რუსული გართობა სახელად «დამოუკიდებელი აფხაზეთი» ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება

16-06-2022 08:06:26 კონფლიქტები

წელიწადზე მეტია, ჩვენს აფხაზ მკითხველს ვაცნობ რუსეთის გრანდიოზულ გეგმას, რომელიც იმპერიის აღდგენასა და ამ მიზნით, მათ შორის, აფხაზეთის მითვისებაში მდგომარეობს. ვუამბობ, რომ მოსკოვის მიერ შემოთავაზებული «ჰარმონიზაცია» სხვა არაფერია, თუ არა შთანთქმა და რომ კრემლის გეგმაში არავითარი დამოუკიდებელი აფხაზეთი არ შედის. მაგრამ რა? - ჩვენი საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს ესმოდა, საით მიექანებოდა აფხაზეთი, დანარჩენებს კვლავინდებურად მიამიტად სჯეროდათ, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარი და კეთილი მეზობელია, რომელიც ჩვენს მიმართ ავ ზრახვებს გულში არასოდეს ჩაიდებს.

უკანასკნელი მოვლენები ადასტურებს, რომ ყველა, ვინც აფხაზებს მოახლოებული კატასტროფის შესახებ აფრთხილებდა, მართალი იყო. ახლა უკვე არა ვინმე «ექსპერტი» ასლან რუბაევი ან ახალგამომცხვარი პოლიტიკოსი ზახარ პრილეპინი გამოთქვამს ხმამაღალ მოსაზრებებს აფხაზეთის თაობაზე, ახლა ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზულადაა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ამ თემის ღიად წამოწევას მოერიდა და სხვა მხრიდან მოუარა. დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე მისმა თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა მდინარე ფსოუზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის ლიკვიდაციის საკითხი დააყენა. «…წამოვწიეთ საკმაოდ სერიოზული საკითხებიც, მათ შორის — ის, რომ ეს გადასასვლელი გაუქმდეს - იმის მსგავსად, როგორც ბელარუსთან გაკეთდა», - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ კალაშნიკოვმა.

მან ჟურნალისტებს სხვა განხილული საკითხებიც გააცნო. გაირკვა, რომ რუსეთს აღელვებს ასევე «აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსული ენის მძიმე მდგომარეობა, ცუდი საინვესტიციო კლიმატი, რის გამოც იქ მსხვილი ინვესტორები ვერ შედიან, ასევე უძრავობა რუსეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შეძენის დასაშვებად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გატარების მიმართულებით».

პირდაპირ ვთქვათ, პრეტენზიების შთამბეჭდავი ჩამონათვალია. უფრო სწორად, არა პრეტენზიების, არამედ დირექტივების, რომლებიც, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროდან მიღებული სიგნალის მიხედვით, უახლოეს ხანებში განუხრელად უნდა შესრულდეს.

გაითვალისწინეთ, რომ ხსენებულ გაფართოებულ სხდომას წარმომადგენლობითი აფხაზური დელეგაციაც ესწრებოდა, მათ შორის - მისი ხელმძღვანელი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასტამურ არშბა, საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ კიუტი, ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა, ეკონიკის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მიქვაბია, საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალიას ლაბახუა, პარლამენტის საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე ალხას ბარციცი, სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრი ერიკ რშტუნი... და არაოფიციალური წყაროების ინფორმაციით, არც ერთ მათგანს რუსების წინადადებები ერთი სიტყვითაც არ გაუპროტესტებია. მეტიც, ამ ადამიანებმა, რომლებიც ვალდებულნი არიან, აფხაზეთის რესპუბლიკისა და აფხაზი ხალხის ინტერესებს იცავდნენ, ერთხმად დაუჭირეს მხარი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ შემოთავაზებულ სამუშაო გეგმას, ზოგიერთმა მათგანმა კი საჯაროდ მადლობაც გადაუხადა ლეონიდ კალაშნიკოვს «აფხაზეთისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შესაძლებლობის» გამო.

«ვაის გავეყარე — ვუის შევეყარეო, - ასეა ჩვენი საქმე. რუსეთს აფხაზეთის მიწა სჭირდება და არა ჩვენ ამ მიწაზე. დავიჯერო, ვინმე ამას კიდევ ვერ ხვდება?! გაგვანადგურებენ ჩვენი ტერიტორიის მისაღებად! ჩვენი ხელისუფლება კი რუსებს ფეხქვეშ ეგება, ოღონდ ფული დასტყუოს საკუთარი კეთილდღეობისთვის. ჩვენი სიცოცხლე და მომავალი რუსებს ყველაზე ნაკლებად აღელვებთ. აღარ დადგა დრო, ეს რეალობა გავაცნობიეროთ?!», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე ამრა.

«უღმერთო რუსები ყოველთვის ასეთები იყვნენ. ჩვენ კი რატომღაც ვენდეთ და 30 წელი გვჯეროდა, რომ ძმებივით ვეყვარებოდით… რა სისულელეა?! მათ ხომ ყოველთვის საკუთარი სიმართლე აქვთ და საკუთარი ინტერესი. ისე გადაგვივლიან, რომ მსოფლიოში ერთი მუჭა აფხაზები დავრჩებით და ისიც — არა საკუთარ სამშობლოში. რუსებს აფხაზეთში არც აფხაზები სჭირდებათ, არც სხვა ერების წარმომადგენლები. 30 წლის წინ უდიდესი შეცდომა დავუშვით, რომლის გამოსწორება, სამწუხაროდ, ალბათ, უკვე გვიანია. ახლა ჯოჯოხეთის წრეების გავლა მოგვიწევს, რომ ფიზიკურად გადავრჩეთ — არა როგორც სახელმწიფო, არა როგორც ერი, არამედ ეთნოსად მაინც! რუსები აღარ მოგვცემენ შანსს, დამოუკიდებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები», - თვლის ჩვენი თანამოსაუბრე ვიქტორი.

«ის, რომ რუსებს აფხაზეთის ლანგრით მირთმევა სურდათ, ყოველთვის ვიცოდით. მაგრამ ამას რომ მსგავსი თავხედური მეთოდებით გააკეთებდნენ, თანაც ასეთ პერიოდში, ნამდვილად არ ვიფიქრებდი. ჩვენი აფხაზები კი იქ ისხდნენ და ხმას არ იღებდნენ — სირცხილი მათ! რა შესთავაზეს ნეტა რუსებმა ისეთი, რომ ასე მარტივად არიან მზად, სამშობლო გაყიდონ? იმედი მაქვს, ხალხი მიხვდება, რომ ჩვეულებრივი გამყიდველები არიან!», - აღშფოთებულია ჩვენი რესპონდენტი ბესლანი.

მთავარ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, 2022 წლის 25 მაისს რუსეთმა ფაქტობრივად აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსის შეცვლის შესახებ განაცხადა - არა პირდაპირ, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის. სხვაგვარად როგორ შეიძლება, აიხსნას თავად ფაქტი ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის საზღვრის ლიკვიდაციის საკითხის განხილვისა? წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ მაგალითად, ყაზახეთთან, ბრიტანეთთან, შვეიცარიასთან მიმართებაში განეხილათ: დარწმუნებული ვარ, ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდა და საერთოდაც, ნაკლებ სავარაუდოა, ამ ქვეყნებისთვის ვინმეს მსგავსი რამის შეთავაზება გაებედა. მაგრამ აფხაზეთი რუსეთისთვის სულ სხვა საქმეა. მოსკოვი ხომ ჩვენს რესპუბლიკას დიდი ხანია, თავის ტერიტორიად განიხილავს და მხოლოდ გარკვეულ გარემოებათა გამო აგრძელებდა მსოფლიოს წინაშე ჩვენი დამოუკიდებლობის ვითომდა მხარდაჭერას. რეალურად კი, არავითარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება დიდი ხანია, აღარაა. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ აფხაზეთში მოსკოვთან შეუთანხმებლად არც ერთი საკადრო დანიშნვა არ ხორციელდება. მეტიც, სახელმწიფოსთვის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი არც ერთი საკითხი არც კი განიხილება კრემლის წინასწარი სანქცირების გარეშე. თანაც მთელი ეს საკითხები იქ — მოსკოვში უმაღლეს დონეზე როდი წყდება. ყოველ მიმართულებას — ეკონომიკას, ენერგეტიკას, მშენებლობას, საწვავსა თუ უძრავ ქონებას — ცალკეული განყოფილებების ხელმძღვანელები კურირებენ, რომლებსაც აფხაზეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა შესაბამის მოხსენებებს, საინფორმაციო წერილებსა და ცნობებს უმზადებს.

არსობრივად, აფხაზეთისთვის ექსტრაორდინალური არაფერი მომხდარა. იმის აღქმა, რომ რუსეთმა რესპუბლიკას თათი დაადო და დიქტატორული რეჟიმის ჭაობში ჩაითრია, დიდი ხანია, არსებობს. უბრალოდ ახლა ეს მრავალწლიანი ფარული თამაში სააშკარაოზე გამოიტანეს.

როგორც ჩანს, რუსული გართობა სახელად «დამოუკიდებელი აფხაზეთი» ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, დაქსაქსულ აფხაზურ საზოგადოებას კი ძალიან გაუჭირდება, ამას წინააღმდეგობა გაუწიოს.

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები