სანქციები, "პუტინის შურისძიება ტოკაევს", თუ კრემლის მორიგი ფანდი? - რატომ "გადმოერთო" ყაზახური ნავთობი ბათუმის პორტზე

21-06-2022 06:29:43 ანალიზი

რუსეთმა შეაჩერა ყაზახეთიდან ნავთობის გატანა, რომელიც ევროპაში ნოვოროსიისკის პორტის გავლით გადიოდა.

ექსპორტის შეწყვეტის მიზეზად ოფიციალურად “მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაღმები” დასახელდა, რომელიც მოულოდნელად პორტის აკვატორიაში “აღმოაჩინეს”.

თუმცა ბევრი მოსკოვის ამ ნაბიჯს განიხილავს პრეზიდენტ პუტინის შურისძიებად მისი ყაზახი კოლეგის - ქასიმ-ჟომარტ ტოკაევის მიერ პეტერბურგის ამასწინანდელ “საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე” გაკეთებული იმ პოლიტიკური განცხადებების გამო, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვადასხვა რეგიონების, მათ შორის აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” არაღიარებას ეხებოდა და პუტინს მთელი დამსწრე საზოგადოების თვალწინ “ცივ შხაპად” ექცა.

იხილეთ ასევე: ტოკაევის ცივი შხაპი პუტინს, სოხუმსა და ცხინვალს

უკრაინის მიმართ აგრესიის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა საერთაშორისო ტვირთბრუნვის ჩვეული ჯაჭვები დაარღვია და ლოჯისტიკური ცვლილებები რუსეთის მიმართ ტრადიციულად ლოიალურ აზიურ ქვეყნებს, მათ შორის ყაზახეთსაც შეეხო. ახლა, პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში, ყახაზური ნავთობი ექსპორტზე კვლავ ბათუმის საზღვაო პორტის გავლით გავა.

“ყაზახური ნავთობის ქართული სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდვები განახლდა. ბოლოს მსგავსი რამ 2016 წელს ხდებოდა” - განაცხადა ყაზახური OmTV-სთვის გაკეთებულ კომენტარში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რატი დევაძემ.

და უნდა ითქვას, რომ სამომავლოდ მხარეები ტვირთბრუნვის გაზრდას გეგმავენ. კერძოდ, წელს ყაზახეთიდან ბათუმის პორტის გავლით 2 მლნ ტონა ნავთობისა და 600 000 ტონა სხვა ნავთობპროდუქტების, ასევე 2,5 მლნ სხვადასხვა მშრალი ტვირთების გადაზიდვა იგეგმება.

ამასთან, ყაზახური ნავთობი ახალ სახელს იღებს: “ურალსის” ნაცვლად, ამიერიდან იგი KEBCO-დ (ნედლი ნავთობის ყაზახურ საექსპორტო ნარევად) მოიხსენიება. ამ გადარქმევის მიზანი დასავლეთის მიერ სანქცირების თავიდან აცილებაა, - იუწყება “Reuters”.

საქმე იმაშია, რომ ყაზახური ნედლეული რუსეთისას ერეოდა, რის შემდეგაც “შავი ოქრო” ექსპორტზე ევროპაში გადიოდა. ყახაზური ნავთობის დაახლოებით 20% ტრანზიტით რუსული საზღვაო პორტებით იგზავნებოდა, მაგრამ რთულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ აიძულა ყაზახეთი, მეზობელს გამოჰყოფოდა: წინააღმდეგ შემთხვევაში მწარმოებლები რისკავდნენ, დაეკარგათ ბანკის გარანტია, რომ გამსაღებელი საფასურს მიიღებდა.

და მაინც, ყაზახეთში ეჭვობენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლაშიც ეხმარება და ზოგადადაც, პუტინის რეჟიმის ერთგულ მოკავშირედ რჩება.

“საგულისხმოა, რომ კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანის მიერ ფორუმზე დასმულ უხერხულ კითხვას, რომელიც უკრაინის მიმართ რუსეთის ომისადმი დამოკიდებულებას ეხებოდა, ტოკაევმა ფაქტობრივად, თავი აარიდა და აქცენტი გააკეთა სხვადასხვა სეპარატისტული რეგიონების, მათ შორის აფხაზეთის, “სამხრეთ ოსეთის”, ასევე დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების არაღიარებაზე. ყაზახეთის მსგავსი პოზიცია არაღიარების საკითხში მანამდეც იყო ცნობილი და სხვაგვარი ვერც იქნება: ყაზახეთი არასოდეს აღიარებს იმ წარმონაქმნებს, რომლებსაც მსოფლიოში არც ერთი ნორმალური სახელმწიფო არ სცნობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ისიც ზურგშექცეულ ქვეყნად იქცეოდა – ისეთად, როგორიცაა, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა ან სირია. ასე, რომ ტოკაევს ამ მხრივ ახალი არაფერი უთქვამს – მან უკვე მომხდარი ფაქტის, მანამდე არსებული პოზიციის კონსტატაცია მოახდინა. აი, უკრაინის ომთან მიმართებაში კი მას საკუთარი პოზიცია ფაქტობრივად, არ დაუფიქსირებია, ამას თავი აარიდა. ამასთან, იგი ერთადერთი ლიდერი იყო, პუტინის გარდა, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე იყო წარმოდგენილი და ამით, ასე ვთქვათ, ფონი შექმნა. გარდა ამისა, ტოკაევმა დაადასტურა, რომ ყაზახეთი რჩება პუტინის მიერ ჩამოყალიბებულ ბლოკებში - ОДКБ-სა და ЕвразЭС-ში და რომ გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას რუსეთთან. ანუ, პრაქტიკულ სიბრტყეში, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ტოკაევი აპირებს, გააგრძელოს პუტინის თანადგომა” – აცხადებენ ყაზახეთის საექსპერტო წრეებში.

ზოგიერთი ადგილობრივი ანალიტიკოსები კი, მათ შორის აიდოს სადიკოვი აღნიშნავენ, რომ ტოკაევი მხარში უდგას პუტინს სანქციებისთვის გვერდის ავლაში, კერძოდ, “ეხმარება ამაში რუსულ ბანკებს, იფარებს ყაზახეთში გაქცეულ რუს ბიზნესმენებს, რომლებსაც ქვეყანაში თავისი ბიზნესი გადააქვთ სანქციებისთვის გვერდის ასავლელად და სხვა”.

“ასე, რომ საქმით და რეალურად, ტოკაევი სწორედ პუტინს ეხმარება და არა უკრაინასა და მთელს ცივილიზებულ სამყაროს, ხოლო პეტერბურგის ფორუმზე სეპარატისტების შესახებ განცხადება ტოკაევმა ორი მიზნით გააკეთა: 1) როგორც ერთგვარი შირმა პუტინის ამ რეალური მხარდაჭერის შესანიღბად და 2) იმის წარმოსაჩენად, თითქოს ის მოსკოვისგან დამოუკიდებელი პოლიტიკოსი იყოს და სუვერენული ქვეყნის ლიდერი. არადა, მის გარდა, პუტინის ფორუმზე მხოლოდ არაღიარებული წარმონაქმნების რეჟიმების წარმომადგენლები და თალიბები იყვნენ, რომლებიც თავად რუსეთშიც კი დღემდე ტერორისტულ ორგანიზაციად არიან აღიარებული” - დასძენს სადიკოვი.

და ბოლოს: დღეს, 21 ივნისს ყაზახეთის პრეზიდენტ ქასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დოჰას ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ოფიციალური ინფორმაციით, "ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს, აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მზადყოფნა გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები