გაგლოევი მოსკოვში ლავროვს შეხვდა

16-06-2022 11:28:02 კონფლიქტები

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალი დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ცნობით, მხარეებმა "დეტალურად განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგისა და საგარეო პოლიტიკური კოორდინაციის საკვანძო საკითხები, სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო კავშირების გაფართოების ჩათვლით".

«რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე არსებული ვითარება», – იუწყება ლავროვის სამინისტრო.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, რუსეთის მთავარმა დიპლომატმა მადლობა გადაუხადა გაგლოევს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებისთვის აღმოჩენილი ჰუმანიტარული დახმარების გამო.

«ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება მოკავშირეობას, სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელ პირობებში, როცა ცდილობენ, შეარყიონ საერთაშორისო სიტუაცია ქვეყნების ერთი ჯგუფის - ჩვენი დასავლელი კოლეგების, უპირველესად კი აშშ-ის სასარგებლოდ. დასავლეთი ცდილობს, უკან შემოაბრუნოს ტენდენციები, რომლებიც მსოფლიოში ვითარდება და დაამყაროს თავისი ერთპოლარული ჰეგემონია. დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოუვათ. ჩვენის მხრივ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მსგავსად, ერთგულნი ვრჩებით საერთაშორისო სამართლის ნორმებისა, რომლებიც ხაზს უსვამს როგორც დიდი, ისე მცირე ქვეყნების სუვერენულ თანასწორობას», – განაცხადა ლავროვმა.

მისი უწყების ინფორმაციით, მხარეებმა "თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპისადმი ერთგულება დაადასტურეს".

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ლავროვმა პოზიტიურად შეაფასა ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის დე ფაქტო საზღვარზე გამშვები პუნქტების დროებითი გახსნა.

თავის მხრივ, ალან გაგლოევმა აღნიშნა, რომ "სამხრეთ ოსეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისკენაა მიმართული".

«ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი პოზიცია და ყოველთვის დავიცავთ ჩვენს საერთო ინტერესებს», – აღნიშნა მან.

მანამდე მოსკოვში გაიმართა კონსულტაციები "სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. მათი შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცეებულა.

30 მაისს გაგლოევმა დროებით - "მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე" შეაჩერა მისი წინამორბედის - ანატოლი ბიბილოვის იმ ბრძანებულების მოქმედება, რომელიც ხსენებული რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები