
ცხინვალის იზოლატორში მარეკ დუდაევის მკვლელი გარდაიცვალა
01/10/2019 11:52:23 კონფლიქტები
ცხინვალის გამოსასწორებელ კოლონიაში მარეკ დუდაევის მკვლელობისთვის გასამართლებული 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევი გარდაიცვალა.
როგორც ციხის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ თრომბი გახდა. თუმცა ამჟამად ადგილზე მედიკოსები და გამომძიებლები მუშაობენ და საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კაზიევი მარეკ დუდაევის თანასოფლელი გახლდათ და გასული წლის იანვარში ამ უკანასკნელს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ცნობისთვის: ბოლო ორი დღეა, პატიმრები იზოლატორში შიმშილობენ. ამ ფორმით ისინი იზოლატორში არსებულ არაადამიანურ პირობებს აპროტესტებენ. თუმცა როგორც ადმინისტრაცია ირწმუნება, კაზიევს შიმშილობის აქციაში მონაწილეობა მიუღია და მისი გარდაცვალებისთვის წინაპირობები არ არსებობდა.
რაც შეეხება მარეკ დუდაევს, ის 2004 წლის მარტში, ქართველმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს დუდაევს თბილისის სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის სასჯელს #7 დაწესებულებაში იხდიდა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მას ამნისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც, ოთხი წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდეგ, ესეც მოეხსნა და საბოლოოდ, 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა. ცხინვალში დაბრუნებულმა დუდაევმა კრიმინალური საქმიანობა განაახლა.