დარჩიაშვილი: "საქართველოს მეტის მოლოდინი ჰქონდა, ამბიციური რეფორმებით ქვეყანას საბოლოო მიზნამდე მივიყვანთ"
17/06/2022 17:01:56 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციებს ეხმიანება და აღიარებს, რომ საქართველოს მეტის მოლოდინი ჰქონდა.
„დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადებზე ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია, მეტის მოლოდინი ჰქონდა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება“,– აღნიშნა მინისტრმა და იქვე დასძინა, რომ “აღნიშნული რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი“.
„საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გაჩენით ევროკავშირმა დაადასტურა პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთერთობებში და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთან დაახლოების განსაკუთრებული მნიშვნელობა“,– მიიჩნევს დარჩიაშვილი.
ამასთან, იგი პირობას დებს, რომ საქართველო „გააგრძელებს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგზე მუშაობას, რაც შეთანხმებულია ევროკავშირთან“.
რაც შეეხება პირობითობის საკითხს, დარჩიაშვილი ამბობს, რომ „ეს არაა ახალი და ამის პრაქტიკა არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის“:
„მსგავსი პრაქტიკა ასევე ჰქონდათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი საბოლოო მიზნისკენ და ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევით, ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს აუცილებლად მივიყვანთ საბოლოო მიზნამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა“.
იხილეთ ასევე: "დეოლიგარქიზაცია", ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება - ევროკომისიის პირობები საქართველოსთვის


