
კახიძე – "ნაციონალურ მოძრაობაზე": "შეშფოთების საგანი სახეზეა"
20/05/2019 15:19:16 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე შიშობს, რომ "შეშფოთების საგანი", რის გამოც მისი თქმით, მან თანამოაზრეებთან ერთად დატოვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", კვლავ სახეზეა.
როგორც კახიძე ამბობს, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოზიციები საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბოიკოტთან, პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან და ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის მიუღებელი იყო და სწორედ აღნიშნულს მოჰყვა 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფა.
"ამასთან დაკავშირებით მე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, "ნაციონალური მოძრაობა" სხვა პოლიტიკური პარტიაა, ალბათ, მისი წარმომადგენლები გაერკვევიან. მე აღნიშნული ორგანიზაცია 2016 წელს დავტოვე იმ მიუღებელი პოზიციების გამო, რომელიც ჰქონდათ პარტიის მაშინდელ ლიდერებს. ვშიშობ, ის შეშფოთების საგანი, რომელიც, მაშინ არსებობდა და რის გამოც მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავტოვეთ პარტია კვლავ ძალაშია", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისი თქმით, "ევროპული საქართველო" ოპოზიციის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ყველა მიტინგს და აქციას აქვს თავისი დრო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული არის დედაქალაქის ცენტრში არჩევნების მეორე ტური. შალვა შავგულიძე, "ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის კანდიდატი მეორე ტურშია სახელისუფლებო კანდიდატთან და ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ამ ბრძოლაზე. ეს არის გარდამტეხი ეტაპი იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე დავამარცხოთ და გავისტუმროთ ივანიშვილი ხელისუფლებიდან, შედგეს ფართო პოლიტიკური კოალიცია "ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების" გარშემო და შავგულიძის გამარჯვება იყოს საეტაპო ამ დიდ ბრძოლაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი ბრძოლა, რომელიც ამ შემთხვევაში მთაწმინდაზე გადის მეორე ტურში" -აცხადებს ოთარ კახიძე.
ცნობისთვის: ოპოზიციური გაერთიანება შუალედური არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო ტალღას აანონსებს.