
სოხუმი: ქართველი ლტოლვილების შესახებ რეზოლუცია "ისტორიულ სამართლიანობას უგულებელყოფს»
09/06/2022 23:20:13 კონფლიქტები
გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია «აფხაზეთიდან,საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო შიდა გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ» "ისტორიულ სამართლიანობასა და აფხაზეთის ათასწლოვან სახელმწიფოებრიობას უგულებელყოფს", – განუცხადა რუსულ "ТАСС"-ს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კრემლის მიერ ხელდასმულმა ინალ არძინბამ.
«რამდენი მსგავსი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, ჩვენი სწრაფვა, განვამტკიცოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, არ შეიცვლება. ჩვენ კვლავ ვივლით ამ მიმართულებით», – აღნიშნა არძინბამ.
მანამდე გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გენადი კუზმინმა გენასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ "ქართული რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზეა მიმართული - რეგიონში ნორმალიზაციისთვის ძირის გამოთხრაზე".
«საქართველოს მიერ ამ დოკუმენტის მორიგი წარდგენა მიმართულია მხოლოდ იმაზე, რომ რეგიონში ნორმალიზაციას ძირი გამოეთხაროს, ასევე სუვერენულ სახელმწიფოებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ზეწოლაზე. თბილისის რეალური ზრახვები უკვე ვეღარ შეინიღბება ლტოლვილებსა და გადაადგილებულ პირებზე მოჩვენებითი ზრუნვით. საქართველოს ხელისუფლებების მიერ ლტოლვილთა პრობლემატიკის მრავალწლიანი ექსპლუატაცია შესამჩნევად ვნებს რეგიონში მიმდინარე ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის ძალისხმევას. მსგავსი პრაქტიკა არც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მისაღწევ პროგრესს უწყობს ხელს და მხოლოდ დაძაბულობას პროვოცირებს საქართველოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ თემებს შორის», – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
ცნობისთვის: რეზოლუციას ამჯერად 95-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, 12-მა (რუსეთი, ბელარუსი, ბურუნდი, ჩინეთი, კუბა, ჩდილოეთ კორეა, ლაოსი, ნიკარაგუა, სუდანი, სირია, ვიეტნამი, ზიმბაბვე) წინააღმდეგ მისცა ხმა, 56-მა კი თავი შეიკავა.