იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი პარტია უმწიფარობაში და უკრაინისთვის მხარდაჭერის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა

20-06-2022 17:06:09 ევროპა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ საკუთარი პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ მკაცრად გააკრიტიკა. კერძოდ, მან პარტია უკრაინისთვის მხარდაჭერის მცდელობის ძირის გამოთხრაში, ევროკავშირში იტალიის პოზიციის შესუსტებაში და "უმწიფარობაში" დაადანაშაულა.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, მინისტრის საჯარო გამოსვლა შეიძლება, მიანიშნებდეს გარდაუვალ განხეთქილებას ჯგუფში, რომელსაც ის წარსულში ხელმძღვანელობდა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველას სურდა მშვიდობა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომს მისდევდა. ამ ფონზე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, თანაპარტიელები მას „სიძულვილით“ ესხმოდნენ თავს და მთავრობას უსიამოვნებას უქმნიდნენ ევროპელ პარტნიორებთან.

„ეს არის გაუაზრებელი დამოკიდებულება, რომელიც მიდრეკილია მთავრობაში დაძაბულობისა და არასტაბილურობის შექმნისკენ”, - დასძინა მინისტრმა.

შიდაპარტიული დაპირისპირება პრობლემურია იტალიის პრემიერ–მინისტრისთვის მარიო დრაგისთვის, რადგან 21 ივნისს პარლამენტში დაგეგმილი აქვს კენჭისყრა უკრაინაში დამატებითი იარაღის გაგზავნისთვის. „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ დეპუტატებისგან ელიან, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

„ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა პარლამენტში 2018 წლის ეროვნულ არჩევნებში ხმების 33%-ის მოპოვების შემდეგ. ბოლო გამოკითხვებით, მას მხოლოდ 13%-იანი მხარდაჭერა აქვს. გასულ კვირას კი ადგილობრივ არჩევნებზე მან ხმების მხოლოდ 3% მოიპოვა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები