
საქართველომ პირველად, „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
15/06/2022 16:18:24 პოლიტიკა, თავდაცვა
საქართველომ პირველად, „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები განიხილეს. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
ცნობისთვის: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მესამედ ჩატარდა. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 9 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ "შეიარაღების კუთხით საქართველოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ქვეყანა სამწუხაროდ, უკრაინას ვერ მიაწვდის ვერც იარაღს და ვერც ორმაგი დანიშნულების პროდუქციას", თუმცა 15 ივნისისთვის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მაინც მიიღებდა.
გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე რეგულარულად იკრიბებიან რიგი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები. შეხვედრების მასპინძელი აშშ–ია. აპრილის ბოლოს ბაზაზე 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შეიკრიბა რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვის საკითხზე სამსჯელოდ. ღონისძიებას ნატო–ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე ალიანსის 14 არაწევრი სახელმწიფოს მინისტრები ესწრებოდნენ. საქართველო ამ შეხვედრაზე არ იყო წარმოდგენილი. რიგით მეორე მსგავსი შეხვედრა მაისშიც გაიმართა, თუმცა შეხვედრას ქართული მხარე არც მაშინ ესწრებოდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ განხილვის მთავარი თემა კიევისთვის იარაღის მიწოდება და უკრაინის პოსტსაომარ პერიოდში აღდგენა იყო, საქართველოს როლი კი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლება.