"ზოგი ამბობს, რომ აშშ ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ომში, ეს არის 100%–ით რუსული დეზინფორმაცია"

13-06-2022 19:09:21 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, რუსული დეზინფორმაციაა განცხადება, რომლის თანახმად, "აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ და ცდილობს, ჩაითრიოს ქვეყანა ომში".

"30 წელია, აშშ მუშაობს საქართველოსთან ქვეყნის ევროატგლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის. თითქმის ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რასაც ვაკეთებთ აქ, საქართველოში, არის მიმართული მხარდაჭერაზე ქართველი ხალხის სურვილის, იყოს ევროკავშირის ნაწილი და იყოს ნატო–ს ნაწილი. ეს არის ის, რაც სურს ქართველ ხალხს და ეს არის, ის რასაც, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს. ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობას, რადგან ჩვენ გვსურს, ვიხილოთ, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს საკუთარ ევროპულ მისწრაფებებში. ზოგი ამბობს, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ, ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ომში, გახსნას ფრონტის მეორე ფლანგი ქვეყანაში, ეს არის 100%–ით რუსული დეზინფორმაცია. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აშშ მისი შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს ყველაფერს, რათა შეწყდეს ეს ომი. ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს, ვიხილოთ, რომ საქართველო ჩათრეული იყოს ამ ომში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირი და ნატო მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის მხარდამჭრია. იგივე გვსურს საქართველოსთვისაც. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მის სურვილს, სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში", – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ახლა არ არის დაპირისპირების დრო, ახლა გაერთიანების დროა:

"ის გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რაც საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა, აჩვენებს როგორ თანაუგრძნობენ ქართველები უკრაინელებს. ახლა არ არის დაპირსიპირების დრო. ეს ის მომენტია, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ. ის, რაც საქართველოს ახლა სჭირდება, გამოხატულია დევიზში „ძალა ერთობაშია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები