
„კომერსანტის“ პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლები სამსახურს პროტესტის ნიშნად ტოვებენ
20/05/2019 16:06:35 სხვა, მსოფლიო
გაზეთ „კომერსანტის“ პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერეს. მათ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციონერებმა ორი კორესპონდენტი ვალენტინა მატვიენკოს შესახებ დაწერილი სტატიის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილე გლებ ჩერკასოვმა დაწერა, რომელიც გამოცემის პოლიტიკურ მიმართულებას კურირებს. ჟურნალისტების მსგავსად ისიც ტოვებს სამსახურს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „კომერსანტის“ სპეციალური კორესპონდენტი ივან საფრონოვი და პოლიტიკური განყოფილების რედაქტორის მოადგილე მაქსიმ ივანოვი გათავისუფლებული არიან ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ვალენტინა მატვეენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ სტატიის გამო. მატვიენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ სტატია 17 აპრილს გამოქვეყნდა. მასში სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული წყაროების მითითებით ნათქვამი იყო, რომ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ შესაძლოა, მაისში დატოვოს თანამდებობა და საპენსიო ფონდში გადავიდეს სამუშაოდ.
„კომერსანტის“ გერენალურმა დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა ვლადიმირ ჟელონკინმა „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რედაქცია დაშორდა ივანოვსა და საფრონოვს, ვინაიდან მათ დაარღვიეს სარედაქციო სტანდარტები. კონკრეტულად რა დაარღვიეს ჟურნალისტებმა, მას არ დაუზუსტებია.