„ხალხი, რომელიც არაფერს აკეთებს, ხელისუფლებასთან პასუხისმგებლობას ინაწილებს და იმას იმსახურებს, რაც აქვს“

10-06-2022 13:52:28 პოლიტიკა ,კომენტარი

ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციაზე მმართველი გუნდის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაუცხოება კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც პარტნიორების მიერ მითითებულ სფეროებში „ქართული ოცნების“ მიერ რამის შეცვლის ნების გამოხატვის იმედს არ ტოვებს. მაგრამ იმ ფონზე, რომ საქართველო არაა თვითკმარი ქვეყანა და ბევრი მიმართულებით სწორედ რომ პარტნიორების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, ჩნდება კითხვა, რა არის ამ აროგანტული ტონის საფუძველი? რისი იმედი აქვს სახელისუფლებო გუნდს?

იხილეთ ასევე: მწვავე ტექსტი ევროპარლამენტიდან: „ოცნების“ ბევრი ლიდერის ბრალია, რომ იქ ივანიშვილი მოხვდა“

„შესაძლოა, მათ აქვთ ამგვარი ილუზია, რომ „დღეს ევროპას ჩვენ მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ ის, ამიტომ, აქეთ გვეხვეწონო“. ფაქტობრივად, ასეთ პოლიტიკას ატარებენ, „კი ბატონო, ჩვენ ცუდი ბიჭები ვართ, არ ვაპირებთ, შევცვალოთ, და ასეთი ცუდი ბიჭები მიგვიღეთ. თუ არ მიგვიღებთ, აქ არის რუსეთი“ – სხვას რას შეიძლება, ეს ყველაფერი ნიშნავდეს? ალბათ, ილუზია აქვთ, რომ ევროპა ხელს მაინც არ გაუშვებთ. ამაში გარკვეული ლოგიკა არის , მაგრამ მას თავისი წითელი ხაზები აქვს: დღეს დიდი გეოპოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ევროკავშირი დაინტერესებულია, მის მხარეს დარჩნენ ქვეყნები და არა „ფრონტის ხაზის“ იქეთ. ასეთი ინტერესი არსებობს, მაგრამ ის არ არის უსაზღვრო, რომ ამის გამო ყველაფერზე წავიდნენ. ჩვენი ხელისუფლება კი ამით ბოროტად სარგებლობს და ქვეყნის ბედით თამაშობს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“,– ამგვარად ხსნის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „აქცენტთან“ მმართველი გუნდის მიდგომას, თუმცა იქვე დასძენს, რომ 9 ივნისს, ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა უმწვავესი დებატები და საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკა, მათ შორის ევროპელი სოციალისტების მხრიდან, რომელთა ოჯახის წევრადაც მოიაზრება „ქართული ოცნება“, მიხვდნენ, რომ მათი გათვლა სწორი არ იყო:

„განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილი მიხვდებოდა, რომ ეს გათვლები, „ყირაზე გავივლი და მაინც ყველაფერი კარგად იქნება“, არ იყო სწორი. გუშინ ის სისტემურად დაზიანდა. საქმე იმაში აღარაა, მას სანქციებს დაუწესებენ თუ არა, მან გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიიღო. ფაქტობრივად კეთროვანი გახდა. როგორც ბიზნესმენი, ის რეპუტაციას უფრთხილდებოდა. ამ რეზოლუციის შემდეგ კი მისი არსებული და პოტენციური პარტნიორები მასთან ურთიერთობაში უკვე რისკებს ხედავენ. ამდენად, მას უკვე კონკრეტული პრობლემები შეექმნა, მიუხედავად იმისა, სანქციების ქვეშ აღმოჩნდება თუ არა. გარდა ამისა, გუშინდელი რეზოლუცია საჩუქარია მისი მოწინააღმდეგეებისთვის იგივე მიმდინარე სასამართლო დავის კონტექსტში. მაგრამ მან რომ ზიანი მიიღო, ერთი საკითხია. საქმე იმაშია, რომ ქვეყანამ მიიღო სერიოზული ზიანი და ესაა პრობლემა. დღეს ჩვენ სერიოზული რისკის ქვეშ ვართ, საით განვითარდება ქვეყანა. ვისი „ლუკმა“ გავხდებით, გაუგებარია, ძალიან ბუნდოვანი ვითარება ჩამოყალიბდა. იმედი ყოველთვის არსებობს, მაგრამ თავისთავად არაფერი შეიცვლება. ღმერთი ვერ გვიშველის, ხელიც უნდა გავანძრიეთ, ეს კი არავის უნდა!“.

ამ კონტექსტში საყურადღებოა მოცემულობა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა: ერთის მხრივ, სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სტაბილურად უჭერს მხარს ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, მეორეს მხრივ, იგივე საზოგადოება საკმაოდ მოწყვლადია, მართ შორის, მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერებული მარტივი, ანტიდასავლური გზავნილების მიმართ.

ხუხაშვილი ფიქრობს, რომ რიგით მოქალაქეზე, რომელსაც არაფერი გააჩნია, გარდა იმისა, რომ „თავზე ბომბები არ აცია“, ზემოქმედებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა „ომი გინდათ?!“:

„ხელისუფლების პროპაგანდამ ევროპერსპექტივას ფაქტობრივად, ომის და მშვიდობის საკითხი დაუპირისპირა და სამწუხაროდ, ამით გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არ უნდათ [საზოგადოებას] ევროპა, არამედ იმას ნიშნავს, რომ "თუ ევროპა ომის ფასად უნდა მივიღო და ხვალ ამის გამო რუსეთი ტანკებს შემოიყვანს, მაშინ არ მინდაო". აი, სამწუხაროდ, ეს გააკეთა ხელისუფლებამ. მაგრამ არ მიმაჩნია კონცეფცია სწორად, რომ „ხელისუფლებაა ცუდი, ის არ იმსახურებს, ხოლო ჩვენ ვიმსახურებთ“: ძალაუფლების წყარო ხალხია, რომელიც ხელისუფლებას ქირაობს. თუ ხელისუფლება მის დაკვეთას არ ასრულებს, მაშინ ან უნდა აიძულოს და შეასრულებინოს, ან სახლში გაუშვას და ახალი ხელისუფლება მოიყვანოს. ხალხი, რომელიც ამას ვერ აკეთებს, ხელისუფლებასთან პასუხისმგებლობას ინაწილებს ამ ყველაფერზე და საბოლოო ჯამში, იმას იმსახურებს, რაც აქვს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები