
ბიტკოინებისა და ტოტალიზატორის შემდეგ გორის მერია მორიგ სკანდალში ეხვევა
13/06/2022 07:01:29 სამართალი
ბიტკოინებისა და ტოტალიზატორის შემდეგ გორის მერია მორიგ სკანდალში ეხვევა. კერძოდ, ამჯერად გორის მერიას დაქვემდებარებული კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს პროექტების მენეჯერი მაია შარაშენიძე ქრთამის აღებაშია მხილებული. საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს.
ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შარაშენიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შარაშენიძის ინტერესებს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი იცავს, რომელიც ამბობს, რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე არ საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ გორის მერიას დაქვემდებარებული კულტურისა და ტურიზმის სააგენტო, ერთ-ერთი მსხვილი საბიუჯეტო ორგანიზაციაა, რომელიც სკანდალში უკვე არაერთხელ გაეხვა. კერძოდ, სწორედ ამ სააგენტოში ბიტკოინების ქარხანას ამუშავებდნენ, ხოლო სააგენტოს ბუღალტერი ათობით ათას ლარს ტოტალიზატორებში რიცხავდა.