, ნორმალური კომუნიკაცია რომ ჰქონდათ ევროპარლამენტთან. ბუნებრივია, საქართველოს გააკრიტიკებდნენ, მაგრამ არა ასეთი კატეგორიული ტონით, რომელიც უკან დახევის შესაძლებლობას აღარ ტოვებს. ამ აროგანტულობამ მთელი საქართველოსთვის სავალალო შედეგი გამოიღო და მათ შორის „ქართული ოცნებისთვის“,– ფიქრობს ანალიტიკოსი.

გოგოლაშვილის შიშობს, რომ საქმე გვაქვს სტრატეგიასთან და არა ტაქტიკურ შეცდომებთან, რათა ევროკავშირმა თავად თქვას უარი საქართველოს პერსპექტივაზე, მმართველი გუნდი კი იმავე პოპულისტური გზავნილებით იმართლებს თავს საზოგადოებასთან, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, იქნებოდა ეს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე გამუდმებული აქცენტები, ივანიშვილის წინააღმდეგ ორკესტრირებულ ქმედებებსა თუ შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობაზე საუბარი. ეს იმ ფონზე, როდესაც იგივე რეფორმების გასატარებლად რესურსებს, რომლის განუხორციელებლობის გამოც ოფიციალური თბილისს კარგა ხანია, აკრიტიკებენ, სწორედ პარტნიორებისგან იღებს.

„თუ ეს სტრატეგიაა, მაშინ რესურსი მხოლოდ ვადამდელი არჩევნები და გუნდის იმ ხელისუფლებით შეცვლაა, რომელიც ქვეყნის მომავალს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება. ხოლო თუ ტაქტიკური შეცდომებია, მაშინ ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს დიდი საკადრო ცვლილებები „ქართულ ოცნებაში“ და ცოტა უფრო ბრძენი ხალხით დაკომპლექტდეს მმართველი ძალა.

რაც შეეხება ივანიშვილს, კონკრეტული მტკიცებულებები დასჭირდებათ, რომ ევროკავშირმა იმსჯელოს სანქცირებაზე, თუმცა ივანიშვილისთვის რეზოლუცია რეპუტაციულად ძალიან დამაზიანებელი იქნება“.

ანალიტიკოსის ანალიზის მიხედვით, ვინაიდან მმართველმა გუნდმა საკუთარი გადაწყვეტილებების რაციონალობაში გამოცდილი ევროპელი პოლიტიკოსები ვერ (არ) დაარწმუნა და საბოლოოდ უმწვავესი რეზოლუცია დაიდო, გაუცხოება კიდევ უფრო გაღრმავდება და საბოლოოდ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც ევროპის ბედი წყდება. თუ ამ ვითარებიდან რუსეთი გაძლიერებული გავლენებით გამოვა, მაღალია ალბათობა, საქართველოს ხელისუფლება მას დაექვემდებაროს. საპირისპირო შემთხვევაში არჩევნების ჩატარება მოუწევს და ამჯერად პოპულისტური გზავნილებით ფონს ვერ გავა. მანამდე კი რთული პერიოდისთვის უნდა მოვემზადოთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები