
ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტს“ "ქართული წარმომავლობის თანაშემწე“ აღმოუჩინეს
13/06/2022 08:48:08 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრეს–სამსახურში დაადასტურეს, რომ "ბჟანიას განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში თანაშემწე რუსი ალექსანდ მირელია".
მანამდე, ტელეგრამ–არხზე მომხმარებელმა RESPUBLICA-მ გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანიას „ქართული წარმომავლობის თანაშემწე“ ჰყავს, იგი მირილაშვილია და მირელი მისი გადაკეთებული გვარია. მოგვიანებით, ტელეგრამის არხით განაცხადეს, რომ "მირელი საქართველოს დიასპორის წევრებს შორის არსებულ ჩამონათვალში იძებნება რუსეთში საქართველოს ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ვებ–საიტზე".
ბჟანიას პრეს–სამახურში ჟურნალისტებს მოუწოდეს „გადაუმოწმებელი საიტებიდან, არ გამოაქვეყნონ ინფორმაცია, არ ამოიღონ მათთვის საჭირო ფოტოები და ფრაზები ზოგადი კონტექსტიდან“.
„ინტერნეტპორტალის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, მაშინ გიორგი დიმიტრიევიჩ გულია და ფაზილ აბდულოვიჩ ისკანდერიც ქართული დიასპორის წევრები არიან. ვიმედოვნებთ, რომ მათი წარმოშობა არ აჩენს კითხვებს. თუმცა, ისკანდერისა და გულიას ფოტოები, ალექსანდრე მირელის ფოტოსთან ერთად, ამ ვებგვერდზეა განთავსებული განყოფილებაში „ადამიანები ქართული დიასპორიდან“, - აცხადებენ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პრეს–სამსახურში.
იქვე განმარტეს, რომ ალექსანდ მირელი დაიბადა, გაიზარდა და შრომით საქმიანობა სოხუმში დაიწყო და მოგვინებით, გადავიდა რუსეთში.
პრეს–ცენტრის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის 23-წლიანი გამოცდილებისთვის მირელი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ბორის გრიზლოვის, მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილესგან დაჯილდვებულია მედლებით, ღირსების სიგელებით, მადლიერებისა და მისასალმებელი წერილებით
„დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი გამოცდილება და პროფესიული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთის რესპუბლიკისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
მირელის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ნათქვამია, რომ იგი 2007-2018 წლებში სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სტანისლავ გოვორუხინის თანაშემწე იყო, 2009-2012 წლებში არხანგელსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა, 2014-2017 წლებში იყო ნენეცის ავტონომიური ოლქის გუბერნატორის მრჩეველი. ხოლო 2018 წლიდან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ალიონა არშინოვას და რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ილია უმახანოვის თანაშემწეა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რა „სპეციალური დავალებით“ არის დაკავებული ალექსანდრე მირელი, არ ვრცელდება.