
"არავის უნდა ომი, თუმცა თუ რუსეთს შემოჭრა აქვს ჩაფიქრებული, მაინც შემოიჭრება, ამიტომ ჩვენი თავდაცვის სისტემის მზადყოფნა სწრაფად უნდა გავაძლიეროთ"
09/06/2022 16:43:41 თავდაცვა
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი, გენერალი დევი ჭანკოტაძე აცხადებს, რომ ქვეყანას რამდენი ჯარი და რეზერვისტი ჰყავს საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ჯარისა და რეზერვისტების თაობაზე ინფორმაცია ადრე შეიძლება, საიდუმლო იყო, მაგრამ დღეს ეს საიდუმლო აღარაა:
"შედით, ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე, ყველაფერი წერია – ჯარის რაოდენობა, სახეობა... შედით, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და ბოლოდ და ბოლოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე. ყველა მონაცემებია. ჩვენთან რატომ არის საიდუმლო? ადვილია თქვა, რომ იცით რა, საიდუმლოა რამდენი გყავს ჯარისკაცი და რეზერვისტი. ეგრე არ არის. ეგრე არ წავა საქმე. ხალხმა უნდა იცოდეს საქართველოს რამდენი რეგულარული ჯარი ჰყავს, მაგალითად, საქართველოს შეუძლია, ომის შემთხვევაში გამოიყვანოს 100 000 კბილებამდე შეიარაღებული რეზერვისტი. რატომ? იმიტომ, რომ უნდა იცოდეს ოკუპანტმა, რომელმაც ჩაიფიქრა შემოჭრა, რომ მე იქ 100 000 ჯარისკაცი დამხვდება, მომზადებული, სწავლება გავლილი და მოტივირებული. ოკუპანტი დაფიქრდება, შევიდეს თუ შევიდეს. 10–ჯერ მაინც დაფიქრდება", – განაცხადა ჭანკოტაძემ.
მისი თქმით, საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც შეიძლება მალე, რომ თავდაცვის სისტემის მზადყოფნა გააძლიეროს:
"არავის უნდა ომი, მაგრამ ჩვენ ისეთ ოკუპანტთან გვაქვს საქმე, მაგას თუ აქვს ჩაფიქრებული საქართველოში შემოჭრა, მაინც შემოიჭრება. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეიძლება მალე, რომ ჩვენი თავდაცვის სისტემის მზადყოფნა გავაძლიეროთ. აქ არც ფულშია საქმე და არც სხვა რამეში, აქ საქმე მონდომებაშია. თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს თავის ადგილი ომის დროს. არ აქვს მნიშვნელობა კბილებამდე არის თუ არა შეიარაღებული, თავის ადგილი, თავის დასაცავი ობიექტი უნდა იცოდეს. ეს შეცდომა გვქონდა ადრე, ეს შეცდომა მოუვიდა უკრაინას. იგი ახლა ითხოვს შორს მსროლელ არტილერიას, ტაქტიკურ რაკეტებს... ეს მანამდე უნდა გაეკეთებინა. დრო არის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ცალკე საქმიანობა ჰქონდეს, როგორ სარაკეტო ჯარების, უკვე დროა ამის გაკეთების".
ამასთან, მან თავდაცვის მინისტრს მიმართა, რომ დღევანდელი გამოსვლისას "არაფერი თქვა შავი ზღვის სანაპიროს დაცვის შესახებ":
"ბატონო მინისტრო, არც ერთი სიტყვა არ ბრძანეთ იმაზე, როგორ ვიცავთ შავი ზღვის სანაპიროს. დაგვარტყამენ ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან, არ გვაქვს დაცვა. ამაზე ვინ ფიქრობს? არის გზები ამ მიმართულებით. ამაზე საფიქრალია".
გარდა ამისა, ჭანკოტაძემ ლენდ–ლიზის შესაძლებლობებზეც ისაუბრა და მინისტრი გააკრიტიკა:
"თქვენ რაც ბრძანეთ ლენდ– ლიზის პროგრამაზე, შეცდომაა. ბრიტანეთის იმპერიაში ვინც შედიოდა ყველას დაურიგეს შესაბამისი იარაღი და ჩვენ გვაქვს ამის შანსი, მით უმეტეს, რომ სტოლტენბერგმა თქვა ერთი–ორჯერ, რომ პირველ რიგში, უნდა მივცეთ შეიარაღება საქართველოს და მოლდოვასო. გამოვიყენოთ ეს და შემოვიტანოთ".
მან გამოსვლა რეზერვზე საუბრით დაასრულა და აღნიშნა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეზერვის სისტემის აწყობა:
"პირველ დარტყმას მიიღებს რეგულარული ჯარი, მაგრამ ომს მოიგებს რეზერვი. ამიტომ რეზერვის სისტემა უნდა ავაწყოთ, რაც არ უნდა დაგვიჯდეს".