რატომ არ სჭირდება დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა“ – ორი ფაქტორი

13-06-2022 19:40:51 კომენტარი

სამოქალაქო ინიციატივების და ინოვაციების ცენტრის თავმჯდომარის ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, სადღეისოდ საქართველოს ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს დივერსიული ფსიქოლოგიური ოპერაციების სერიას საკუთარი მოსახლეობის მისამართით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას განემარტოს, რატომ არ უნდა ევროპას ომი. ამით ლაგაზიძე ეხმიანება ჯერ რიგი ექსპერტებისა და მეტ–ნაკლებად ცნობადი სახეების (რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად გვევლინებიან) მიერ დემოკრატიაში უკუსვლის თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საპასუხოდ გახმოვანებულ კონსპირაციულ თეორიებსა და ცრუ დილემებს, შემდეგ კი მმართველი გუნდის წევრების მიერ გაღერებულ გზავნილებს, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს და რომ თურმე ევროკავშირისგანაა იმ ქვეყნის სუვერენიტეტი დასაცავი, რომლის სუვერენიტეტი სწორედ რომ ჩრდილოელი მეზობლის გამოა შეზღუდული, ოკუპირებული აქვს რა საქართველოს ორი რეგიონი.

ლაგაზიძე იმ კონტექსტში, რომ დასავლეთის ინტერესში არ შედის საქართველოში ომის გაჩაღება, ორ მთავარ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„თავად ევროპის მოსახლეობა დაიღალა უკრაინის ომით. იქაც მაღალია ინფლაცია და ერთი სული აქვთ, როდის დამთავრდება ეს ომი. ამიტომ, რომელი ევროპელი ამომრჩეველი მისცემს თავის ხელისუფლებას უფლებას, მეორე ფრონტი გაუხსნას რუსეთს?! ეს სრული აბსურდია! ევროკავშირის ქვეყნების ნებისმიერი ხელისუფალი ჩამოიქცევა, კიდევ სადმე რომ რუსეთმა გაბედოს ომი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, დღეს ევროპული სახელმწიფოების და აშშ–ის პრესტიჟის საქმეა, რუსეთმა კიდევ სხვა ტერიტორიაზე ვერ გაბედოს ომის წამოწყება – ისინი დაამთავრებენ თავიანთ მოღვაწეობას. ამიტომ, მათი სასიცოცხლო ინტერესია, კიდევ სხვაგან ომი არ იყოს“.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ლაგაზიძის ანალიზის მიხედვით, ეს სატრანზიტო გზას ეხება:

„ჩინეთიდან რუსეთის გავლით ევროპაში უამრავი სახის პროდუქცია მიდიოდა, ისევე როგორც ევროპიდან ჩინეთში. დღეს რუსეთის პორტები, რკინიგზა და საავტომობილო გზები გადაკეტილია. ეს უზარმაზარი ნაკადები, ისევე როგორც ალტერნატიული ნავთობი და გაზი, რომელიც საქართველოს გავლით მიეწოდება ევროკავშირს ... საქართველოში დღეს რომ ომი დაიწყოს და ეს ყველაფერი გადაიკეტოს, პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილი იქნება! კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – ჩინეთისთვის საქართველო დღეს, როგორც სავაჭრო გზა გაცილებით ღირებულია, ვიდრე ეს იყო თუნდაც უკრაინის ომამდე. არც ჩინეთი და არც ევროკავშირი არ დაუშვებენ, რომ ეს „სიცოცხლის გზა“ გადაიკეტოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოზე გადის 10% ნაკადებისა, რაც შეიძლება, რომ ჩვენ გავატაროთ (რადგან ხელისუფლებას ლოჯისტიკის და კომუნიკაციების აწყობაზე არ უზრუნია). ეს 10%–იც კი იმდენად მნიშვნელოვანია, ზოგადად ამ გზის არ ჩაკეტვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვიმეორებ, ბოლოს და ბოლოს, ჩინეთი არ დაუშვებს ამას, ისევე როგორც – ევროკავშირი“.

დღის ბოლოს მათ შორის სახელისუფლებო პროპაგანდას საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანიც გამოეხმაურა და რუსული დეზინფორმაცია უწოდა ნარატივს, რომ "აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ და ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ომში":

"30 წელია, აშშ მუშაობს საქართველოსთან ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის. თითქმის ყველაფერი, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რასაც ვაკეთებთ აქ, საქართველოში, არის მიმართული მხარდაჭერაზე ქართველი ხალხის სურვილის, იყოს ევროკავშირის ნაწილი და იყოს ნატო–ს ნაწილი. ეს არის ის, რაც სურს ქართველ ხალხს და ეს არის, ის რასაც, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს. ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობას, რადგან ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპულ მისწრაფებებში. ხალხი ამბობს, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ, ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ომში, გახსნას ფრონტის მეორე ფლანგი საქართველოში, ეს არის 100%–ით რუსული დეზინფორმაცია. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აშშ მისი შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს ყველაფერს, რათა შეწყდეს ეს ომი. ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს, ვიხილოთ, რომ საქართველო ჩათრეული იყოს ამ ომში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირი და ნატო მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის მხარდამჭერია. იგივე გვსურს საქართველოსთვისაც. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მის სურვილს, სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში", – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ახლა არ არის დაპირისპირების დრო, ახლა გაერთიანების დროა:

"ის გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რაც საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა, აჩვენებს როგორ თანაუგრძნობენ ქართველები უკრაინელებს. ახლა არ არის დაპირისპირების დრო. ეს ის მომენტია, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ. ის, რაც საქართველოს ახლა სჭირდება, გამოხატულია დევიზში „ძალა ერთობაშია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები