
სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკა „ვივამედში“ გაიმართება
16/06/2022 11:56:46 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი გასვლითი სხდომით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო კლინიკა „ვივამედში“ გაიმართება.
ეს შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დააყენა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობდა, რომ პროკურორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფს მუდმივად სჭირდება სამედინო დახმარება. გარდა ამისა, თუთბერიძე აღნიშნავდა, რომ შესაძლებელი იყო იქ სასამართლო სხდომის ტექნიკური უზრუნველყოფა ვერ მომხდარიყო.
"თქვენ დაცვის მხარემაც და ბრალდების მხარემაც აღნიშნეთ, რომ წინააღმდეგები არ ხართ გასვლითი სხდომის ჩატარების... ცნობაში არ არის დაკონკრეტებული [ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობა] ამის გასარკვევად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გასხვლითი სხდომა ჩაატაროს. თუ შეძლებს ჩვენების მიცემას, მოგვცემს ჩვენებას - ეს მისი უფლებაა. თვითონ განაცხადა, რომ ჩვენების მიცემა სურს. ეს არ არის ის მოცემულობა, რომ მტკიცებულებებია გამოსაკვლევი, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, რომ ბატონ მიხეილს სურს ჩვენების მიცემა და ამიტომ სასამართლო სხდომაზე ვინაიდან ვერ ცხადდება, არაა დაკონკრეტებული რა არ შეუძლია, ტრანსპორტირება, მეტყველება თუ - რა. ამის გამო სასამართლო გადის გასვლით სხდომაზე", - განაცხადა მოსამართლემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობის შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობის კურსს კლინიკა "ვივამედში" გადის. მისი ოჯახი ექს–პრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წაყვანის ნებართვას ითხოვს, მთავრობა ამბობს, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.