Accentnews.ge
ჩარლზ ტენოკი: „ლელომ“ შესაძლოა, შექმნას საფუძველი, რომ ძველი პოლიტიკური თამაშებითა და სახეებით დაღლილმა მოსახლეობამ, მის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი“

ჩარლზ ტენოკი: „ლელომ“ შესაძლოა, შექმნას საფუძველი, რომ ძველი პოლიტიკური თამაშებითა და სახეებით დაღლილმა მოსახლეობამ, მის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი“

01/10/2019 04:45:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დაარსებული სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“ არა მარტო ქართული და საერთაშორისო მედიის, არამედ ცნობილი უცხოელი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 

ასე, მაგალითად, ბრიტანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი ჩარლზ ტენოკი გამოცემა International Policy Digest–ში  აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინული გაკვეთილი აჩვენებს საქართველოს, რომ ტრანსფორმაციული პოლიტიკა შესაძლებელია“.

ყოფილი ევროპარლამენტარი ხაზარაძის „ლელოს“ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის “En Marche”-ს („წინ რესპუბლიკა“) ინიციატივასა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურს“ ადარებს და აღნიშნავს, უკრაინა არის იმის მაგალითი, როცა საარჩევნო ყუთთან ძველი წესრიგის შეცვლა შესაძლებელი გახდა და გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ წარმოქმნილიყო ახალი პარტია ქარიზმატული ლიდერით.

„მიმდინარე წლის დასაწყისში ამომრჩეველთა უმეტესობამ ვლადიმირ ზელენსკი პრეზიდენტად აირჩია, მან ხმათა დიდი სხვაობით დაამარცხა მოქმედი მთავრობის მიერ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატი და უკვე გარდაქმნა პოლიტიკური ლანდშაფტი რეფორმებისთვის არა მხოლოდ კიევში, არამედ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონშიც.  საქართველოში, რომელსაც უკრაინა შავი ზღვით ესაზღვრება, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი“, – წერს ტენოკი.

სტატიის ავტორი საუბრობს ზელენსკის წარსულზე, როცა ის იუმორისტი იყო. როგორც ტენოკი აღნიშნავს, პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ზელენსკი სიტყვით წარსდგა ქვეყნის პარლამენტის წინაშე და განაცხადა მისი განზრახვა საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის თაობაზე:  „ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ გამოცდილი, პომპეზური, სისტემური პოლიტიკოსებით“. მოგვიანებით, ამომრჩეველმა პარლამენტში ზელენსკის სიტყვით გამოსვლაზე რეაგირება მოახდინა და 21 ივლისს ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში ზელენსკის ახალმა პარტიამ  „ხალხის მსახური“ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა და თანამედროვე უკრაინის ისტორიაში გახდა პირველი პარტია, რომელმაც ეს დამოუკიდებლად მოახერხა. „ხალხის მსახურმა“ 424 მანდატიდან უმრავლესობა – 254 მანდატი აიღო.

რაც შეეხება ოპონენტებს, ოპოზიცური პლატფორმა „სიცოცხლისთვის“, რომელსაც პრორუსული ძალად მიიჩნევენ, მეორე ადგილზე გავიდა 13%–ით. უკრაინის ექს–პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიამ 8% აიღო, ხოლო ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს პარტიამ – 8%. როკ-ვარსკვლავ სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „გოლოსმა“ ხმათა 6% მოაგროვა. ამგვარად, ზელენსკის პარტიამ დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში (1991 წლის შემდეგ) ნებისმიერ პარტიაზე მაღალი შედეგი აჩვენა.

შესაძლებელია, ეს ინსპირაციული უკრაინული დემოკრატიული ამბავი ექსპორტირდეს საქართველოშიც?

საქართველოში ნამდვილად დიდია ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან როგორც მოქმედი მმართველი „ქართული ოცნების“, ისე ექს–მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიებით“, – წერს ტენოკი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყანაში დადებითი მოლოდინები გაჩნდა, რომელიც ამჟამად "შურისძიების სტილის მეთოდით" დაიმსხვრა.  „ხშირად ხდება ერთი პარტიის დისკრედიტაცია შერჩევითი სამართლის გამოყენებით, როგორც კი სხვა პარტია მოვა ხელისუფლებაში“, – წერს ტენოკი.

სტატიის ავტორს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ აპრილში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიც მოჰყავს (რომლის თანახმად, “ქართულ ოცნებას” მხარს მოსახლეობის 21% უჭერს მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" –15%) და  ასკვნის, რომ „ეს მაჩვენებელი პოტენციურად ტოვებს დიდ ადგილს ახალბედა პარტიისთვის“.

„დინამიურმა, პროგრესულმა ახალმა მოძრაობამ შესაძლოა, საქართველოში შექმნას საფუძველი, იმისათვის, რომ მოსახლეობის სწორედ ამ ნაწილმა, ვინც დაიღალა ძველი პოლიტიკური თამაშებითა და სახეებით, ახალი ძალის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 

ცოტა ხნის წინ ჩვენ მომსწრენი გავხდით, რომ საქარველოში შეიქმნა ახალი მოძრაობა „ლელო“.  ეს არის ენერგიული ლიდერების ახალი ტალღა, რომელიც კანონის უზენაესობის ერთგულია. [...] ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, „პოლიტიკა“ იყო ბინძური სიტყვა საქართველოში, როგორც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. იგი ასოცირდებოდა პროფესიასთან, რომლის არჩევაც არავის სურდა. შესანიშნავი იქნება თუ ვიხილავთ, რომ „ლელო“ შეძლებს, პოლიტიკაში ნიჭიერი ადამიანების მოზიდვასა და ძველი სტერეოტიპების დანგრევას.

შეიძლება თუ არა, რომ ეს პროფესია კვლავ აღიქმებოდეს, როგორც ერთ-ერთი ნამდვილი საზოგადოებრივი სამსახური და პატრიოტული მოვალეობა საქართველოში?  ჩანს, რომ ეს იმპულსი არის აქ – მოძრაობა სწრაფად ვითარდება და ოფიციალური პოლიტიკური პარტიის შექმნა ახლა გარდაუვალი ჩანს. 

ჩემთვის, როგორც 2004 წელს შემუშავებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკის პირველი სტრატეგიის ყოფილი თანამომხსენებლისთვის, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას, ამაჟამად აღმაფრთოვანებელი იქნება, თუ რეალური პოზიტიური და პროგრესული ცვლილებები მოხდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ საქართველოშიც, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნად ყალიბდება“, – წერს ტენოკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S