ჯუანშერ ბურჭულაძე: "როგორც არასდროს, დღეს ისე გვჭირდება აგრესორის წინააღმდეგ გაერთიანება"

16-06-2022 12:41:01 თავდაცვა

ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე ალიანსთან ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს ჩვენ ისე გვჭირდება აგრესორის წინააღმდეგ გაერთიანებული ყოფნა, როგორც არასდროს. ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ იქნება სრულყოფილი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ "საქართველო მიესალმება სათანადო მხარდაჭერის მიღებას, როგორც საქართველოსთვის მოკავშირეთა გაძლიერებული დახმარების ხელშესახებ მექანიზმს".

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კონკრეტული შედეგები მადრიდში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე გახდება ცნობილი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ "საქართველო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ძალისხმევას არ იშურებს და მშვიდობიან განვითარებას განაგრძობს".

გარდა ამისა, ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, საქართველო ათწლეულების განმავლობაში ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო, რაც, მისი თქმით, თავდაცვის ძალების მოდერნიზაციასა და ტრანსფორმაციასთან ერთად, ქვეყანას უფრო აძლიერებს და ალიანსთან თავსებადს ხდის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები