
რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე მომდევნო კვირაში დაგეგმილ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც დაესწრება
09/06/2022 15:10:51 თავდაცვა
რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე მომდევნო კვირაში დაგეგმილ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც დაესწრება. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"შეიარაღების კუთხით ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ჩვენ სამწუხაროდ, უკრაინას ვერ ვაწვდით ვერც იარაღს და ვერც ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, თუმცა მომდევნო კვირაში მე დავესწრები ამ შეხვედრას ნატო–ს მინისტერიალის შემდეგ", – განაცხადა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის: გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე რეგულარულად იკრიბებიან რიგი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები. შეხვედრების მასპინძელი აშშ–ია. აპრილის ბოლოს ბაზაზე 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შეიკრიბა რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვის საკითხზე სამსჯელოდ. ღონისძიებას ნატო–ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე ალიანსის 14 არაწევრი სახელმწიფოს მინისტრები ესწრებოდნენ. საქართველო ამ შეხვედრაზე არ იყო წარმოდგენილი. რიგით მეორე მსგავსი შეხვედრა მაისშიც გაიმართა, თუმცა შეხვედრას ქართული მხარე არც მაშინ ესწრებოდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ განხილვის მთავარი თემა კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის პოსტსაომარ პერიოდში აღდგენა იყო, საქართველოს როლი კი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება.